Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის საზოგადოების ნაწილი შეშფოთებულია რეგიონიდან სამხედრო ძალების გაყვანით


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებნი, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში გაემგზავრნენ.

რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ცნობით, სოციალური ქსელებით ვრცელდება კადრები, რომელთა თანახმად, სამხედრო ტექნიკა ტოვებს ცხინვალს და შემდეგ მთლიანად რეგიონს როკის გვირაბის გავლით.

უკრაინაში საომრად ადგილობრივ მცხოვრებთა გამგზავრებას ადასტურებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი. „ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა ბოლო მოუღონ ნაცისტებს, რომლებიც საკუთარ ხალხს ატერორებენ... მიდიან, რათა შური იძიონ ჩვენი ძმების გამო“, - წერს კოკოითი ტელეგრამ-არხზე.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე პირების უკრაინაში გაგზავნის გამო, სოციალური ქსელების მომხმარებლები აკრიტიკებენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს. თავის დროზე, სწორედ მისი გადაწყვეტილებით შემცირდა ადგილობრივი „არმიის“ რიცხოვნობა და სამხედროთა ნაწილი კონტრაქტით დასაქმდა რუსეთის მე-4 ბაზაზე. ამასთან, ბიბილოვი აცხადებდა, რომ ეს კონტინგენტი „სამხრეთ ოსეთში“ რუსული ბაზის ტერიტორიაზე დარჩებოდა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში განთავსებული მე-4 სამხედრო ბაზიდან შეიარაღებული ძალების გაყვანამდე, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და ძალოვანი უწყებების მინისტრებს, საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაცვის და დე ფაქტო ძალოვანი უწყებების მობილიზება დაავალა. ბიბილოვის აზრით, ნატო-საქართველოს დაგეგმილი სწავლებები საფრთხეს უქმნის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოებას და ძალოვნები მუდამ ფხიზლად უნდა იყვნენ.

ლია ჩლაჩიძე ერგნეთის მცხოვრებია, მან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაბომბილი სახლის სარდაფში ოკუპაციის მუზეუმი შექმნა, ჩლაჩიძე ყურადღებით აკვირდება ცხინვალში მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, ადგილობრივი საზოგადოება შეშფოთებულია, ეს შეშფოთება კი მას შემდეგ უფრო გაიზარდა, რაც უკრაინიდან ცხინვალის მცხოვრების ანდრეი ბაკაევის ცხედარი ჩამოასვენეს. დე ფაქტო საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სერჟანტი ბაკაევი რუსეთის 58-ე არმიაში მსახურობდა და უკრაინაში ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა. ლია ჩლაჩიძე აცხადებს, რომ ცხინვალის საზოგადოების ნაწილი, ოკუპირებული რეგიონიდან შეიარაღებული ძალების უკრაინისკენ გადასროლის გამო, დე ფაქტო პრეზიდენტს აკისრებს პასუხისმგებლობას, რადგან, მათი აზრით, ცხინვალი მთლიანად დაუცველი დარჩა.

სამხედრო ტექნიკის და პირადი შემადგენლობის ოკუპირებული რეგიონიდან გაყვანა მოულოდნელი არ ყოფილა კონფლიქტოლოგ ზაზა ცოტნიაშვილისთვის. მისი თქმით, რეგიონში დაწყებული სატანკო და საარტილერიო დანაყოფების სწავლებები, ამ ბატალიონების უკრაინის ომში გადასროლის წინაპირობა იყო.

სოციალურ ქსელებში არ წყდება დისკუსია, საოკუპაციო მე-4 ბაზის ტექნიკის და ჯარისკაცების უკრაინისკენ გადასროლის შესახებ. 2017 წელს რუსეთთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, დე ფაქტო ხელისუფლებამ ფაქტობრივად გააუქმა საკუთარი შეიარაღებული ძალები და ოსური ბატალიონი მე-4 ბაზის შემადგენლობაში შევიდა. მაშინ ბიბილოვი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ეს დანაყოფი დე ფაქტო რესპუბლიკის დასაცავად ყოველთვის ადგილზე იქნებოდა, ახლა კი ბაზაზე მომსახურე პირადი შემადგენლობა უკრაინისკენ მიდის. ერთ-ერთ ჯავშანმანქანას, რომელიც გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, თეთრი ასოებით აწერია ერ სეო, რაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ნიშნავს, გარდა ამისა, ტანკებზე რუსეთის დროშების გარდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშებიცაა დამაგრებული. სოციალური ქსელების ცხინვალელი მომხმარებლები ირწმუნებიან, რომ რუსული ტექნიკის გარდა, ცხინვალისთვის განკუთვნილი სამხედრო ტექნიკაც გაიყვანეს როკის გვირაბის გავლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG