რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, არ ფლობს ინფორმაციას ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ.
„ის [კადიროვი] პირდაპირ არც ირწმუნებოდა, რომ უკრაინაში იმყოფებოდა. არავითარი პირდაპირი მტკიცებულება არ ყოფილა. ამიტომ გთხოვთ, დაუკავშირდეთ რესპუბლიკის მეთაურის ადმინისტრაციას ჩეჩნეთში“, - განუცხადა,„ინტერფაქსის“ ცნობით, პესკოვმა ჟურნალისტებს დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
კითხვაზე, შეთანხმებული იყო თუ არა კრემლთან კადიროვის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია მისი უკრაინაში ყოფნის თაობაზე და შეიძლება ითქვას თუ არა, რომ კრემლს არ აქვს ცნობები კადიროვის უკრაინაში ყოფნის შესახებ, პესკოვმა თქვა, რომ „არა. ასეთი მონაცემები არ არსებობს“ .
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ირწმუნება, რომ ამ დღეებში კიევიდან დაახლოებით 20 კილომეტრში, გოსტომელში იმყოფებოდა, ახლა კი, კიევთან კიდევ უფრო ახლოსაა.
ჩეჩნეთის მეთაური უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს, რომ დიდი დრო აღარ დარჩა და დანებებას ურჩევს. კადიროვის მტკიცებით, კიევში ერთი მხრიდან თავად შედის, ხოლო მეორე მხრიდან შედიან „ძველი გამოცდილი მებრძოლები", რომლებსაც ხელმძღვანელობს მისი „ძვირფასი ძმა ადამ დელიმხანოვი“. კადიროვის უახლოესი თანამოაზრე დელიმხანოვი რუსეთის დუმის დეპუტატია.
ინფორმაცია, რომ კადიროვი უკრაინაშია, 13 მარტს გაავრცელა გროზნოს ტელევიზიამ. ერთი დღით ადრე, 12 მარტს, კადიროვმა განაცხადა, რომ მის მებრძოლებს არ მოსწონთ უკრაინაში მიმდინარე ომის ტემპი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ინფორმაციით, ცნობები უკრაინაში კადიროვის ყოფნის შესახებ მოწმდება და თუ ის მართლაც კიევის მახლობლადაა, უკრაინის შეიარაღებული ძალები გაანადგურებენ. არესტოვიჩის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ ერთი დღით ადრე კადიროვი გროზნოში ნახეს.
უკრაინის ხელისუფლებას დიდი ხანია დადასტურებული აქვს, რომ კიევის მახლობლად იმყოფებიან ჩეჩნეთის ეროვნული გვარდიის დანაყოფები. 1 მარტს უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ გოსტომელში გაანადგურეს ჩეჩნეთის „ელიტური“ დაჯგუფების ერთი ნაწილი, რომელსაც პრეზიდენტ ზელენსკის ლიკვიდაციის ამოცანა ჰქონდა. 1 მარტს კადიროვმა აღიარა დანაკარგი - 2 მოკლული და 6 დაჭრილი.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა რაოდენობა 4.5 მილიონს აჭარბებს.
უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს. დასავლეთი უკრაინას უწევს სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.
დაწერეთ კომენტარი