Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ უკრაინაში მებრძოლ ჩეჩენ მეთაურთან, რომლის მოკვლაზეც კადიროვმა ჯილდო დააწესა


მუსლიმ ჩებერლოევსკი
მუსლიმ ჩებერლოევსკი

სანამ რუსული პროპაგანდა ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვსა და მის ჯარისკაცებს წარმოაჩენს, როგორც დაუმარცხებელ, ელიტურ რაზმს, უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის მოხალისეთა ორ ბატალიონში გაერთიანებული რამდენიმე ათეული ჩეჩენი.

მუსლიმ ჩებერლოევსკი, შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონის მეთაური რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბრობს პუტინის, კადიროვისა და რუსული პროპაგანდის შესახებ.

სად ხართ ახლა და რა სიტუაციაა უკრაინაში?

ჩვენ ვართ კიევთან. ამ წუთას დაძაბული ვითარებაა. კიევის ირგვლივ ისვრიან რუსი ოკუპანტები.

ასე ვთქვათ, არტილერიის დუელია. პირდაპირი შეტაკებები არის ხოლმე, მაგრამ მუდმივი ხასიათი არ აქვს. რაღაც წერტილში გაარღვევენ, შემდეგ უკან იხევენ.

ამ წუთას დედაქალაქი კარგადაა დაცული. ვფიქრობ, ძალიან მალე დავიწყებთ კონტრშეტევას.

როდის და რა მიზნით შეიქმნა შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონი?

ჩვენ რუსეთს ვებრძვით, შეიძლება ითქვას, 1991 წლიდან. ისტორიულად კი, უკვე 400 წელია ვიბრძვით ჩეჩნეთისა და კავკასიის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.

ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ, ადგილზე ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა არ დაგვრჩა, თუმცა ჩვენი ხალხი ამ დრომდე იქ არის და პარტიზანულად მოქმედებენ.

2014 წელს, როდესაც ჩვენ აქ [დონბასში] ჩამოვედით, ომის დაწყების დროს, შევქმენით ჯოხარ დუდაევის [ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის] სახელობის ბატალიონი. როდესაც ხალხი დაგვემატა, შევქმენით მეორე ბატალიონიც, შეიხ მანსურის [რუსების წინააღმდეგ მებრძოლი ჩეჩნეთის ისტორიული ლიდერი]. ერთი ბატალიონი ლუგანსკის ოლქისკენ დაიძრა, ჩვენ - დონეცკისკენ, მარიუპოლში. იქ ვმოქმედებდით უკრაინის თავდაცვის ძალებთან კოორდინაციაში.

ვინ არის გაერთიანებული თქვენს ბატალიონში?

ბატალიონს როდესაც ვქმნიდით, პირველი გამოხმაურებები მივიღეთ მხოლოდ ჩეჩნებისგან. ამიტომაც დავარქვით ბატალიონს „ჩეჩნური“. თუმცა შემდეგ დაიწყეს შემოერთება სხვა კავკასიელებმა. ჩვენს რიგებში არიან ყაბარდოელები, ბალყარელები, ყარაჩაელები, ჩერქეზები, აზერბაიჯანელები. ამ წუთას, ჩვენ შორის არის ორი ქართველი.

ბევრს უნდა შემოერთება, მაგრამ ჩვენ ყველას არ ვიღებთ. ჩვენი ხალხის დახმარებით ვამოწმებთ, რამდენად სანდოა პირი, რომელსაც ბატალიონის წევრობა სურს.

რა სტატუსი აქვს ბატალიონს?

2014 წელს, როდესაც ჩამოვედით, ვთქვით, რომ ვართ მოხალისეთა ბატალიონი. ვთავაზობდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანებას, გვთავაზობდნენ აგვერჩია დანაყოფი და დაგვედო კონტრაქტები.

ჩვენ ფულის გამო არ ჩავსულვართ უკრაინაში. არც წოდებებისა თუ პრივილეგიებისთვის. ჩვენი მიზანი სხვა იყო. რა თქმა უნდა, რთული იყო, რადგან სახელმწიფო არაფერში გვეხმარებოდა, რადგან უსტატუსოდ ვიყავით, მაგრამ ჩვენთვის ეს [მოხალისეობა] პრინციპული საკითხია.

რუსული პროპაგანდა იმ დროს უკვე ამტკიცებდა, თითქოს ჩვენ დაქირავებული მებრძოლები ვართ და უზარმაზარ თანხას გვიხდიან, რომ ფულის გამო ვკლავთ ადამიანებს. თითქოს ამერიკა, ვაშინგტონი გვაძლევს იარაღს. სინამდვილეში ჩვენი დიასპორა გვეხმარება.

დღესაც ვრჩებით მოხალისეთა სტატუსით, თუმცა ყველა ქმედებას ვათანხმებთ ოფიციალურ არმიასთან, სპეციალურ სტრუქტურებთან. სულ იმას ვამბობთ, რომ არ ჩამოვსულვართ თვითნებობისთვის.

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი მუდმივად მიმართავს პუტინს, ზელენსკის და მათ შორის, თქვენ. მან დააწესა ფულადი ჯილდო თქვენი მკვლელობისთვის. თუ გსმენიათ ამის შესახებ?

ჩვენი მტერი არის პუტინი და მისი გარემოცვა. პუტინის მიმდევრები, როგორც არ უნდა უწოდებდნენ საკუთარ თავს ისინი - კადიროვი, თუ კადიროველები, ვასია თუ პეწია - პუტინის ჯარისკაცები არიან. საკუთარი სამშობლოს, ხალხის, ისტორიის, რწმენის გამყიდველ ხალხთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს.

ჩვენ, თავისუფალი ჩეჩნები, ვიბრძვით საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, თავისუფალი იჩქერიის დროშის ქვეშ.

პუტინი სანამ ამ ავანტიურას გეგმავდა, გაცილებით ადრე კვებავდა ამ ე.წ. კადიროველებს. მთელი რუსეთის ტერიტორიაზე ყველაფრის უფლებას აძლევდა. რა თქმა უნდა, უფასო კვება და წვრთნა არ არსებობს. ის ამზადებდა მათ ასეთი ოპერაციისთვის.

წლების განმავლობაში, [კადიროვის ხალხი] მთელ რუსეთში, მინისტრებს, ჩინოვნიკებს, ბლოგერებს დევნიდნენ, იჭერდნენ და ბოდიშს ახდევინებდნენ. თითქოს ისინი დაუმარცხებელნი და უკვდავები არიან. აი, ისინი მოდიან და ყველა უნდა გაიქცეს და გზა დაუთმოს მათ.

როგორც დღევანდელი გარემოებები აჩვენებს, ეს გეგმა ჩაეშალათ და არ იციან, რა ქნან. ახლა დახმარებას სთხოვენ [ბაშარ ალ] ასადს [სირიის დიქტატორს], [ალექსანდრ] ლუკაშენკას [ბელარუსის დიქტატორს], ჩინელებს.

თქვენი ბატალიონი თუ შეჯახებია კადიროველებს?

არა, რადგან ისინი წინ არ მოდიან. როცა რუსები აიღებენ გარკვეულ მონაკვეთს, მერე კადიროველები წამოეწევიან, იქვე გამაგრდებიან და იღებენ ვიდეოებს - აქ ვართ და გეძებთო. არადა, წინ თუ წამოვლენ, შეგვხვდებიან. რუსებს ხომ ვხვდებით?!

კადიროვი აცხადებს, რომ 70 ათასი ადამიანი ჰყავს, რომელიც მზადაა ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჩავიდეს.

70 ათასი ადამიანი შეიძლება შეკრიბა - პოლიციელები, მეხანძრეები, დაცვის თანამშრომლები. კარგი, მას ხომ ჰყავს 70 ათასი?! მე მყავს, დაახლოებით 70, რომლებთან ერთადაც მზად ვარ შევერკინო მათ.

მაგრამ ის სახლიდან კი არ უნდა მეთაურობდეს თავის არმიას, არამედ წინ უნდა მიუძღვებოდეს მათ.

რუსული მხარე ბევრს არ საუბრობს საკუთარი დანაკარგების შესახებ.

მათი ცხედრები საბრძოლო ველზე ყრია. ცხედრებიც კი არ მიაქვთ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათი დანაკარგები საკმაოდ ბევრია.

საერთო ჯამში, უკრაინის ომი რამდენად ჰგავს ჩეჩნეთის ომს?

ომი ომია. ყველგან კლავენ ადამიანებს, ანგრევენ სახლებს, ყველაფერს, რაც ადამიანს აუშენებია. იტანჯებიან არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ცხოველებიც, მცენარეებიც.

ჩეჩნეთთან შედარებით, აქ ჯერჯერობით მსუბუქად მიდის ყველაფერი. პატარა ჩეჩნეთს ძალიან მძიმედ ბომბავდნენ დღე და ღამე. აქ [კიევის არეალში] წერტილოვანი დარტყმები მიაქვთ, ძირითადად, საწყობებზე. აეროდრომები დაბომბეს. მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი ჯერ წინაა.

რას ეტყოდით ჩეჩნებსა და კავკასიის სხვა ხალხებს?

ინშალა [ღვთის ნებით], ძალიან ახლოსაა დრო, როდესაც მთელი კავკასია გათავისუფლდება და იცხოვრებს დამოუკიდებლად. თითოეული ადამიანი კავკასიაში იქნება საკუთარი თავის, სახლის და მიწის მეპატრონე.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG