„სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გადაცემა „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, ამ დროისათვის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი აზრით, საქართველოს მყისიერი სამხედრო საფრთხე არ ემუქრება, თუმცა საფრთხეები კიბერშეტევების, საინფორმაციო პროპაგანდისა თუ ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, მუდმივად არსებობს.
იმ მიზეზებზე საუბრისას, რომელთა თანახმადაც საქართველოს რუსეთის სამხედრო აგრესიის გარდაუვალი საფრთხე არ ემუქრება, თინა ხიდაშელმა პირველ რიგში დაასახელა, მისი თქმით, ყველაზე სამწუხარო რეალობა, როცა რუსეთში, კრემლში არსებობს განცდა იმისა, რომ „საქართველოსთან მიმართებაში ერთგვარი საკუთარი საშინაო დავალება სრულფასოვნად შესრულებული აქვთ, ის, რაც მისატაცებელი იყო ფიზიკურად, მათი გაგებით, „სამართლებრივად“ მიტაცებული აქვთ და საქართველოში, თბილისში ჰყავთ ხელისუფლება, რომელიც მაინცდამაინც რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას არ უქმნის ხან მისი უმოქმედობით, ხან სუპერ გაუგებარი რიტორიკის დამსახურებით და ხანაც რეალურად საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯების ნაკლებობით“.
გადაცემაში მან ისაუბრა უშუალოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების კავშირზე საქართველოში მოსალოდნელ სამხედრო აგრესიასთან, რუსეთის დამარცხებისა თუ გამარჯვების შემთხვევაში:
„უკრაინაში დამარცხებული რუსეთი ეხლა შემობრუნდეს საქართველოში, საქართველოსკენ, ძალიან არ არის მოსალოდნელი, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ კიევში მარცხდება პუტინი და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასეც მოხდება, მას სრულიად სხვა პრობლემები ექნება, სრულიად სხვა საკითხები ექნება მოსაგვარებელი, უშუალოდ რუსეთში რუსეთის შესაძლო რღვევის და დაშლის თავიდან აცილების მიზნით. ისევე როგორც მისი უშუალო ვიწრო გარემოცვისგან საკუთარი თავის გადარჩენისთვის. ხოლო თუ კიევში იმარჯვებს რუსეთი, რაც ნაკლებ მოსალოდნელია, მაგრამ თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ვერსია, მაშინ მოსკოვს, კრემლს გაცილებით უფრო მაღალი ამბიციები აქვს, ვიდრე თბილისი ან კიშინიოვია. რა თქმა უნდა, მისი ამოცანები, მისი შემდგომი გაჩერება იქნება უკვე ნატოს რომელიმე წევრი ქვეყანა და ამაზე ვლადიმირ პუტინმა ძალიან ღიად ისაუბრა დეკემბერში იმ თავის წერილებში რომელიც, ერთის მხრივ, ბრიუსელს და, მეორეს მხრივ, ვაშინგტონს გაუგზავნა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა „დილის საუბრებში“.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.
უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს. საქართველო აღნიშნულ სანქციებს არ მიერთებია.
დაწერეთ კომენტარი