Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ


17 მარტის სხდომაზე, საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმის განხილვისას სასამართლოში, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა სიტყვის თქმის უფლება და უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე ისაუბრა. სააკაშვილმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ოპოზიციის შეცდომებზე საუბრისთვის.

„საუბარი იყო იმაზე, რომ თურმე უცხოეთში არ შეიძლება ჩვენს პრობლემებზე საუბარი, რომ საჭიროა სიფრთხილე. გუშინწინ ვუსმენდი პარლამენტის სხდომას, სალომე ზურაბიშვილი გამოდიოდა და გამახსენდა ილია ჭავჭავაძე. ბოდიში, თუ რამე სიტყვა შემეშალა, აქ აღარ მაქვს "გუგლი": „ჩემზე ამბობენ, რომ სიავეს ქართლისას ამბობს, ჩვენს ცუდს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია. ბრიყვნი ამბობენ, წრფელი გული მაშინვე სცნობს, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია“.

ილია ჭავჭავაძემ უპასუხა სალომე ზურაბიშვილს და ყველა იმას, ვინც ამბობს, რომ საქართველო არ უნდა საუბრობდეს თურმე თავის გაჭირვებაზე", -
თქვა მიხეილ სააკაშვილმა და გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგაც დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა.


"მე მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს, აქ მე მასამართლებენ იმისთვის, თუ რატომ გადმოვკვეთე საზღვარი. მას ედავებიან, რატომ გადაკვეთა საზღვარი. თუ კიდევ ერთი ორი ასეთი წასცდა, რამდენადაც ვიცი, სასახლისთვის ირანული ჭაღები იყიდა, ერთი მუხლი ეს აქვს მირტყმული 11 წლამდე და მეორე მუხლი აქვს ის, რომ პოლიციელის მკვლელი შეიწყალა. ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ, ვასწავლი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი", - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადების ფონია მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების გამო.

სალომე ზურაბიშვილმა 14 მარტს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობამ მას ევროპაში, რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტები გაუუქმა, რის გამოც მოუწია, რომ ოფიციალური ვიზიტები პირად ვიზიტებად გადაეკეთებინა.

ამ განცხადებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან. მათ შორის პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების ნებართვის გარეშე ევროპაში ვიზიტით წასვლით პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

17 მარტს სასამართლო სხდომაზე სიტყვა სააკაშვილმა უკრაინულ ენაზე, უკრაინისთვის ლოცვით დაიწყო. მან ასევე თქვა, რომ მაისური უკრაინის დროშის ფერებში, რომელიც ეცვა, დიზაინერ დემნა გვასალიასგან მიიღო საჩუქრად.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG