Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს არაა ჩვენი ომი!“ - ინტერვიუ ინგუშ აქტივისტთან, რომელიც უკრაინიდან ტყვეების დახსნას ცდილობს 


იბრაჰიმ ლიანოვი.
იბრაჰიმ ლიანოვი.

ინგუში ოპოზიციონერი აქტივისტი, „ევროპის ინგუშთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი იბრაჰიმ ლიანოვი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბრობს უკრაინის ომში, რუსეთის მხარეს ინგუში ხალხის მონაწილეობაზე.

თქვენი ინფორმაციით, რამდენი ინგუში იბრძვის უკრაინაში?

ზუსტად რამდენი ადამიანი ომობს [უკრაინაში] ინგუშეთიდან, ვერ გეტყვით, რადგან ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. იქ არიან წვევამდელები, რომლებიც რუსულ ჯარში მსახურობდნენ. არიან ისეთებიც, ვინ ინგუშეთიდან გაიყვანეს ომის დაწყებამდე 3 თვით ადრე, ბელგოროდის ოლქში, თითქოს სწავლებებზე. მოტყუებით წაიყვანეს! მას შემდეგ, ისინი შინ არ დაბრუნებულან.

არც დაღუპულთა ზუსტი რაოდენობაა ცნობილი.

უკვე ჩაიყვანეს 12-15 დაღუპული. ინგუშეთის ე.წ. მეთაური, [მაჰმუდ-ალი] კალიმატოვი შეხვდა მოკლული სამხედროების დედებს. ნახავდით ვიდეოს, შეხედეთ საწყალი დედების სახეებს. მათთვის არავის უკითხავს, როცა მათი შვილები წაიყვანეს.

არიან ტყვედ ჩავარდნილებიც?

კი. ერთ კვირაზე მეტია. თავად უკრაინელებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, ტყვედ ჩავარდნილების. შემდეგ ინგუშეთშიც დამიდასტურეს, რომ ამ წუთას ტყვეებს შორისაა ორი ინგუში.

ბევრი დეტალი უცნობია, ან საჯაროდ მათი განხილვა არ შეიძლება. თუმცა ვიცი, რომ ერთ-ერთი მათგანი წვევამდელი უნდა იყოს, ერთ-ერთი კი დაჭრილია. ჯერჯერობით ისევ დაუზუსტებელია, სად ჩავარდნენ ისინი ტყვედ.

ახლა ვცდილობ მათ გათავისუფლებაზე მოლაპარაკებას უკრაინელებთან. ეს იქნებოდა ჰუმანური ნაბიჯი მათი მხრიდან.

როგორია რეაქცია ინგუშეთში უკრაინის ომზე?

ინგუშების 99% ამ ომის წინააღმდეგია. არავის უნდა ომი. და თუ არის პლუს-მინუს 1%, ისინი, შეიძლება ითქვას, ინგუშურენოვანი [რუსები] არიან.

რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?

დღეს რომ ადამიანები გამოვიდნენ და რაიმე რეაქცია გამოხატონ [უკრაინაში] მოკლულებთან დაკავშირებით, რთულია, რადგან ინგუში ხალხისთვის შედეგები ძალიან მძიმე იქნება. იცით, ალბათ, პუტინის დამოკიდებულება ინგუშეთის რესპუბლიკის მიმართ. ის ორგანულად ვერ გვიტანს, ვეზიზღებით. ჩვენ 1994 წელს ვიყავით ჩეჩნეთში ომის წინააღმდეგი, 2008 წელს, ვეწინააღმდეგებოდით ომს საქართველოში და ამის გამო, ბევრმა ჩვენმა სამხედრომ დაწერა განცხადება და დატოვა სამსახური. ამიტომ, ის, რომ ადამიანები არ გამოდიან, არ ბოიკოტირებენ, არ აწყობენ მიტინგებს, მე მათი ძალიან კარგად მესმის. ძალიან რთულია!

ეს არაა ჩვენი ომი. ჩვენ ის არ გვჭირდება. არანაირ კავშირი ამ ომთან არ გვაქვს. მითხარით, რა გააკეთა უკრაინამ ინგუშების წინააღმდეგ?! არაფერი. და რატომ უნდა წავიდეთ უკრაინაში უდანაშაულო ხალხის დასახოცად, ამ იდიოტი პუტინის გამო.

შეიძლება იგივე ვთქვათ სხვა ჩრდილოკავკასიელ ხალხებზეც?

ახლა რომ ვთქვა, ჩრდილოეთ კავკასიის ყველა მცხოვრები მოტყუებით მიჰყავთ-მეთქი, ტყუილი იქნება, რადგან ძალიან ბევრი ვიდეო არსებობს, რომელშიც ისინი თავიანთი ნებით მიდიან. ავიღოთ კადიროვი - ვხედავთ, როგორ გზავნის იქ ჯარებს. ნებაყოფლობით ყვირიან და სიამოვნებით მიდიან საომრად. ვხედავთ, როგორ მიდიან ოსები ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან.

პუტინს ზუსტად ასეთი ქვეითი სჭირდებოდა და ქმნიდა კიდეც მას. ამიტომ ასხამდნენ იქ დიდ ფულს, აძლევდნენ იარაღს. დღეს, ნამდვილად ჰყავს არმია, მაგრამ ბრძოლაში, უკრაინაში, როგორც მეუბნებიან, პირდაპირ შეტაკებებში არ მონაწილეობდნენ, უკან მოდიან.

უკრაინაში კრემლის წინააღმდეგ იბრძვის ორი ჩეჩნური ბატალიონი. არიან თუ არა მათ შორის ინგუშები?

არ შემიძლია დეტალებზე საუბარი, თუმცა ნამდვილად არიან ისინი, ვინც იბრძვიან უკრაინის მხარეს, რუსეთის წინააღმდეგ. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი უჭერს მხარს უკრაინას, ეწინააღმდეგება ომსა და პუტინს.

ინგუშეთის რესპუბლიკის ნებისმიერმა მეზობელმა იცის, რომ ინგუშები არასდროს დასხმიან თავს ვინმეს. არასდროს! არასდროს მიუღიათ მონაწილეობა საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ქართველებმა თავად შეგიძლიათ დაადასტუროთ.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG