Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღდგენილია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ენერგომომარაგება


ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ჩერნობილის ატომურ სადგურს, რომელიც რუსი სამხედროების მიერაა ოკუპირებული. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოს განცხადებით, ენერგომომარაგება აღდგენილია უკრაინელი სპეციალისტების დაუჯერებელი ძალისხმევის წყალობით.

მინისტრი ფეისბუკზე წერს, რომ უკრაინელმა ენერგეტიკოსებმა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად განმუხტეს შესაძლო ბირთვული კატასტროფის საფრთხე, რომელიც მთელ ევროპას ემუქრებოდა. გალუშჩენკოს ინფორმაციით, ენერგომომარაგების აღდგენის შემდეგ, ისევ საშტატო რეჟიმით იმუშავებს რადიოაქტიური ნარჩენების გაგრილების სისტემა.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ევროკომისიას, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, გაეროს და ეუთოს მიმართა, უკრაინას დაეხმარონ ატომური ობიექტების დაცვაში, რუსეთი აიძულონ, დატოვოს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია და უკრაინის ატომური ენერგეტიკის ობიექტების გარშემო შეიქმნას 30-კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონები.

9 მარტს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსი სამხედროების სარაკეტო იერიშის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რაიონში, სადგური ენერგომომარაგების გარეშე დარჩა და საბრძოლო მოქმედებების გამო შეუძლებელია სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ენერგომომარაგების აღდგენა. ელექტროენერგიის შეწყვეტამ, რომლის გამოც დროებითი გენერატორები ჩაირთო, საფრთხე შეუქმნა 20 ტონამდე რადიოაქტიურ ნარჩენებს. მათი მუდმივად გაგრილება აუცილებელია რადიაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.

12 მარტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. იმავე დღეს რუსეთის ატომურმა სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ ენერგომომარაგების აღდგენის პროცესში რუსი სპეციალისტებიც მონაწილეობენ, ჩერნობილის და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებს კი, უკრაინელი თანამშრომლები მართავენ.

1986 წლის კატასტროფის შემდეგ დაკონსერვებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს. სადგურზე რჩება უკრაინული პერსონალი.

3 მარტს, ღამით, რუსი სამხედროების მიერ დაიცხრილა უკრაინის კიდევ ერთი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. ერთ-ერთ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინელმა მაშველებმა ხანძარი 4 მარტს, გამთენიისას ჩააქრეს. იმავე დღეს უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციამ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში რადიაციული ფონი არ შეცვლილა.

უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც რუსეთი საომარ მოქმედებებს აწარმოებს, 15 ატომური ენერგობლოკია.

XS
SM
MD
LG