Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: უარი მეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედების ფონზე, მას საჭიროდ მიაჩნდა საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს საკითხის განხილვა, თუმცა, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, საქართველოს მთავრობის მხრიდან უარი მიიღო პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, სადაც ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

ამ ურთულეს პერიოდში, დღეს მაინც გავახილოთ თვალი და შევიგნოთ, თუ რა ხდება ჩვენს თავს. ყველა ერთად აზრზე მოვიდეთ, ჩავდგეთ ამ ახალ კალაპოტში და ქვეყანას ვაჩვენოთ გეზი და გზა!... ამ დროს გაუგებარია, როცა საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები. 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით, გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია. შეზღუდვების დრო კი არა, პირიქით, ვისაც რა შეგვიძლია საერთაშორისო დონეზე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულნი, მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს პარტნიორებს! მე კი მგონია, რომ ჩემი ორმოცწლიანი გამოცდილება დიპლომატიისა და სტრატეგიულ საკითხებში და ამ პერიოდში შეძენილი პირადი კონტაქტები ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად გამოსაყენებელია, ვიდრე დასაკარგი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან აქვე ახსენა პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საშუალება არ მიეცა ანგარიში 5 მარტს წარედგინა და ასევე არ გაითვალისწინეს მისი მოთხოვნა უსაფრთხოების საბჭოს მოწვევასთან დაკავშირებით.

ორი კვირის წინ, ხელი მოვაწერე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას, რომელსაც უკრაინის საკითხი უნდა განეხილა. ამიტომ მოვითხოვე უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში ჩატარება.

ამიტომ მივმართე პარლამენტს, რათა ჩემი ევროპიდან დაბრუნებისთანავე, 5 მარტს დაენიშნა ჩემი გამოსვლა. არცერთი მოწოდება გაზიარებული არ იქნა, არ ჩანიშნულა არც რიგგარეშე სხდომა, არც გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, დაბოლოს, წლიური გამოსვლისათვის მოთხოვნილი თარიღიც არ იქნა დაკმაყოფილებული“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

კიდევ ერთი საყვედური სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც, მისი სიტყვებით, შეიქმნა მისი რუსთაველის გამზირზე გაკეთებული ვიდეომიმართვის გამო. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ფარგლებში განცხადების გაკეთება თავად მოითხოვა.

ამიტომ აბსურდია, სხვა რომ არა ვთქვა რა, როცა პრეზიდენტს ბრალს სდებ საზოგადოების დაყოფაში მაშინ, როცა ის რუსთაველზე გამოჩნდა იმისათვის და იმის გამო, რომ სრულიად საქართველო წარმოედგინა! წარმოედგინა ყველა, ვინც პოლიტიკური პლაკატების გამო არ მივიდა და ვინც უბრალოდ ვერ მივიდა. ამავდროულად, პრეზიდენტი რუსთაველზე მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის მასპინძლად წარდგა, როგორც ამას ქართული ზრდილობა მოითხოვს! ეს დაყოფა კი არაა, ეს ეროვნული თანხმობის პირველი გამოხატულებაა! ვისაც ეს არ ესმის, ერის ხმაც არ ესმის! პოლიტიკოსებმა თუ ვერა, საზოგადოებამ ეს ყველაფერი მშვენივრად გაიგო.

და დროა ყველამ გაიგოს, რომ პრეზიდენტი არც ერთი პოლიტიკური ძალის კუთვნილება არაა და არც მეორეს კუთვნილება გახდება. ის ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ინაუგურაციაზე დადებულ პირობას: „კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი“ , - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს განმარტავს, ვკითხულობთ, რომ

პრეზიდენტი "მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს."

პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი.

მოხსენებას ესწრებიან პარლამენტის დეპუტატები, მთავრობის წევრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები, დიპლომატები, რომელთა მოწვევაც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს. პარლამენტშია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პარლამენტში იმყოფებიან ასევე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სასულიერო პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG