Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში Instagram-ი დაიბლოკა "მოქალაქეთა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად"


14 მარტიდან რუსეთის მთელს ტერიტორიაზე შეწყდა Instagram-ზე წვდომა. როგორც პროექტი GlobalCheck-ი იუწყება, Instagram-ი დაბლოკილია ყველა პროვაიდერთან, სოცქსელზე წვდომა შეიძლება მხოლოდ VPN-ის ან ბლოკისთვის გვერდის ავლის სხვა ინსტრუმენტების მეშვეობით.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ 11 მარტს მოითხოვა Instagram-ზე წვდომის დაბლოკვა. „როსკომნადზორმა“ განაცხადა, რომ წვდომა იზღუდება „რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდებების გავრცელების გამო“, ასევე იმ მიზნით, რომ „უზრუნველყოფილ იქნეს მოქალაქეთა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა“. „როსკომნადზორმა“ Instagram-ი აკრძალული ინფორმაციის რეესტრში შეიტანა. რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებენ, გამოიყენონ რუსული სოცქსელები VKantakte და Odnoklassniki.

მანამდე რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა გამოვიდა მოწოდებით, Meta - სოცქსელების Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის დედობილი კომპანია - ექსტრემისტულ ორგანიზაციად იქნეს ცნობილი. Facebook-ი უფრო ადრე დაიბლოკა, WhatsApp-ი კი ჯერჯერობით არ არის დაბლოკილი. რუსეთის ხელისუფლების თქმით, ეს კავშირის საშუალებაა და არა სოცქსელი.

Meta-ს წინააღმდეგ სარჩელისა და Instagram-ის დაბლოკვის მიზეზი გახდა მასალების მოდერაციის წესებში ცვლილებები: Meta-მ უკრაინელ მომხმარებლებს უფლება მისცა, გამოიყენონ წყევლა და ზოგადად რუსეთის სამხედროების და არა კერძო პირების მიმართ ძალადობისკენ მოწოდებების შემცველი კომენტარები. კომპანიაში აღნიშნეს, რომ არ შეეგუებიან რუსოფობიას და რუსეთის მოქალაქეების ნებისმიერ დისკრიმინაციას. ასევე დააზუსტეს, რომ ახალი წესები დროებითია და ისინი მხოლოდ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრას ეხება და მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე ვრცელდება. მიუხედავად ამისა, კრემლის მხარდამჭერმა რუსულმა მედიამ Meta-ს წინააღმდეგ კამპანია დაიწყო „რუსოფობიის“ ბრალდებით.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა რუსეთისა და უცხოეთის მთელი რიგი მედიასაშუალებების, მათ შორის რადიო თავისუფლებისა და მისი პროექტების, ვებსაიტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG