Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფულის, საკვების, საწვავის ნაკლებობა: უკრაინის ერთი ქალაქის მერი ომით გამოწვეულ ვითარებაზე


რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს, რუსეთის ძალები დაახლოებით 50 კილომენტრით გადაადგილდნენ მანამდე ოკუპირებული უკრაინის ყირიმის რეგიონიდან, ქალაქ ოლეშკისკენ, რომელიც სამხრეთის ქალაქ ხერსონთან მდებარეობს.

ამჟამად რუსები თითქმის წასულები არიან, მაგრამ ქალაქი გამყოფი ხაზის მიღმა დარჩა და მოწყვეტილია კიევის მთავრობას.

ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ომამდე დაახლოებით 24,000 ადამიანს შეადგენდა, უკვე მესამე კვირაა ყოველდღიურ დემონსტრაციებს მართავს ომის წინააღმდეგ.

"ვითარება დასტაბილურდა" - უთხრა ოლეშკის მერმა, იევჰენ რისჩუკმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს სატელეფონო ინტერვიუში 12 მარტს. "პურთან და საკვებთან დაკავშირებული პრობლემები თითქმის გადაიჭრა... რიგები კვლავაც არის, მაგრამ ისინი ნელ-ნელა მოკლდება. წყალი და ელექტროენერგია გვაქვს".

"მაგრამ, ვფიქრობ, მომავალი ათიოდე დღის განმავლობაში წამლებზე შეგვექმნება პრობლემები" - დასძენს ის.

პენსიები რეგულარულად გაიცემა, მაგრამ მხოლოდ მათზე, ვინც საბანკო გადარიცხვებს იღებს - ამბობს რიშჩუკი. ვისაც ნაღდი ფულით სჭირდება პენსიის მიღება ფოსტაში, მათ თანხა არ აუღიათ მას მერე, რაც ქალაქს კიევთან კავშირი გაუწყდა.

"ნაღდი ფული ვერსაიდან ვერ შემოგვაქვს" - ამბობს ქალაქის მერი და დასძენს, რომ ზოგიერთ მოსახლეს უკვე საერთოდ აღარ აქვს საკვების შესაძენი თანხა.

გარკვეული საკვები, მათ შორის კარტოფილი და თევზი, ქალაქში ადმინისტრაციამ შეიტანა, მაგრამ ის ძირითადად საავადმყოფოებს და სხვა სოციალურ სამსახურებს დაურიგდა.

რიშჩუკის თქმით, მისი ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზეც მოხალისეები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და ქალაქის მცხოვრებთ ეხმარებიან საკვების და თავშესაფრის მოძიებაში.

მერის შეფასებით, ქალაქში ბენზინის რაოდენობა კიდევ ხუთი დღის განმავლობაში იქნება საკმარისი.

მოხალისეები ქალაქში ასევე პატრულირებენ.

"პოლიცია, პროკურორები, უსაფრთხოების სამსახური წავიდნენ" - ამბობს რიშჩუკი. საღამოს 8 საათიდან ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს.

"მაროდიორებს მივხედეთ" - ამბობს ქალაქის მერი. "ასეთები პირველ დღეებში გამოჩნდნენ, როცა ქალაქს რეალურად არავინ აკონტროლებდა. მაგრამ ახლა ყველაფერი მოგვარდა. სასწრაფო სამსახურები ფუნქციონირებს, მადლობა ღმერთს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ დღეებში ყველაზე მეტს მუშაობს".

რიშჩუკის ოფისში ფერმერებიც რეკავენ ქალაქის მიმდებარე მიწებიდან და კითხულობენ, თუ შეუძლიათ თავიანთი მიწების თესვისთვის მომზადების დაწყება. მერის თქმით, ეს, შესაძლოა, საწვავის ნაკლებობამ გაართულოს.

მაგრამ ხვნა-თესვის დაწყება ფერმერებს მაინც სურთ. "ყველას ესმის, რომ არავინ იცის ეს ომი რამდენ ხანს გაგრძელდება, ან რა მოხდება, მაგრამ ადამიანებს საკვები ჭირდებათ - დღესაც, ხვალაც, ყოველდღე" - ამბობს ქალაქის მერი.

XS
SM
MD
LG