Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა და ჩინეთის ლიდერმა სატელეფონო საუბარი გამართეს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა გამართეს სატელეფონო საუბარი, რომელიც ეხებოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას და პეკინის პოზიციას მის მიმართ.

თეთრი სახლის თანახმად, საუბარმა ორ საათზე ნაკლებ ხანს გასტანა. საუბრის დეტალებზე ამერიკულ მხარეს ცნობა არ გაუვრცელებია. როგორც სააგენტო დეპეა იტყობინება, ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, სიმ განუცხადა ბაიდენს, რომ ჩინეთმა და აშშ-მა მშვიდობისთვის უნდა ითანამშრომლონ. „კრიზისი უკრაინაში ისაა, რაც არ გვინდა“, - თქვა სიმ სატელეფონო საუბრისას.

ჩინეთის მედიის ცნობით, ამ ქვეყნის ლიდერს აშშ-ის პრეზიდენტისთვის განუცხადებია, რომ, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა და მსოფლიოს უმნიშვნელოვანესმა ეკონომიკებმა, მხარეებმა არა მხოლოდ უნდა განავითარონ ჩინურ-ამერიკული ურთიერთობები, არამედ „უნდა იკისრონ საერთაშორისო პასუხისმგებლობა“ და „ძალისხმევა წარმართონ მშვიდობისკენ“ მთელ მსოფლიოში.

ამ სატელეფონო საუბრის წინა დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ ბაიდენი სის განუმარტავს, რომ „ჩინეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა ყველა ქმედებისთვის", რომლითაც ის "დაუჭერს მხარს რუსეთის აგრესიას" და "ჩვენ უკან არ დავიხევთ, ზომები მივიღოთ“.

ბაიდენისა და სის საუბრის თემა უნდა ყოფილიყო ასევე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კონკურენცია.

სატელეფონო საუბარი დაიგეგმა 14 მარტს თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის და ჩინეთის საგარეო-პოლიტიკური მრჩევლის, იან ცეჩის მოლაპარაკების შემდეგ.

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა თქვა, რომ სალივანი პირდაპირი იყო იანის მიმართ და განუცხადა, რომ ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის დახმარებას შესაძლო შედეგები მოჰყვება ჩინეთისთვის.

ჩინეთმა და რუსეთმა ბოლო წლებში გააქტიურეს ორმხრივი კონტაქტები. ჩინეთმა პირდაპირ არ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში, რასაც ვაშინგტონის მხრიდან შეშფოთება მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ ხანებში ბაიდენის ყურადღების ცენტრში უკრაინაში მიმდინარე ომია, თეთრი სახლის წარმომადგენლების თქმით, მათი მზერა კვლავაც მიპყრობილია ჩინეთისკენ და თვალყურს ადევნებენ, რა ნაბიჯებს გადადგამს ჩინეთის პრეზიდენტი.

XS
SM
MD
LG