Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

35 კომპანია დაიწყებს Pfizer-ის მიერ შექმნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო აბების გამოშვებას


მსოფლიოს სამ ათეულზე მეტი კომპანია მალე დაიწყებს ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო აბების გამოშვებას. ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია Medicines Patent Pool-მა, რომელიც გაეროს ეგიდით მუშაობს.

ორგანიზაციის თანახმად, 35-მა გენერიკულმა (არასამარკო) კომპანიამ გააფორმა შეთანხმებები, რომლებიც ხელს შუუწყობს Pfizer-ის ანტივირუსული პრეპარატის, nirmatrelvir-ის (იგივე Paxlovoid-ი) წარმოებას და ის მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

აზიის, კარიბის ზღვის, ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ათზე მეტი კომპანია, რომლებიც გენერიკული წამლების გამოშვებაზეა სპეციალიზებული, დაიწყებს ან Pfizer-ის მედიკამენტის შემადგენელი ნაწილების, ან თავად მედიკამენტის წარმოებას. კომპანიებს შორის, რომელთაც მიეცათ ლიცენზია, არის ერთი უკრაინული კომპანიაც, მაგრამ მას ჯერჯერობით არ მიუცია თანხმობა, შეძლებს თუ არა პროექტში მონაწილეობას.

„ამას უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება ქვეყნებისთვის“, - თქვა Medicines Patent Pool-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ გორმა. მისი თქმით, Pfizer-ის პრეპარატის ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით კრიტიკულია მსოფლიოს ყველაზე ღატაკ ქვეყნებში.

გორმა თქვა, რომ არასამარკო კომპანიები თავიანთი პროდუქტის დასამტკიცებლად წარდგენას შეძლებენ წლის ბოლოს და წამლის გარკვეული ნაწილი 2023 წელს იქნება ხელმისაწვდომი.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ Pfizer-ის წამალი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის საფრთხეს 90%-მდე ამცირებს COVID-19-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკჯგუფებში. ასევე მიიჩნევა, რომ ის ეფექტიანია ვირუსის „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG