Accessibility links

site logo site logo

ირაკლი კობახიძე: თუ პრეზიდენტმა საერთაშორისო ვიზიტები მთავრობის უნებართვოდ განახორციელა, „კონსტიტუციის დარღვევა გამოდის"


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან საუბარში მოკლე კომენტარით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ხელისუფლებას უსაყვედურა და თქვა, რომ უარი მიიღო პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე, თუმცა საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და არაოფიციალურ ფორმატში ვიზიტები მაინც განახორციელა.

„ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია და მაგაში გავერკვევი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, რადიო თავისუფლებამ კითხვით საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედების ფონზე, მას საჭიროდ მიაჩნდა საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს საკითხის განხილვა, თუმცა, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უარი მიიღო პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე.

დღეს. 14 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენება წარუდგინა.

მოხსენებას ესწრებოდნენ პარლამენტის დეპუტატები, მთავრობის წევრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები, დიპლომატები, რომელთა მოწვევაც, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს, ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს. პარლამენტში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სასულიერო პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG