Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კადიროველებს" არ მოსწონთ "ნელი სპეცოპერაცია" უკრაინაში


ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამბობს, რომ მის მებრძოლებს არ მოსწონთ უკრაინაში მიმდინარე ომის ტემპები.

ამის შესახებ მან 12 მარტს კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში ილაპარაკა.

„გულახდილად რომ გითხრათ, ჩვენს ჯარისკაცებს არ მოსწონთ, რადგან სპეცოპერაცია ნელა მიდის. უმაღლესმა მთავარსარდალმა [პუტინი] ამოცანად დაგვისახა, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ქალაქებს და ადამიანების სიცოცხლეს. ჩვენ ვცდილობთ, გავაკეთოთ ყველაფერი, შესაძლებელიც და შეუძლებელიც, შევასრულოთ მთავარსარდლის ბრძანება...

ისინი [უკრაინელები] თამაშობენ, როგორც კარგი მსახიობები. ოსკარი ეკუთვნით ისეთ ფილმებს იღებენ... ჩვენს მებრძოლებს უნდათ, რომ პირდაპირ შეუტიონ და შუბლი შუბლზე მიადონ მათ, საკუთარი სულის დასამშვიდებლად“, - ასეთი იყო რამზან კადიროვის პასუხი სოლოვიოვის მიერ დასმულ შეკითხვაზე, აკმაყოფილებს თუ არა კადიროვს თავისი მებრძოლების მუშაობა და პროცესის წინსვლა უკრაინაში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 17 დღის განმავლობაში, მსოფლიო მომსწრე გახდა არაერთი ფაქტისა, თუ როგორ დაუნდობლად იქცევა რუსეთის არმია უკრაინაში. ის ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს, არამედ საცხოვრებელ კორპუსებს თუ სამშობიარო სახლებს. დაღუპულთა შორის 70-ზე მეტი ბავშვია. ლტოლვილად იქცა 2 მილიონზე მეტი უკრაინელი.

კადიროვი ამბობს, რომ მისი ჯარისკაცებიდან უკრაინაში წასვლა კიდევ ბევრს უნდა იმის გამო, რომ პირველ რიგში ეროვნებით ჩეჩნებს გაუსწორდნენ და შემდეგ უკვე უკრაინელებს, რომლებსაც, რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, კადიროვიც „ბენდეროვცებად" და "ნაციკებად“ მოიხსენიებს.

„ჩვენთვის ყველაზე მთავარი არიან ჯერ ჩვენი შაითანები (ავსული), რომლებიც გაგვექცნენ, მთელ ევროპაში დარბიან და ლაყბობენ ათასგვარ სისულელეზე... ახლა ისინი უკრაინაში იკრიბებიან. ყველას ვერ მივწვდით გასანადგურებლად. ახლა ეს კარგი შანსია, ფესვებიანად ამოსაძირკვად“, - თქვა კადიროვმა.

ამ ეტაპისთვის, სხვადასხვა წყაროს დაუზუსტებელი ინფორმაციით, უკრაინაში ჩეჩნეთის არმიის 5-10 ათასი მებრძოლი იმყოფება. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, ალექსი არისტოვიჩმა, „ФейгинLIVE“-ის გადაცემაში 12 მარტს განაცხადა, რომ „კადიროველები“ „ეთნიკურ რუსებზე“ უკეთესად იქცევიან.

„ეთნიკური რუსები პირდაპირ ხვრეტენ ადამიანებს, პირდაპირ ძალადობენ, ძარცვავენ... კადიროველები უფრო უკეთესად იქცევიან, გაცილებით უფრო თავშეკავებულად. არ ვიცი, მათ ამის უფლებას ალბათ უფრო რელიგია არ აძლევს... ალბათ არის რაღაც სხვა წარმოდგენები ღირსებაზე, მოქცევის წესებზე, ეთიკურობაზე... ანდა ჯერ მათთვის არ მიუციათ დავალება“, - ამბობს არისტოვიჩი.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული მისი სიტყვებით, „რუსეთის ФСБ ჩუმად აწვდის უკრაინულ მხარეს ცნობებს, თუ სად არიან განლაგებული, ასე ვთქვათ, ჩრდილოეთ კავკასიის ძალოვანი შენაერთები“. არისტოვიჩი ფიქრობს, რომ რუსეთის ხელისუფლება იყენებს შესაძლებლობას „კადიროველების“ გასანადგურებლად.

ჩეჩნების ნაწილი უკრაინაში ჩავიდა კრემლის წინააღმდეგ საბრძოლველად. ისინი ამას აღიქვამენ შურისძიებად ორი სისხლისმღვრელი ომისთვის, რომელიც პუტინმა მათ გაუჩაღა.

1 მარტს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ოლეკსი დანილოვმა განაცხადა, რომ გოსტომელში გაანადგურეს ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების „ელიტური“ დაჯგუფების ერთი ნაწილი, რომელსაც პრეზიდენტ ზელენსკის ლიკვიდაციის ამოცანა ჰქონდა. 1 მარტს კადიროვმა აღიარა დანაკარგი - ორი მოკლული და 6 დაჭრილი.

რუსეთის არმია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მას ამ დრომდე დაკავებული აქვს მხოლოდ ერთი ქალაქი (ხერსონი), რაც პროკრემლისტი ანალიტიკოსების უკმაყოფილებას იწვევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG