ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილაპარაკა ქალაქ მელიტოპოლის მერის ივან ფიოდოროვის გატაცებაზე. პრეზიდენტის შეფასებით, ოკუპანტები ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდნენ - ქალაქ მელიტოპოლის მერი შეიპყრეს. „ისინი ცდილობენ ფიზიკურად გაანადგურონ უკრაინის ადგილობრივი ხელისუფლების ლეგიტიმური წარმომადგენლები“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ის აცხადებს, რომ ოკუპანტებმა უკრაინის მიწაზე მხარდაჭერა ვერ ჰპოვეს.
„წლების განმავლობაში თავს იტყუებდნენ, თითქოს რუსეთს უკრაინაში ელოდნენ. ვერ იპოვნეს კოლაბორაციონისტები, რომლებიც დათმობდნენ ქალაქებს და ძალაუფლებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც ზელენსკი ამბობს, ივან ფიოდოროვი გაბედულად იცავს უკრაინას და მის თემში მცხოვრებ ხალხს. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მელიტოპოლი არ დაემორჩილა ოკუპანტებს, ისევე, როგორც ხერსონი, ბერდიანსკი და სხვა ქალაქები.
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ცხადია, რომ ქალაქის კანონიერად არჩეული მერი ხალხის ნამდვილი წარმომადგენელია.
10 მარტს, შეიარაღებული რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს რეგიონული საბჭოს დეპუტატის, ლეილა იბრაგიმოვას, სახლში შეიჭრნენ და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.