Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს თანახმად, ომის გამო საკუთარი სახლები უკრაინის მოსახლეობის თითქმის მეოთხედმა დატოვა


უკრაინელი დევნილები პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე
უკრაინელი დევნილები პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე

ომი უკრაინაში იმდენად დამანგრეველია, რომ ათ მილიონამდე ადამიანი წავიდა სახლიდან - ან ქვეყნის სხვა რეგიონში ან საზღვარგარეთ, როგორც ლტოლვილი, - წერს გაეროს უმაღლესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში ფილიპო გრანდი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

2022 წლის დასაწყისში უკრაინის ტერიტორიაზე 41 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. მათგან სამ მილიონზე მეტი, გაეროს მონაცემებით, საზღვარგარეთ არის წასული. ექვს-ნახევარი მილიონი ადამიანი კი ქვეყნის უსაფრთხო ადგილებში გადაადგილდა.

გაეროს შეფასებით, რუსეთის არმიის სამხედრო მოქმედებებმა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიწვია ევროპაში ყველაზე სერიოზული მიგრაციული კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

რუსეთის ინტერვენციის დასაწყისიდან 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე ათეული ბავშვი. დაშავდა თითქმის თხუთმეტი ასეული ადამიანი. სამხედრო ოპერაციის დროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებზე 200-მდე ადამიანი დაიღუპა და 500-ზე მეტი დაიჭრა; გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ირწმუნება, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის უმეტესობა დაიღუპა არტილერიის, სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.

მსხვერპლის რეალური რაოდენობა შეიძლება გაცილებით მეტი იყოს, რადგან ინტენსიური ბრძოლის ადგილებიდან დაღუპულთა შესახებ მონაცემებს დაგვიანებით იღებენ. გაეროს მისიის თანამშრომლებს არ შეუძლიათ განადგურებული ადგილების მონახულება და იქ დაზარალებულებთან და თვითმხილველებთან გასაუბრება. სტატისტიკური მონაცემები ეფუძნება ღია წყაროების მონაცემებს, რომელთა გადამოწმება ყოველთვის არ არის შესაძლებელი საომარ პირობებში.

XS
SM
MD
LG