Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის პროცესი მოსამზადებელ ეტაპზე


ფაკისო მოჩოჩოკო
ფაკისო მოჩოჩოკო

თბილისში დასრულდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენელთა სამდღიანი ვიზიტი, რომლის ძირითადი მიზანი 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებათა საგამოძიებო ეტაპებისა და სასამართლოსთან თანამშრომლობის პროცედურების განმარტება იყო. ეგრეთ წოდებული მოსამზადებელი ეტაპი კი წინ უძღვის საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის გამომძიებელთა რეგულარულ მოვლინებას და ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხვა ორგანოების პერსონალის ჩამოსვლას. ვიზიტის განმავლობაში ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის სამუშაო ჯგუფმა შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა საქართველოში 16-18 თებერვალს გამართული შეხვედრების შედეგები საგანგებო პრესკონფერენციაზე შეაჯამეს. საკუთარი მანდატისა და თანამშრომლობის სამომავლო ჩარჩოს განსაზღვრის პროცედურებზე საუბრისას ითქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებათა გამოძიების არც ერთი ნაწილი არ გასაჯაროვდება, დარჩება სრულიად კონფიდენციალური და თუ გავრცელდება რაიმე ინფორმაცია საგამოძიებო ქმედებების დეტალების შესახებ, ისინი, უკვე შეიძლება ითქვას, ფიქტიური იქნება.

გამოძიებაგაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც მტკიცებულებების შეგროვებას დასჭირდება, განაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის იურისდიქციისა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორმა ფაკისო მოჩოჩოკომ. დაადასტურა რა, რომ ამ ეტაპზე საქართველო არის ერთადერთი მხარე, რომელთანაც სასამართლო თანამშრომლობს, პროკურორმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი, თუმცა სამართლებრივად მას ამის ვალდებულება არ აქვს, დაეხმარება სასამართლოს სიმართლის დადგენაში:

“ვაგრძელებთ ძალისხმევას, რათა პროცესში რუსეთიც ჩავრთოთ და ამის კეთებას მომავალშიც განვაგრძობთ. ამიტომ ადრეა ჯერ გადაჭრით ითქვას, რომ რუსეთი არ ითანამშრომლებს. გამოძიება გაგრძელდება რუსული მხარის უარის შემთხვევაშიც. ჩვენი საკუთარი არხებით, ჩვენი საკუთარი საშუალებებით გავაგრძელებთ მცდელობას მოვიპოვოთ ის სამხილები, ის მტკიცებულებები, რომლებიც თუნდაც რუსეთის მხარის მოქმედებების დასადასტურებლად და სინათლის მოსაფენად გამოგვადგება. რა თქმა უნდა, რუსეთის მხარის უარი პროცესში მონაწილეობაზე გაართულებს საქმეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, გამოძიების პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ შეგროვდება საკმარისი მასალა იმის გასარკვევად, თუ რომელ მონაწილე მხარეს რა წილი მიუძღვის სავარაუდო დანაშაულებებში. ამიტომ გადაჭრით იმის თქმა, ითანამშრომლებს თუ არა რუსეთი ჩვენს სასამართლოსთან, ჯერ ძალიან ადრეა“.

ფაკისო მოჩოჩოკო
ფაკისო მოჩოჩოკო

2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ მომხდარ დანაშაულებათა გამოძიების პერიოდი, რომელიც ჰააგის სასამართლომ განსაზღვრა, 2008 წლის 1 ივლისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. პროკურორი ფატუ ბენსუდა გამოძიების დაწყების თხოვნაში, რომელიც მან სასამართლოს 2015 წლის ოქტომბერში წარუდგინა, სავარაუდო, თუმცა დასაბუთებულად მიჩნეულ ისეთ დანაშაულებებზე მიუთითებდა, როგორიცაა: ეთნიკური ქართველების მკვლელობები, იძულებით გადაადგილება, დევნა და ქონების განადგურება ოსური ძალების მიერ, რუსული ძალების შესაძლო მონაწილეობით. გამოძიების საგანია ასევე სამხრეთ ოსური ძალების მიზანმიმართული თავდასხმები ქართველ სამშვიდობოებზე და ქართული ძალებისა რუს სამშვიდობოებზე.

განცხადებაში კი, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას სახელით მედიას ფაკისო მოჩოჩოკომ გააცნო, აღნიშნულია, რომ იმის მიხედვით, თუ რა მტკიცებულებებს მოიპოვებს ოფისი, პროკურორი უფლებამოსილია ბრალი წაუყენოს სავარაუდო დამნაშავეებსსამხრეთ ოსეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს მომხდარ ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებით, განურჩევლად იმისა, რა ეროვნების იქნებიან და რომელ მხარეს მიეკუთვნებიან ისინი.

შესაბამისად, 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებების მტკიცებულებათა ს შეგროვების პროცესში პროკურორის ოფისი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოწმეებთან თანამშრომლობას, რისთვისაც მათ დაცვის საგანგებო გარანტიებს სთავაზობს, მათ შორის, საჭიროების შემთხევაში, უცხოეთში გაყვანასაც კი. როგორც პრესკონფერენციაზე ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის სამუშაო ჯგუფის წევრმა ალ აბდალამ განაცხადა, მოწმეთა დაცვის პროგრამა 2 ელემენტისაგან შედგება:

“პირველია ფიზიკური, მეორე კი ფსიქოლოგიური დაცვა, რათა მათ მორალურ მდგომარეობას ზიანი არ მიადგეს დაკითხვის პროცესში. ანუ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ შევაფასებთ მდგომარეობას თითოეულ კონკრეტულ მოწმესთან დაკავშირებით, ვგულისხმობთ, რომ შევაფასებთ იმას, მას სჭირდება ფიზიკური დაცვა, ფსიქოლოგიური, კომბინირებული თუ კიდევ სხვა რამ. შემდეგ უკვე დავსახავთ სხვადასხვა ღონისძიებას. პირველი გახლავთ ეგრეთ წოდებული სასამართლოს შიგნით, ანუ პროცედურული, ღონისძიებები, რომლებიც პროცესის წარმართვის დროს გამოიყენება ხოლმე. თუკი ჩახედავთ ჩვენი სასამართლოს ვებგვერდს, ან კონკრეტული საქმეების მასალებს მოიძიებთ, ნახავთ, რომ მოწმეები იდენტიფიცირებულნი არ არიან და ისინი მოიხსენიებიან ნომრის, ხმის ან სხვა საშუალებებით. სახე დაფარულია, რათა მათი ცნობა შეუძლებელი იყოს“.

დაცვა, მუქარის დონეების განსაზღვრის საფუძველზე, არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოწმეთა დაცვის მთავარი პრინციპი და აქვე ალ აბდალა ასახელებს დაცვის კიდევ ერთ პრინციპს: მოწმემ საჯაროდ არ უნდა ილაპარაკოს იმაზე, რომ იგი სასამართლოსთან თანამშრომლობს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კონფლიქტის ყველა მხარისა და ყველა დაზარალებულის თანამშრომლობის იმედი აქვს და მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიების პირობას დებს. თავის მხრივ, პროკურორის ოფისთან მუშაობას, საქართველოს მთავრობასთან ერთად,განაგრძობს არასამთავრობო სექტორიც, რომელთანაც ჰააგის სამუშაო ჯგუფმა 17 თებერვალს თითქმის სამსაათიანი შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე ნინო ელბაქიძეც:

“ჩვენ კონკრეტული ქეისების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიგვიწოდებია, საუბარი იყო წარმომადგენლობებზე. რაც გაიგზავნა, ეს იყო ერთგვარი მხარდამჭერი დოკუმენტი პროკურორის მოთხოვნის და შუამდგომლობის. იქ ვსაუბრობდით იმ საქმეებზე და იმ კატეგორიის საქმეებზე, რაც ჩვენს ხელთ იყო იმ მომენტში. ეს არიან სამოქალაქო პირები, რომლებიც ტყვეობაში იმყოფებოდნენ, ქონების დაზიანება, ჯანმრთელობის დაზიანება და სხვა“.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატის სამმა მოსამართლემ პროკურორ ფატუ ბენსუდას 2008 წლის აგვისტოს ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამოძიების ნებართვა 2016 წლის იანვრის ბოლოს მისცა. პროკურორის თანახმად, გამოძიების პროცესი ხანგრძლივი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG