Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახაროვა: ჰააგის სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთზე“


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ხაზახოვა გამოეხმაურა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის განკარგულებას. პროკურორმა კარიმ ხანმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა. საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადებილ სამხედრო დანაშულებს.

ამასთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი რუსეთს მიმართავს, აქტიურად ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე ომის სავარაუდო დანაშაულის გამოძიების პროცესში.

„ასეთი ქმედებები, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. პროკურორმა გადაწყვიტა, წვლილი შეიტანოს ანტირუსულ ისტერიაში, რომელიც ახლა მძვინვარებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, ისევე როგორც მათ კონტროლქვეშ მყოფ ორგანოებში. ორდერების გაცემის დრო, ისევე როგორც მოპასუხეების არჩევა, ნათლად აჩვენებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორიოს სასამართლო იყო და რჩება დასავლეთის ხელში მორჩილ იარაღად“,- განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით „განსაკუთრებით ცინიკურად გამოიყურება, რომ დაკავების ორდერის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მ.სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალსა და რუს სამშვიდობოებზე თავდასხმიდან ასევე სასამართლოში ამ თავდასხმის მსხვერპლ მოქალაქეთა არაერთი საჩივრის შეტანიდან 14 წლის შემდეგ“, ზახაროვას სიტყვებით „მთელი ამ წლების განმავლობაში, სისხლის სამსართლის საერთაშორისო სასამართლო გულგრილობას იჩენდა ამ მიმართვების მიმართ. სამაგიეროდ, ამ კონფლიქტში დაზარალებული მხარე ახლა დამნაშავედ არის წარმოდგენილი“.

რაც შეეხება უკრაინას, მარია ზახარობას თქმით, ჰააგის სასამართლოს პროკურატურის მიდგომები „ამ ქვეყანაში მომხდარი მოვლენების დამახინჯებულ გაგებას ეფუძნებოდა“ და მისთვის გამოძიების დაწყების საფუძველი არ გამხდარა უკრაინის ხელისუფლების ქმედებები დონბასში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაცია არ მონაწილეობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამარლოს რომის სტატუტში და არ არის ვალდებული ითანამშრომლოს მასთან. ამ სტრუქტურის იურისდიქცია არ ვრცელდება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ან მათ მოქალაქეებზე. თუმცა, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ მუშაობს ეს ორგანო“,- განაცახდა მარია ზახაროვამ.

22 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობამ განაცხადებს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არ ითანამშრომლებენ.

"ცხადია, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პოზიციას ვერასდროს მიიღებს რუსეთის ფედერაცია, რომლის ჩარევის წყალობით საქართველოს, როგორც აგრესორ ქვეყანას, აიძულეს მშვიდობა. სამხრეთი ოსეთი და მისი ხალხი კი გადაურჩა ფიზიკურ განადგურებას“, - ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა 2008 წლის აგვისტოს ომის ფარგლებში საქართველოს საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები წარუდგინა სასამართლოს. ესენი არიან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი თანამდებობის პირები: გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე; ჰამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი და დავიდ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.

პროკურორი აცხადებს, რომ მის მიერ დოკუმენტირებული დაპატიმრების ორდერები, კერძოდ, შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის დროს ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებას, არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანასა და უკანონო გადაყვანას.

გამოძიებამ აგრეთვე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გენერალ-მაიორისა და რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო როლი კონკრეტულ დანაშაულში. კერძოდ, მან, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი დასახელებული დანაშაულების ჩადენას. იგი გარდაცვლილია.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამოძიების დაწყების უფლება 2016 წლის იანვარში მოიპოვა. გამოძიების პროცესი მოიცავს 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს.

  • ICC-ის მიზანია ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიება. ეს შეიძლება იყოს ეთნიკური წმენდა, მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტა, ტყვეების, სამხედრო თუ სამოქალაქო პირების წამება და არაადამიანური მოპყრობა და სხვა.
  • ICC-ის გამოძიების შედეგად პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა დანაშაულში მხილებულ სახელმწიფოებს, არამედ კონკრეტულ პირებს, რომლებმაც მწვავე საბრძოლო მოქმედებების ფაზაში ან შემდეგ ჩაიდინეს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

რაც შეხება უკრაინას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 28 თებერვალს გამოაცხადა, რომ დაიწყო უკრაინაში ომის შესაძლო დანაშაულთა გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG