Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IT კომპანია აცხადებს, რომ საგამოძიებო სამსახურს "ქოლ-ცენტრში" აერია და შეცდომით დალუქეს


IT კომპანია Apollo 11 ბოლო ორი დღეა დალუქულია. კომპანიის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ საგამოძიებო სამსახურმა შეცდომა დაუშვა და "ქოლ-ცენტრის" ოფისის ნაცვლად, რომელთან ერთადაც თვეების განმავლობაში ერთ შენობაში ჰქონდათ ფართი ნაქირავები, მათი სივრცე დალუქა. საქართველოს ხელისუფლება აღიარებს, რომ ქვეყანაში არსებობს ე.წ. ქოლ-ცენტრები, რომელსაც შესაძლოა ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ჰქონდეს კავშირი.

"დაახლოებით სამი წელია მაგ შენობაში ვართ და ისინიც დიდი ხანი იყვნენ მანდ... კიბეებზე ასვლის დროს თვალი მომიკრავს, ქოლ-ცენტრებისთვის დამახასიათებელი სივრცე იყო, ვიწრო მაგიდებით და კომპიუტერებით, ყურსასმენებით. შემინიშნავს, რომ [არაქართულად მოსაუბრე ადამიანები] რეკავდნენ..." - უთხრა რადიო თავისუფლებას კომპანიის დირექტორმა ირაკლი სვანიძემ.

თბილისში, დოლიძის #5ა-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე სუპერმარკეტია, მეოთხე და მეხუთე საქართულზე კი Apollo 11. სწორედ მათ შორის ორ სართულზე იყო განლაგებული ოფისი, რომელზე სვანიძე საუბრობდა. შენობაში შესვლა უცხო პირთათვის შეუძლებელია, კარი დაკეტილია. შესასვლელში გამოკრულ აბრაზე მეორე და მესამე სართულებზე ფოსტის ჩაუბარებელი წერილების შესახებ მიკრული წარწერებია.

"არც ვიცოდი რომ წასულები იყვნენ. [საგამოძიებო სამსახურიდან] რომ მოვიდნენ ჩვენთან, მივუთითე - რასაც ეძებთ, სავარაუდოდ, იქ უნდა იყოს მეთქი... მოგვიანებით, შენობის მეპატრონემ მითხრა, რომ ერთი თვენახევრის წინ წასულან", - ამბობს Apollo 11-ის დირექტორი.

"ბიზნეს ცენტრი დოლიძეზე" შპს "ბატონ"-ს ეკუთვნის. რადიო თავისუფლებას კომპანიის 90 პროცენტიანი წილის მფლობელებისთვის სურდა ეკითხა ვინ ქირაობდა მათგან ფართს მეორე და მესამე სართულზე, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

რადიო თავისუფლებას Apollo 11-ის დირექტორმა ასევე უთხრა, რომ განჩინების ფურცელში, რომლითაც საგამოძიებო სამსახურმა მათი ოფისი დალუქა სხვა კომპანიებიც იყო მითითებული.

"თუ გაქვთ IT კომპანია და ეწევით უცხოურ ბაზარზე საქმიანობას იყავით ფრთხილად რომ არ მოხვდეთ მსგავსი გაუგებრობის ქვეშ და შეხვდით მომზადებული. თუ ეჭვი გაგიჩნდებათ რომ შეიძლება თქვენც დაგლუქონ თანხა ქეშად იმდენი მაინც იქონიეთ რომ არ იფიქროთ იმაზე, დროზე თუ არ გაირკვა რა უნდა ქნათ და ოჯახი რითი შეინახოთ", - უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას კოლეგებს Apollo 11-ის წარმომადგენლები.

რადიო თავისულებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს, რომ ამ კონკრეტული IT კომპანიის საქმეზე საქმეს იძიებენ. უწყების პრესსამსახურმა, გიორგი ოძილაურმა არ დაასახელა Apollo 11-ის მსგავსად "ქოლ-ცენტრების" საქმეზე კიდევ რამდენი კომპანია დაილუქა.

"ერთადერთი, რაც შემიძლია დავადასტურო, წამოებაშია საქმე Apollo 11-ის თემაზე, მეტ დეტალს ვერ გეტყვით", - ამბობენ საგამოძიებო სამსახურში.

რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებით გაარკვიოს, რომელი კომპანიები დაილუქა "ქოლ-ცენტების" საქმეზე.

"ქოლ-ცენტრების" საკითხი საქართველოში აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის 21 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც თქვეს, რომ გერმანული მხარის დახმარებით გახსნეს ტრანსნაციონალური დანაშაული, რომლითაც გერმანიის მოქალაქეებს მოტყუებით მილიონობით ევრო გამოსძალეს. მას შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან ხაბეშვილი მუდმივად ადანაშაულებს ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ დანაშაულებრივი სქემის დაფარვაში.

ბოლოს, 17 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში ყოფნის დროს ტრიბუნიდან ტრანსნაციონალურ დანაშაულში მონაწილეობაში დაადანაშაულა როგორც მოქმედი მინისტრები, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები.

თქვენ იცით, რომ ამ დანაშაულს ხელს აფარებს თქვენი მთავრობის მაღალჩინოსანი და, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი? არ იცით ამის შესახებ? თქვენს წინა მინისტრს, [ალექსანდრე] ჭიკაიძეს რომ ქოლცენტრები აქვს, იცით? გითხრათ მისამართი? ჭავჭავაძეზე აქვს - დამიძახეთ და მისამართს გეტყვით, ოღონდ მანამდე აალაგებს და სხვაგან გადაიტანს. [ოთარ] ფარცხალაძესაც აქვს [ყოფილ მთავარ პროკურორს]. ერთ-ერთი პარლამენტარია, აქ არ არის ახლა, მასაც აქვს ქოლცენტრები. აგერ მაქვს მისამართები... თქვენი ოფისი ჯერ ვერ ვიპოვე.

კიდევ ერთ ინფორმაციას მოგაწვდით, თავდაცვის მინისტრი რომ არის, თავდაცვის მინისტრს აქვს ქოლცენტრები. მეტსაც გეტყვით, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ბატონი ჯუანშერი [ბურჭულაძე] ამ ტრანსნაციონალურ დანაშაულს ჩადის თავდაცვის სამინისტროს შენობიდან. თუ ეს ასე არაა, შეგიძლიათ გამოძიებები დაიწყოთ და მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. მე ყველა სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი", - თქვა ხაბეიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი 14 თებერვალს თქვა, რომ ე.წ. ქოლცენტრები საქართველოში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ. უფრო ადრე მან დაასახელა კონკრეტული ადამიანი, დავით კეზერაშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG