Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" შსს-ს მიმართავს, დავიდ ფრენკელი საქართველოში შემოუშვას


ფოტო არქივიდან: დავიდ ფრენკელი
ფოტო არქივიდან: დავიდ ფრენკელი

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მიიჩნევს, რომ საფუძველს იყო მოკლებული საქართველოს შსს-ს გადაწყვეტილება, ქვეყანაში არ შემოეშვა დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალების, „მედიაზონის“ ჟურნალისტი დავიდ ფრენკელი.

კოალიციის წევრმა ორგანიზაციამ, „უფლებები საქართველო“, დავიდ ფრენკელის ინტერესების დასაცავად შსს-ს უკვე მიმართა და მოითხოვა 2022 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. შსს-ს ამ გადაწყვეტილებით, ჟურნალისტი „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.“

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ აცხადებს, რომ ფრენკელისთვის არ განუმარტავთ უარის კონკრეტული მიზეზი მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციის სხვა მოქალაქეების მსგავსად, უვიზოდ შეეძლო საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა.

კოალიცია ჟურნალისტთან კომუნიკაციის და საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, აღნიშნავს, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარის საფუძვლად ვერ იქნებოდა გამოყენებული პანდემიის მართვიდან გამომდინარე სახელმწიფოში მოქმედი წესები, რადგან დავიდ ფრენკელი სრულად ვაქცინირებულია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა. ფრენკელს არც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დაურღვევია, რადგან იქ არასდროს ყოფილა. კოალიცია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ჟურნალისტი საქართველოში იმყოფებოდა 2021 წელს და მსგავსი დაბრკოლება საზღვრის კვეთისას არ შეჰქმნია.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ვარაუდობს, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად, საქართველოში შემოსვლისას სხვა დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაბრკოლების პრაქტიკა ქმნის ვარაუდს, რომ დავიდ ფრენკელს დისკრიმინაციულად, სწორედ მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო არ მიეცა საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა. კოალიცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბათილად ცნოს გადაწყვეტილება დავიდ ფრენკელისთვის უარის თქმის შესახებ და დააკმაყოფილოს ჟურნალისტის თხოვნა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის თაობაზე.

რუსეთის დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ქვეყანას ტოვებენ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ. რუსეთში დაჩქარებული წესით მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად, რუსეთის არმიის ქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელება 3-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება. კრემლი, რომელმაც ქვეყანაში ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალების საქმიანობა დაბლოკა, მოითხოვს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შესახებ, რომელსაც "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, ინფორმაცია ვრცელდებოდეს მხოლოდ რუსეთის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით.

XS
SM
MD
LG