Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი: 19 აპრილის შეთანხმებას კავშირი არ აქვს ევროკავშირში ინტეგრაციასთან


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის ჩართულობით გაფორმებულ შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირში ინტეგრაციასთან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს. მათ შორის, ის ანულირებულია ოპოზიციის მხრიდან... შეთანხმების რეანიმაცია არ მოხდება, ეს შეუძლებელია. ამ შეთანხმებას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ევროკავშირში ინტეგრაციასთან, ეს გახლდათ პარტიებს შორის შეთანხმება და არა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ევროკავშირთან არსებობს ასოცირების შეთანხმება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

დაახლოებით 1 თვის წინ, როცა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 19 აპრილის შეთანხმების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა სამწუხარო უწოდა შეუსრულებელ ვალდებულებებს.

"19 აპრილის შეთანხმება ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე იმ მომენტში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს ეხებოდა შემდგომში ევრომისწრაფების გაძლიერებას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი იზიარებს. ეს იყო დადებითი სიგნალი საქართველოს სტრატეგიულ არჩევანთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ამაყად ვიდგეთ ევროპის დემოკრატიულ ოჯახში...

მე არ ვიტყვი, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის ერთადერთი გზა საქართველოსთვის, რომ წინ წავიდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით და მისდიოს ევრომისწრაფებებს. ის გვთავაზობს ამის გაკეთების დამაჯერებელ გზას. თუ არა ამ გზით, მაშინ რომელი გზით? - უნდა დავსვათ ეს კითხვა", - თქვა ელჩმა მაშინ.

საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც 2020 წლის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მიიღეს, რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, "შარლ მიშელის შეთანხმების" სახელით ცნობილი დოკუმენტი გააფორმეს და ვალდებულებები აიღეს. ეს შეთანხმება ხელმოწერიდან 100 დღის თავზე დატოვა სახელისუფლებო პარტიამ იმ მიზეზით, რომ მას არ შეუერთდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია.

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2022 წლის 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც, მიმდინარე ომის ფონზე, ანალოგიური გააკეთა უკრაინამ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესაბამის დოკუმენტს ხელი 3 მარტს მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG