Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორნელი კაკაჩია: ორ სკამზე ჯდომის საშუალება, სამწუხაროდ, არ არსებობს


კორნელი კაკაჩია
კორნელი კაკაჩია

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ მას საქართველოში არ ეგულება ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია, რომ კონფლიქტში შევიდეს რუსეთთან, თუმცა საჭიროა ხელისუფლება მისდევდეს იმ ოფიციალურად დეკლარირებულ პროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც, მათ შორის, ასახულია კონსტიტუციაში. გადაცემაში „დილის საუბრები“ კორნელი კაკაჩიამ თქვა, რომ „ორ სკამზე ჯდომის საშუალება, სამწუხაროდ, არ არსებობს“ და ჩვენს რეგიონში ამის კარგი მაგალითია სომხეთი:

„გვახსოვს ეგრეთ წოდებული კომპლიმენტარიზმის პოლიტიკას როგორ ატარებდა სომხეთი და ხან ევროკავშირში უნდოდა გაწევრიანება და ხან ევრაზიულ კავშირში და ბოლოს როგორ დამთავრდა - მისი პრეზიდენტი დაიბარა კრემლში პუტინმა და პირდაპირ, ერთი დღის განმავლობაში შეაცვლევინა საგარეო პოლიტიკური კურსი. ანუ სამწუხაროდ ჩვენ რეალობა გვაქვს ესეთი“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ, რომელმაც გადაცემაში მოიყვანა კიდევ ერთი, ამჯერად მოლდოვის მაგალითი, როგორ იქცევა იგი უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი ვითარების ფონზე:

„რატომ არავინ არ აკრიტიკებს მოლდოვას? მოლდოვა ატარებს იგივე საგარეო პოლიტიკას მეტ-ნაკლებად [რასაც საქართველო], სანქციებს არ შეუერთდა, ბევრი მსგავსებაა, მაგრამ მოლდოვასთან დაკავშირებით საერთოდ არ არის შეკითხვა ჩვენს პარტნიორებში. ეს განპირობებულია პირველი იმითი, რომ მოლდოვას აქვს მკაფიო გზავნილები საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მკაფიო პოლიტიკა იგივე უკრაინასთან მიმართებაში, მათ მიიღეს ათასობით დევნილი და ლტოლვილი. იგივე საქართველოს ხელისუფლებას ვინ დაუშალა, მაგალითად, რომ გარკვეული კვოტები შემოიღოს, თან ეს ხალხი ისედაც შემოდის. უამრავი სხვა მაგალითი შეიძლება ალტერნატიული, რომელშიც შეიძლება ჩანდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის სოლიდარული და კითხვები არ უნდა არსებობდეს ამასთან დაკავშირებით და ეს მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ. მისი თქმით, საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს, გარდა იმისა, რომ პარტნიორებთან კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოს, საქართვლოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები კი ილუზიებს უჩენს მტრებსაც, რომ რაღაც მათ სასარგებლოდ იცვლება:

"თუ ჩვენ გავაცივებთ ურთიერთობას ჩვენს პარტნიორებთან, მაშინ ვინ დაიცავს ქვეყანას? ჩვენ ხომ არ ვართ ისეთი თვითკმარი სახელმწიფო, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ, ვთქვათ, უზარმაზარ იმპერიას?! აქედან გამომდინარე, არ მესმის, როგორ შეიძლება ის, რომ რაღაცნაირად თან ურთიერთობებს ვაფუჭებთ ჩვენს მეგობრებთან და ჩვენს მტრებს კიდევ ექმნებათ რაღაც ისეთი ილუზიები, რომ საქართველოში რაღაცა იცვლება მათ სასარგებლოდ და მერე ვეგებით რაღაც პროვოკაციებს, რომლებიც მათი მხრიდან არის. მაგალითად, იმ ინიციატივებთან დაკავშირებით, როგორიცაა რძის პროდუქტების შეტანა... ამას ემატება ძალიან გაუაზრებელი განცხადებები მაღალი თანამდებობის პირების, რომლებიც აჩენს კითხვის ნიშნებს ამ თემასთან დაკავშირებით“, - თქვა კორნელი კაკაჩიამ „დილის საუბრებში“.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG