Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2.5 მილიონს მიაღწია უკრაინიდან ლტოლვილების რიცხვმა


პოლონელი სამხედრო უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება საზღვრის გადაკვეთაში.
პოლონელი სამხედრო უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება საზღვრის გადაკვეთაში.

უკრაინიდან ლტოლვილების რიცხვმა 2.5 მილიონს მიაღწია. ამის შესახებ დღეს, 11 მარტს იუწყება გაეროს უმაღლესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში, ფილიპო გრანდი.

ნახევარზე მეტი, 1.5 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილი პოლონეთმა შეიფარა.

გაეროს უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, დაახლოებით 2 მილიონს შეადგენს უკრაინის შიგნით იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების რიცხვი. როგორც ფილიპო გრანდი წერს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე, უაზრო ომის გამო, მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის, მათ შორის 71 ბავშვის სიცოცხლე.

XS
SM
MD
LG