საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ის პოლონეთისა და უნგრეთის პრეზიდენტებთან ერთად გეგმავდა კიევში ჩასვლას.
„კატეგორიულად უარვყოფთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაძაბვისთვის გავრცელებულ ამ ინფორმაციას! და მოვითხოვთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის საზოგადოებას მოუხადოს ბოდიში!" - ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.
14 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მიმდინარე წლის 26 თებერვალს, წერილობითი უარი მიიღო მთავრობისგან პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. თუმცა, საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა და ასე გაემგზავრა საზღვარგარეთ.
სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნია. 15 მარტს მმართველი პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.
„ქართულმა ოცნებამ“ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციასა და პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს.
პოლიტსაბჭოს განცხადებით, „აშკარაა, რომ მისი [პრეზიდენტის] სურვილია იმოქმედოს კონსტიტუციის მიღმა“.
დაწერეთ კომენტარი