Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ სვეტლანა ალექსიევიჩმა ბელარუსს უღალატა

სვეტლანა ანექსიევიჩი საგამოძიებო კომიტეტიდან გამოსვლის შემდეგ. მინსკის, 2020 წლის 26 აგვისტო
სვეტლანა ანექსიევიჩი საგამოძიებო კომიტეტიდან გამოსვლის შემდეგ. მინსკის, 2020 წლის 26 აგვისტო

ბელარუსის ავტოკრატი ლიდერ, ალიაქსანდრ ლუკაშენკას თანახმად, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, სვეტლანა ალექსიევიჩმა, გერმანიაში წასვლით თავის ქვეყანას უღალატა. ამის შესახებ ლუკაშენკამ იაპონურ ტელეარხ TBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ეს არის ადამიანი, რომელიც გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი, - არ გვინდა იმაზე ლაპარაკი, თუ როგორ გახდა და რატომ, - ვინც გაიზარდა ამ მიწაზე, გაიქცა აქედან და უღალატა მას. იგი ბელორუსიიდან არავის არ გაუძევებია. ეს მისი უფლებაა. მან გერმანია აირჩია. იქ ალბათ უფრო თბილა", - მოჰყავს ლუკაშენკას სიტყვები რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს.

ლუკაშენკას თქმით, არ არსებობს დაბრკოლება ალექსიევიჩის ბელარუსში დაბრუნების შემთხვევაში, თუმცა მან მიანიშნა შესაძლოა სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.

"სავარაუდოდ, ის დღეს ბელორუსში დაბრუნდება, ისევე როგორც ყველა სხვა. მაგრამ თუ მათ დაარღვიეს ჩვენი კანონები, მათ უნდა ესმოდეთ, რომ მათ, ისევე როგორც ბელორუსის ნებისმიერ მოქალაქეს, მოუწევთ პასუხი აგონ კანონის წინაშე“, - აღნიშნა ალიქსანდრ ლუკაშენკამ.

ცოტა ხნის წინ ნობელის პრემიის ლაურეატმა, ბელარუსი მწერალმა სვეტლანა ალექსიევიჩმა ბელარუსს უწოდა „აგრესორი ერი“ მას შემდეგ, რაც ლუკაშენკამ მხარი დაუჭირა რუსეთის ინტერვენციას უკრაინაში.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, რომელიც 4 მარტს გამოქვეყნდა, ალექსიევიჩმა თქვა, რომ „დანაშაულია" ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და დაუშვას ბელორუსიის ტერიტორიის გამოყენება რუსული ჯარების მიერ უკრაინაში შეჭრის მიზნით.

„ომის კანონების შესაბამისად, აგრესორი ქვეყნისთვის ტერიტორიის მიცემა სხვა არაფერია, თუ არა დანაშაულში თანამონაწილეობა", - თქვა ალექსიევიჩმა.

2020 წელს სვეტლანა ალექსიევიჩი შეუერთდა ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმს. ამის გამო მწერალი საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. იმავე წლის სექტემბერში ალექსიევიჩი გერმანიაში გაემგზავრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მოწვევით.

73 წლის მწერალი, მამით ბელარუსი და დედით უკრაინელი სვეტლანა ალექსიევიჩი უკრაინაშია დაბადებული.

XS
SM
MD
LG