აშშ-მა რუსეთი დაადანაშაულა გაეროს უშიშროების საბჭოში პარასკევს, 11 მარტს გამართული სხდომის გამოყენებაში "ტყუილებისთვის და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის", რაც ნაწილია მოსკოვის მიერ წარმოებული სიყალბის ოპერაციისა უკრაინაში პოტენციურად ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერებების გამოსაყენებლად.
გაეროში აშშ-ის ელჩის, ლინდა ტომარ-გრინფილდის თქმით, საბჭოში რუსეთს სისრულეში მოჰყავს სცენარი, რომელზეც გასულ თვეში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ილაპარაკა - რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "შეთითხნის ბრალდებებს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის შესახებ, რათა გაამართლოს თავისი ძალადობრივი თავდასხმები უკრაინელ ხალხზე". ელჩის თქმით, "ამ ტყუილების მიზანი მკაფიო ჩანს, და ეს ძალიან შემაშფოთებელია ... ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერებები გამოიყენოს მკვლელობებისთვის, როგორც ნაწილი დადგმული, ან სხვისი ყალბად დადანაშაულების ინციდენტისა, ან ტაქტიკური სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად".
რუსეთის მხრიდან ამგვარი ოპერაციის შესაძლებლობის შესახებ გაფრთხილებით აშშ გამოვიდა მოსკოვის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო.
რუსეთმა საბჭოს სხდომის გამართვა მოითხოვა, რათა გამოეთქვა თავისი ბრალდებები აშშ-ის "ბიოლოგიურ ქმედებებზე" უკრაინაში - ბრალდებაზე, რომელსაც მტკიცებულებები არ ამყარებს და რომელსაც ვაშინგტონიც და კიევიც უარყოფენ.
გაეროში რუსეთის ელჩის, ვასილი ნებენზიას თქმით, მისი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს აქვს დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც უკრაინაში მოქმედებს სულ მცირე 30 ბიოლოგიური ლაბორატორია, და "ძალიან საშიშ ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს" ატარებს, მათ შორის პათოგენების გამოყენებით. ნებენზიას თქმით, ამ სამუშაოებს დაფინანსებას და ზედამხედველობას აშშ უწევს.
უკრაინაში მოქმედებს ბიოლოგიური ლაბორატორიების ქსელი, რომელსაც თანხებით და კვლევის პროცესში აშშ ეხმარება, თუმცა ისინი უკრაინის მფლობელობაშია, მათ უკრაინელები მართავენ და მოქმედებენ ფარგლებში ინიციატივისა სახელად ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა. ამ ინიციატივის მიზანია სახიფათო ეპიდემიების საფრთხის შემცირება, იქნება ისინი გამოწვეული ბუნებრივი, თუ ადამიანის მოქმედების მიზეზებით. აშშ-ის ამგვარი ძალისხმევა სათავეს იღებს 1990-იანი წლებიდან, როცა დაიწყო მუშაობა ყოფილი საბჭოთა კავშირის მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამის დასაშლელად.
"ეს ლაბორატორიები არ არის გასაიდუმლოებული" - უთხრა სააგენტო ასოშიეიტედ პრესს ფილიპა ლენცოზმა, ლონდონის სამეფო კოლეჯის წამყვანმა ლექტორმა მეცნიერების და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში. "მათ ბიოიარაღთან კავშირი არ აქვს. ეს ყველაფერი დეზინფორმაციაა".
გაეროში ბრიტანეთის ელჩმა, ბარბარა ვუდვორდმა ბრალდებებს "სრული სისულელე" უწოდა და თქვა - "რუსეთი დღეს კიდევ უფრო დაბალ ზღვარზე დაეცა, მაგრამ საბჭო მას თან არ უნდა ჩაყვეს".
გაეროს განიარაღების პროგრამის ხელმძღვანელმა, იზუმი ნაკამიცუმ საბჭოს უთხრა, რომ მედიაში გავრცელებული ცნობებით იცის რუსეთის ბრალდებების შესახებ, და "გაეროს არ აქვს ინფორმაცია ბიოლოგიური იარაღის რაიმე პროგრამაზე".
დაწერეთ კომენტარი