Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის განცხადების მოსმენის შემდეგ ადვოკატებმა სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვეს


პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების მოსმენის შემდეგ, მისმა ადვოკატებმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესის გადადება მოითხოვეს. ადვოკატების თქმით, საქმეში მონაწილე კიდევ ერთი პირის, თემურ ჯანაშიას ადვოკატი ქვეყანაში არ იმყოფება და სხდომა ამის გამო უნდა გადადებულიყო.

ადვოკატი შოთა თუთბერიძე: "დღეს უნდა გამოკვლეულიყო ჯანაშიას ნაწილის მტკიცებულებები და რადგან მისი ადვოკატი არ იმყოფება საქართველოში, მოგვიწევს, რომ გადავდოთ სხდომა"...

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილი: "ანუ დღევანდელი სხდომა მე მხოლოდ ბრალდებულის განცხადების მოსასმენად გავმართე? თქვენ მითხარით, ბატონო დიმიტრი, რომ ჯერ მოვისმენთ განცხადებას და შემდეგ მტკიცებულებების გამოკვლევას გავაგრძელებთო და მომატყუეთ?"

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი: "არ მითქვამს, ყველა სიტყვას ვაკონტროლებ. თქვენ არ ჩათვალოთ, რომ რაიმე ტყუილი გითხარით - მე გითხარით, განცხადებას გააკეთებს და მერე განვიხილოთ მტკიცებულებების განხილვის საკითხი".

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილი: "მე ყოველ პროცესზე ბრალდებულს ვაძლევ განცხადების გაკეთების შესაძლებლობას, არასოდეს არ შემიზღუდავს, რაც ის იღებს მონაწილეობას. ისე ნუ გამაკეთებინებთ, რომ პროცესი გაიგივდეს მხოლოდ განცხადებების გაკეთებასთან, რაც გამოიწვევს იმას, რომ საერთოდ არ გავმართავ პროცესს მანამდე, სანამ არ დავრწმუნდები, რომ დაცვის მხარე თავის მტკიცებულებებს იკვლევს. შემდეგ სასამართლო სხდომაზე ჯერ ვიკითხავ, რას იკვლევს დაცვის მხარე - თუ არაფერს არ იკვლევს, არ გავმართავ სხდომას".

დაცვის მხარე ამბობდა, რომ სხდომა უნდა გადადებულიყო, რადგან მხოლოდ ჯანაშიას ნაწილის განხილვის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი მათი სტრატეგიის მიხედვით დაცვა.

საბოლოოდ, მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და სხდომა 5 აპრილამდე გადადო.

დღევანდელ, 21 მარტის სხდომაზე, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმის განხილვა უნდა გაგრძელებულიყო. სხდომა საქმეში ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი განცხადებების გასაკეთებლად გამოიყენა, მან კვლავ გაავლო პარალელი თავის პატიმრობასა და მიმდინარე მოვლენებს შორის.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას საქართველოს სასამართლოებმა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეებზე 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ის ამჟამად სამ საქმეზეა ბრალდებული, მათ შორის ერთ-ერთი ე.წ. პიჯაკების საქმეა (საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა). გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წაყენებული 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლისა და 2021 წლის სექტემბერში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეებზე.

XS
SM
MD
LG