Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ახალგორის რაიონში რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი


გადაუღებელმა თოვამ ახალგორის ოკუპირებულ რაიონში გზები ჩაკეტა. სატრანსპორტო კომუნიკაცია შეწყვეტილია რამდენიმე სოფელთან. ეს სოფლები ახლა გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ამის შესახებ სააგენტო „რეს"-ს ოკუპირებული რაიონის ადმინისტრაციაში განუცხადეს. გადაუღებელი ნალექის შედეგად სოფლები ლარგვისი, ქარჩოხი, ზაყორი, მონასტერი დიდთოვლობის გამო იზოლირებულია“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

ამჟამად რაიონის კომუნალური სამსახური გზებს სპეციალური ტექნიკით წმენდს. „რაიონის მუნიციპალური სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. უპირველესი პრიორიტეტია სოციალურად მნიშვნელოვან ობიექტებისკენ საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა", - განმარტეს პრესსამსახურში.

ოკუპირებული ახალგორის საბინაო-კომუნალური მომსახურების განყოფილების უფროსმა ვიტალი ბითაროვმა სააგენტოს განუცხადა, რომ ზოგიერთ მონაკვეთზე თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა.

„ძლიერმა ქარმა და თოვლმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. სოფელ კორინთასა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ. ელექტროენერგიის მიწოდება უკვე სრულად აღდგენილია", - განაცხადა მან.

უამინდობა მობილური კომუნიკაციების ხარისხზეც აისახა. ოკუპირებული ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ გულიევმა განაცხადა, რომ გამოყოფილია სპეციალური ტექნიკა, რომელიც გამოდარებისთანავე საკომუნიკაციო ანძებისკენ, რომლებიც რუსულ კომპანია „მეგაფონს" ეკუთვნის, გზის გასაწმენდად გაემართება და სატელეფონო კავშირიც აღდგება.

ახალგორის ოკუპირებული რეგიონი 2019 წლიდან იზოლირებულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. დე ფაქტო ხელისუფლებამ თბილისისკენ გზა ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე არსებული საგუშაგოს აღების მოთხოვნით ჩაკეტა და ამ საგუშაგოს აღება მოითხოვა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს კონტროლის ქვეშ არსებული დაბა საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს და იქ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი დანიშნეს ხელმძღვანელად. გარდა ამისა, ახალგორის შესასვლელთან, სოფელ ახმაჯში საოკუპაციო სამხედრო ბაზაც განათავსეს. ახალგორის ლეგიტიმური გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ იზოლირებულ დაბაში მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, რადგან დაბის მცხოვრებლებს თავისუფალი გადაადგილების უფლება შეზღუდული აქვთ. ახალგორში სოციალური მდგომარეობაც მძიმდება. რუსული რუბლის გაუფასურების და დაკეტილი გზების გამო პროდუქტებზე და მედიკამენტებზე ფასები იზრდება.

XS
SM
MD
LG