Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ კელი დეგნანთან: "მხოლოდ რუსეთი ხეირობს ქართველების დაყოფით - ახლა ერთიანობის დროა"


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

24 მარტს სრულდება 30 წელი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან. ეს თარიღი აღინიშნება ისეთი გამოწვევების ფონზე, რომელთა წარმოდგენა მაშინ, 1990-იანების დასაწყისში შეუძლებელი იყო. კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში რთე/რთ-ს კითხვებს პასუხობს:

რადიო თავისუფლება: ქალბატონო ელჩო, დიდი მადლობა სტუმრობისა და ამ შესაძლებლობისთვის, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები. ამ ინტერვიუს ვგეგმავდით აშშ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად, მაგრამ, ცხადია, უნდა დავიწყოთ უკრაინაში მიმდინარე ომით.

რუსეთის აგრესიის შემდეგი მოსალოდნელი ფაზა უკრაინაში - აშშ-ის ლიდერები და არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ სხვა დასავლელი პარტნიორებისაც, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, აცხადებენ, რომ რუსეთის შემდეგი შესაძლო ნაბიჯი იქნება ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენება (რომ აღარაფერი ვთქვათ კიდევ უფრო კატასტროფულ - ბირთვულ იარაღზე). ვიცით, რომ რუსეთი აღვივებს ლეგენდას უკრაინისა და საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ რაღაც ბიოლოგიური საფრთხის არსებობის შესახებ და ნებისმიერს შეუძლია ამაში საფრთხე ამოიცნოს.

დიახ, „რუსეთი თამაშობს განსხვავებული წესებით“, როგორც თქვენ აღნიშნეთ რამდენიმე კვირის წინ „რონდელის ფონდის“ კონფერენციაზე. რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია დასავლეთს, რომ თავიდან იყოს აცილებული შემდგომი, უფრო კატასტროფული ფაზა უკრაინაში მიმდინარე ომში?

კელი დეგნანი: დიდი მადლობა დღეს ჩემი მოწვევისთვის და მსურს დავიწყო ღრმა მწუხარების გამოხატვით ყველა იმ ადამიანის ოჯახების მიმართ, ვინც დაიღუპა ამ უაზრო, უსაფუძვლო ომში, ქართველების ჩათვლით, რომლებიც იქ დაიღუპნენ. ეს არის ომი, რომლის დაწყებაც რუსეთმა აირჩია თავისი მეზობლის წინააღმდეგ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სამიზნეში ჰყავს მშვიდობიანი მოსახლეობა და ათი მილიონი ადამიანი იძულებული გახადა მიეტოვებინათ სახლები.

ვფიქრობ, ერთიანობის ჩვენება, რისი მოწმეებიც ვართ - არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიო ერთიანობისა - არის პასუხი ბატონი პუტინისთვის, მის მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ აგრესიული, სასტიკი ძალის გამოყენების გამო.

ჩვენ განვაგრძობთ ძალიან მკაფიო გზავნილის მიწოდებას რუსეთისთვის, რომ, თუკი ის კვლავ ესკალაციას აირჩევს, იქნება პასუხი.

ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე დეზინფორმაციის გამოყენებას რუსეთი წლებია ცდილობს საქართველოში. ვფიქრობ, ქართველებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს არ არის მართალი. [რუსეთი] თავდასხმებს ახორციელებს ლუგარის ცენტრზე, რომელიც არის კვლევითი ლაბორატორია, რომელსაც ფლობს საქართველო და იმართება საქართველოს მთავრობის მიერ. ამ ცენტრმა უდიდესი იმედი შემოიტანა საქართველოს ჯანდაცვის სექტორში. მაგალითად შემიძლია დავასახელო C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინა და არის ნამდვილი მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის ამ დაავადების ელიმინაციის საქმეში. არის ასევე კოვიდ-19-ის კამპანია, რომლის ფარგლებშიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრები (CDC) თანამშრომლობენ, რომ საქართველომ შეძლოს პანდემიის გავლა. ლუგარის ცენტრი მნიშვნელოვანია აგრეთვე სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისა და ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების გამოვლენის კუთხით. ასე რომ, ნარატივი, რომელსაც რუსეთი აქ იყენებს და ცდილობს სხვაგანაც გამოიყენოს, უბრალოდ არ არის მართალი. ჩემთვის ნიშანდობლივია, რომ ისინი კვლავაც იყენებენ იმას, რამაც ვერასდროს მოიპოვა პოპულარობა.

რაც შეეხება იმას, რისი გაკეთება შეუძლიათ აშშ-სა და სხვებს: ჩვენ განვაგრძობთ ძალიან მკაფიო გზავნილის მიწოდებას რუსეთისთვის, რომ, თუკი ის კვლავ ესკალაციას აირჩევს, იქნება პასუხი.

რუსეთი ერთადერთია, ვისაც ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის პროგრამა აქვს. აშშ-ს არ გააჩნია ასეთი პროგრამა, არც საქართველოს და არც უკრაინას.

აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები თვეების განმავლობაში ხაზგასმით ვცდილობდით დეესკალაციასა და ამ ომის დასრულებას და ბატონმა პუტინმა უარყო ეს გზა. ამის ბოლო იქნება ის, რომ პუტინი დამარცხდება აშშ-ის, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთიანობით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში.

რადიო თავისუფლება: და მაინც, როგორი იქნება პასუხი, თუკი რუსეთი იმ ტიპის იარაღს გამოიყენებს?

კელი დეგნანი: ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ ბატონი პუტინი, არ გადადგას ეს ნაბიჯები. ცხადია, ახლა არ ვაპირებთ გავხსნათ დეტალები. გვსურს იმის უზრუნველყოფა, რომ ბატონი პუტინი არ მივიდეს ამ ტიპის იარაღის გამოყენებამდე. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ რუსეთი ერთადერთია, ვისაც ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის პროგრამა აქვს. აშშ-ს არ გააჩნია ასეთი პროგრამა, არც საქართველოს და არც უკრაინას. მხოლოდ რუსეთი ემუქრება მსოფლიოს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის პროგრამით.

რადიო თავისუფლება: პრეზიდენტმა ზელენსკიმ ახსენა „ომის დასრულების წერტილი“, როგორ უნდა იყოს ის მიღწეული. ის არის ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც ყველაზე მეტად სურს ამ წერტილის მიღწევა. ვიცით, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ახლო მომავლის საქმე არ არის. ზელენსკიმ განაცხადა, რომ არიან ნატოს წევრები, რომლებიც მზად არიან გახდნენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები და ამ მიმართულებით შეიძლება კომპრომისის მიღწევა. რაში ხედავს აშშ-ის მთავრობა „ომის დასრულების წერტილს“?

ახლა დროა, საქართველომ და უკრაინამ გააკეთონ, რაც აუცილებელია, რომ მზად იყვნენ - როგორც მყარი დემოკრატიისა და ძლიერი სამხედრო უნარების სახელმწიფოები.

კელი დეგნანი: ნამდვილად უკრაინის მთავრობისა და უკრაინის ხალხის ნებაა მოილაპარაკოს ამ კონფლიქტის მოგვარებაზე ისე, როგორც ეს მათთვის იქნება მისაღები. ამ დრომდე ისინი აჩვენებენ შთამბეჭდავ სიმამაცეს არა მხოლოდ თავიანთი სამშობლოს დაცვაში, არამედ პრინციპებისა, რომლებიც ახლა სასწორზე დევს. ისინი შესანიშნავად იბრძვიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. მათ შესწევთ ასე თავდადებით ბრძოლის უნარი იმ მხარდაჭერით, რომელსაც იღებენ აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისგან იმის გამო, რომ ნატოს ძლიერი პარტნიორები არიან.

თავიანთი სამშობლოს დამცველი უკრაინელებისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი უპრეცედენტოა. ეს იმითაც არის გაპირობებული, რომ ნატო არის ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკურ-სამხედრო ალიანსი და უკრაინა და საქართველო იზიარებენ ამ ღირებულებებს. ამიტომაც არიან ალიანსისთვის ღირებული პარტნიორები. ამიტომაცაა, რომ აშშ ამდენს აკეთებს უკრაინისა და საქართველოს ნატოში სწრაფვის მხარდასაჭერად.

ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, მაგრამ, თუკი შევხედავთ რამხელა გზა გაიარეს უკრაინამ და საქართველომ, საკმაოდ შთამბეჭდავია. ახლა დროა, საქართველომ და უკრაინამ გააკეთონ, რაც აუცილებელია, რომ მზად იყვნენ - როგორც მყარი დემოკრატიისა და ძლიერი სამხედრო უნარების სახელმწიფოები - უერთგულონ აუცილებელ რეფორმებს ამ პოლიტიკურ-სამხედრო ალიანსის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ეს უზარმაზარი შესაძლებლობაა, როცა ასეთი მხარდაჭერაა ჩვენი ძლიერი პარტნიორების - უკრაინისა და საქართველოსთვის.

რადიო თავისუფლება: უფრო გასაგები რომ იყოს - ანუ, აშშ არ განიხილავს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ომის შეწყვეტის ბერკეტად? იყო თუ არა საერთოდ მსჯელობა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, როგორც ომის თავიდან აცილების ბერკეტზე, მაგალითად, დეკემბერში?

კელი დეგნანი: არ შევსწრებივარ მსგავს საუბრებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი ფუნდამენტური გადაწყვეტილებები ნამდვილად არის პრეზიდენტ ზელენსკის, მისი კაბინეტის, მისი ხალხის მისაღები. აშშ რჩება უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების ძლიერ მხარდამჭერად. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ საქართველოსთან ამდენი წლის მანძილზე, რომ ის შესაბამისობაში იყოს ნატოს წევრობისთვის საჭირო მოთხოვნებთან - როგორც სამხედრო, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების მზადყოფნის თვალსაზრისით.

ძალიან დიდი რამ დევს სასწორზე პრინციპების, ღირებულებებისა და ცხოვრების წესის კუთხით, რასაც ვაშენებთ ბოლო 30 წელია და რითაც იზრდებოდა ჩვენი ეკონომიკები, ჩვენი ქვეყნები იყო მეტნაკლებად სტაბილური, ჩვენი საზოგადოებები ვითარდებოდა.

რადიო თავისუფლება: ბოლო თვეებში აშშ-ისა და ნატოს სხვა ლიდერებისგან სულ გვესმის, რომ „ნატოს ტერიტორიის თითოეული ინჩი იქნება დაცული“. სად და რა ვითარებაში იწყება ამ ინჩების ათვლა? შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, როდის ჩაითვლება, რომ რუსეთი შეეხო ნატოს ტერიტორიას?

კელი დეგნანი: ეს არის ტერიტორია, რომელსაც იცავენ ისინი, ვინც ერთგულია ვაშინგტონის ხელშეკრულებისა. ალიანსის წევრობა მოიპოვება, მიიღწევა, როცა აკმაყოფილებ როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო კრიტერიუმებს. ნატოს თითოეულმა წევრმა გაიარა ამ მოთხოვნების შესრულების მკაცრი პროცესი. ეს საჭიროა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა, ვინც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მაგიდას უზის, იზიარებს ერთსა და იმავე ღირებულებებს, დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ერთგულებას და აქვს ერთნაირი სამხედრო შესაძლებლობები. ასე ინარჩუნებს ალიანსი ეფექტიანობას დაიცვას ნატოს ტერიტორია და ნატოს პრინციპები.

რადიო თავისუფლება: ხვალ აშშ-ის პრეზიდენტი ევროპაში მიემგზავრება და ხუთშაბათს ის მონაწილეობას მიიღებს ნატოს საგანგებო სამიტში, იმავე დღეს მონაწილეობას მიიღებს დიდი შვიდიანის სამიტში და ევროკავშირის სამიტში (სხვათაშორის, ეს დღე ემთხვევა აშშ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს). ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა ნატოს სამიტის პროგრამა ან დღის წესრიგი. შეგიძლიათ გვითხრათ რას შეიძლება ველოდეთ ამ სამიტისგან?

კელი დეგნანი: ეს ადასტურებს იმას თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს აშშ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კონსულტაციებს. როგორც ხედავთ, [პრეზიდენტ ბაიდენს] ძალიან დატვირთული დღის წესრიგი აქვს და ეს ემსახურება იმას, რომ გაგრძელდეს მჭიდრო კოორდინაცია, რისი მოწმეებიც ვართ უკვე თვეებია, იმ დროიდან მოყოლებული, ვიდრე დაპირისპირება დაიწყებოდა.

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უკრაინაში პუტინის აგრესიულ შეჭრაზე პასუხი იყო ასეთი ძლიერი და ერთიანი, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კოორდინაცია მოკავშირეებთან, პარტნიორებთან, რიგ შემთხვევაში იმ ქვეყნებთანაც, რომლებიც არც ისე ახლოს არიან ჩვენთან. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი არის გაეროში 141 სახელმწიფოს მიერ რუსეთის აგრესიის დაგმობის მხარდაჭერა და მათ შორის იყო საქართველო, რომელიც იმ რეზოლუციის თანაინიციატორიც იყო. ეს ჩემთვის არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ მსოფლიოს უდიდესი უმრავლესობა არ უჭერს მხარს სუვერენულ სახელმწიფოში ასეთ შეჭრას. მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნედ ქცევა, ქალაქების დაბომბვა, განადგურება და ძალის უსაფუძვლოდ გამოყენება. ძალიან დიდი რამ დევს სასწორზე პრინციპების, ღირებულებებისა და ცხოვრების წესის კუთხით, რასაც ვაშენებთ ბოლო 30 წელია და რითაც იზრდებოდა ჩვენი ეკონომიკები, ჩვენი ქვეყნები იყო მეტნაკლებად სტაბილური, ჩვენი საზოგადოებები ვითარდებოდა. ეს ყველაფერი დევს სასწორზე.

არ გვინდა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს "უკანა კარად" კომპანიებისა და პირების მიერ სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით.

რადიო თავისუფლება: და უპირველესად - ადამიანების სიცოცხლე.

კელი დეგნანი: უპირველესად და ყველაზე მეტად.

რადიო თავისუფლება: ფიქრობთ თუ არა, რომ უკრაინაში ომმა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა უფრო შორეულად აქცია?

კელი დეგნანი: როგორც აღვნიშნე, ნატო არის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ალიანსი და უკრაინაც და საქართველოც იზიარებენ ამ ღირებულებებს - თავისუფლებისადმი ერთგულებას, ადამიანის უფლებებისადმი, სუვერენიტეტისადმი, ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემას. საქართველოსნაირმა ქვეყანამ, რომელსაც 2008 წლის შეჭრის გამოცდილება აქვს და რომლის ტერიტორიის 20%-იც ოკუპირებულია რუსეთის ჯარის მიერ, ეს კარგად იცის.

როგორც უკვე ვთქვი, ახლა არის აუცილებელი რეფორმების განხორციელებისა და იმ ნაბიჯების გადადგმის დრო, რაც უზრუნველყოფდა საქართველოს მაქსიმალურ სამხედრო მზადყოფნას და აშშ თანამშრომლობს საქართველოსთან ნატოსკენ ნაბიჯების გადასადგმელად. ეს არის წარმოუდგენელი შესაძლებლობა საქართველოსთვის. დასაკარგავი დრო არ არის.

რადიო თავისუფლება: მოდით, სხვაგვარად დავსვამ იგივე შეკითხვას: უკრაინის ომის ფონზე ნატოს მოკავშირეებს შორის კონსენსუსის მიღწევა უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ომამდე იყო?

კელი დეგნანი: მე არ ვარ ნატოს შტაბბინაში და არ ვუზივარ მაგიდას, სადაც მიმდინარეობს ამ საკითხებზე მსჯელობა, მაგრამ შემიძლია გავიმეორო, რომ ადამიანებს ესმით სასიცოცხლო მნიშვნელობა ერთიანობისა, რომელსაც ვხედავთ და ამ ერთიანობას განაპირობებს ბრძოლა საერთო ღირებულებებისთვის.

მხოლოდ რუსეთი ხეირობს ქართველების დაყოფით. ახლა ერთიანობის დროა.

რადიო თავისუფლება: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და საქართველოს პოზიცია... რუსეთის უკრაინაში ხელმეორედ შეჭრიდან მეორე დღესვე საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს მონაწილეობის მიღებას რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში „ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით“. მოგვიანებით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გაიმეორა, რომ „საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს“. შემდეგ ბატონმა ღარიბაშვილმა თავის პოლონელი კოლეგის მატეუშ მორავიეცკის ვიზიტის დროს მას შეახსენა, რომ დასავლეთს არ დაუწესებია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში 2008 წლის ომის გამო და ის, რომ საქართველოს მთავრობამაც თავი აარიდა ამასო.

გასულ კვირაში ყურადღება მივაქციე თქვენს განმარტებას სანქციებზე. ჩემი შეკითხვა ასეთია: ზუსტად რას გულისხმობს საქართველოს შესაბამისობა საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან? რა იქნება ამ რეჟიმის დარღვევის შედეგები და რა არ გსურთ, რომ აურიოს ერთმანეთში საქართველომ? თუკი საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, მას სჭირდება რუსეთთან საბანკო სისტემის, გარკვეული საფინანსო კავშირების გამოყენება. შეგიძლიათ მეტად განმარტოთ ეს საკითხი?

კელი დეგნანი: შემიძლია ვთქვა, რაც არ გვინდა - არ გვინდა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს "უკანა კარად" კომპანიებისა და პირების მიერ სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით.

ვიცი, დიდი დაბნეულობაა იმაზე, რას ნიშნავს სანქციებთან მიერთება ან სანქციებთან შესაბამისობა. ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია, რომ საქართველო არის საერთაშორისო სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობაში. თუკი საქართველოს სურს თავისი, ორმხრივი სანქციები დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ, რაც წარსულში გაუკეთებია, ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია.

ამ დრომდე საქართველოს მთავრობა იცავს საერთაშორისო სანქციების რეჟიმს. ყველა სანქცია არ შეეხება საქართველოს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად და არ მგონია, ეს მოხდეს. ამგვარ ქმედებებზე მონიტორინგის ძალიან ბევრი მექანიზმი მუშაობს. რა თქმა უნდა, კომპანიების გადასწყვეტია, როგორ აწარმოებენ ბიზნესს რუსეთთან. თითოეულმა ქვეყანამ ასევე შეიძლება გადაწყვიტოს, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია მხარდაჭერის გამოსახატავად უკრაინისთვის, რომელიც ასე მამაცურად, ასე უშიშრად ებრძვის თავისზე ბევრად დიდ ძალას და როგორი ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია პუტინისა და კრემლისთვის ძალიან მკაფიო გზავნილის გამოსახატავად - რომ ჩვენი უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების ხელყოფა წარმატებული ვერ იქნება.

ნაკლები ენერგია უნდა იხარჯებოდეს ერთმანეთზე თავდასხმასა და ერთმანეთისთვის რაღაც სახელების დარქმევაში და იმის მცდელობაში, რომ გამოიწვიონ საზოგადოების მეტი დაყოფა, შიში და დაბნეულობა. საქართველოს ხალხი დაიღალა ამით.

რადიო თავისუფლება: სანქციების საკითხი და საქართველოს პოზიციონირება უკრაინაში ომის მიმართ სწორედაც დაკავშირებულია საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან, მის არჩევანთან. ამ კონტექსტში, ბოლო ხანს თვალყურს ვადევნებთ დაპირისპირებას ერთი მხრივ პრეზიდენტსა და მეორე მხრივ მთავრობასა და მმართველ პარტიას შორის. ბოლო ხანს პრეზიდენტი გამოკვეთილად აქტიურია საგარეო ასპარეზზე და ახლა ის არის სამიზნე ერთგვარი „სანქციებისა“ „ქართული ოცნების“ მხრიდან... რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ უფრო პროგნოზირებადი იყოს, უფრო კონსოლიდირებულად გამოიყურებოდეს საერთაშორისო ასპარეზზე?

კელი დეგნანი: ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილი შესანიშნავად მოიქცა, როცა მოახდინა არტიკულაცია ზუსტად იმისა, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს. საქართველოს სჭირდება გაერთიანება. საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი, საქართველოს მოსახლეობა უნდა გაერთიანდეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, უკრაინის მხარდასაჭერად. პრეზიდენტი ზურაბიშვილი მუშაობს გულწრფელად საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის როგორც საერთაშორისო სცენაზე, ასევე ქვეყნის შიგნით. ძალიან კარგი იყო მისი მოწოდება ერთობისკენ და ძალიან დროული. საქართველოს არ აქვს ამ საშინაო ბრძოლის დრო. ახლა არის მომენტი, როცა საქართველო უნდა იყოს ერთიანი. და, მე მინახავს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ერთობლივად მუშაობა. ვიცი, რომ მათ ეს შეუძლიათ.

რადიო თავისუფლება: როდის? გასულ გაზაფხულს გულისხმობთ?

კელი დეგნანი: მოლაპარაკებებზე, რომელიც დასრულდა 19 აპრილის შეთანხმებით. ამ შეთანხმებამ აჩვენა, რომ მათ შეძლეს გზამკვლევზე შეთანხმება. საბოლოოდ, ორივე მხრიდან არსებული მიზეზების გამო, მათ მიატოვეს ეს შეთანხმება. მაგრამ, პარლამენტის 150-დან 129 წევრმა ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, ხელი მოაწერა იმ რეფორმებს, რაც ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ არსებობს თახმობა, რა უნდა გააკეთოს საქართველომ წინსვლისთვის და ვფიქრობ, ეს არის გაერთიანების შესაძლებლობა უკრაინის მხარდასაჭერად და ასევე საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის, პოლარიზაციის გვერდზე გადადებით, რომელმაც ასე ღრმად დაყო ეს ქვეყანა. მხოლოდ რუსეთი ხეირობს ქართველების დაყოფით. ახლა ერთიანობის დროა.

ვფიქრობ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი არის ძალიან კარგი მექანიზმი პოლიტიკური ლიდერებისა და სხვების თავმოყრისა და საქართველოს მოსახლეობისთვის იმის ჩვენების, რომ მზად არიან საქართველოს მომავლისთვის, მისი ევროატლანტიკური მომავლისა და საუკეთესო ინტერესებისთვის სამუშაოდ.

რადიო თავისუფლება: ანუ, თვლით, რომ ქართველი პოლიტიკოსები უნდა დაუბრუნდნენ, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, „შარლ მიშელის შეთანხმებას“?

კელი დეგნანი: არ არის აუცილებელი 19 აპრილის ან შარლ მიშელის შეთანხმება უწოდონ. არის რეფორმები, რომლების გატარებაც საქართველოს სჭირდება ევროკავშირში განაცხადის მხარდასაჭერად, ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობისთვის. ასე რომ, თუკი საქართველო სერიოზულად ეკიდება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხებს, ეს არის გზამკვლევი იქამდე მისასვლელად. საქართველოს რომელ რეგიონშიც უნდა ჩავიდე (ეს ჩემი საქმიანობის ყველაზე სასიამოვნო ნაწილია), ადამიანებისგან მესმის, რომ მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი. ისინი მეუბნებიან, რომ ევროპა არის საქართველოს მომავალი. რუსეთს უყურებენ, როგორც წარსულს - შეუსრულებელი დაპირებების წარსული. საქართველოს მოსახლეობის 75%-ზე მეტს სურს საქართველო გახდეს ნატოს წევრი. 80%-ზე მეტს სურს საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ეს განწყობა ნარჩუნდება წლების განმავლობაში. ეს არის მოსახლეობის ძალიან ძლიერი პოზიცია ქვეყნის მომავალზე.

რადიო თავისუფლება: კონკრეტულად რისთვის უნდა იყოს გამოყენებული დრო, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი იყოს წარმატებული, მას შემდეგ, რაც უკვე წარვადგინეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

კელი დეგნანი: ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოსთვის, მაგრამ ასევე არის ძალიან ამბიციური ნაბიჯი და ძალიან ბევრი საქმე იქნება გასაკეთებელი. პირველი ნაბიჯი იქნებოდა ერთობლივი, ინკლუზიური სამოქმედო ჯგუფის შექმნა, რომელშიც ყველა პოლიტიკური ლიდერი, სამოქალაქო საზოგადოება, მედიის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლებები იქნებოდნენ ჩართულები, რომ ეს პროცესი ეკუთვნოდეს და წარიმართოს საქართველოს ხალხის მიერ. ამაში ძალიან დიდი შრომა უნდა ჩაიდოს და არ შეიძლება დროის დაკარგვა, განსაკუთრებით ახლა, როცა დრო შემჭიდროვდა. ამავე დროს, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსთვის და კიდევ ერთი მიზეზი, რომ საქართველო გაერთიანდეს, გვერდზე გადადოს განსხვავებები, რომლებიც ასე ანაწევრებს მას და იწვევს ქვეყნის პოლარიზაციას.

რადიო თავისუფლება: რას თვლით მთავარ გამოწვევებად რეფორმების განხორციელების გზაზე?

კელი დეგნანი: აქამდე ნანახით თუ ვიმსჯელებთ, საჭიროა მეტი პოლიტიკური ნება, მეტი თანმიმდევრულობა. საჭიროა კონცენტრაცია იმაზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული პროგრესისთვის და ალბათ, ნაკლები ენერგია უნდა იხარჯებოდეს ერთმანეთზე თავდასხმასა და ერთმანეთისთვის რაღაც სახელების დარქმევაში და იმის მცდელობაში, რომ გამოიწვიონ საზოგადოების მეტი დაყოფა, შიში და დაბნეულობა. საქართველოს ხალხი დაიღალა ამით.

ეს ადამიანები ემხრობიან ძალადობას, აქვთ მკვეთრად პრორუსული გზავნილი - სურთ რუსეთის ძალები, რუსეთის ბაზები საქართველოში. პოტენციურად ქმნიან ვითარებას რუსეთის შემოჭრის გასამართლებლად. ეს ადამიანები არ ემსახურებიან საქართველოს საუკეთესო ინტერესებს.

სხვადასხვა კვლევის თანახმად, ადამიანებს სურთ, რომ მათი პოლიტიკური წარმომადგენლები მუშაობდნენ ერთად, პარლამენტში. სწორედ იქ უნდა იყვნენ, სადაც უამრავი საქმეა გასაკეთებელი და პარლამენტის ბევრი წევრი მზად არის ამისთვის, მზად არიან მუშაობისთვის და ერთმანეთთან თანამშრომლობისთვის.

ვფიქრობ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი არის ძალიან კარგი მანქანა პოლიტიკური ლიდერებისა და სხვების თავმოყრისა და საქართველოს მოსახლეობისთვის იმის ჩვენების, რომ მზად არიან საქართველოს მომავლისთვის, მისი ევროატლანტიკური მომავლისა და საუკეთესო ინტერესებისთვის სამუშაოდ.

რადიო თავისუფლება: დიახ, იმ მანქანას მუდმივად სჭირდება საწვავი, ძრავამ რომ იმუშაოს...

ყველანი ვაკვირდებით რუსეთის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გააქტიურებას მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც, აგრეთვე გააქტიურებას პრორუსული ჯგუფებისა, რომლებიც ღიად აგრესიულები არიან და ემუქრებიან კიდეც სოციალურად აქტიურ პირებს, როგორიც არის, მაგალითად, სამირა ბაირამოვა მარნეულში. მათი აგრესიული რიტორიკის სამიზნეები ხართ თქვენც და სხვა დასავლელი დიპლომატებიც. მაგალითად, გასულ წელს თქვენს განცხადებას მოსამართლეთა მორიგი დანიშვნის შესახებ, იმ დროისთვის „ალტ ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მახარაძემ განაცხადა: „ჩვენ მივიყვანთ მდგომარეობას იქამდე, რომ ამერიკის საელჩო საკუთარ თავს ეგეთი პრეტენზიის დაფიქსირების უფლებას აღარ მისცემს და ელჩი დაკავებული იქნება იმითი, რაც უნდა აკეთოს ელჩმა - ვიზებით, კულტურული გაცვლით და გარკვეული პროგრამებით. ჩვენი ამოცანაა საქართველოს დეკოლონიზაცია“. რამდენად სერიოზულ გამოწვევად თვლით ამას საქართველოსთვის და რა იქნებოდა ეფექტიანი ინსტრუმენტი რუსეთის პროპაგანდისთვის და უკვე არა მხოლოდ პროპაგანდის წინააღმდეგ, როგორც ვხედავთ გასული ზაფხულის მოვლენების შემდეგ?

კელი დეგნანი: არ მინდა ამ ადამიანებს იმაზე მეტი მნიშვნელობა მივანიჭო, ვიდრე არიან.

რადიო თავისუფლება: მესმის.

ისტორიაში ყოფილა ბევრი შემთხვევა, როცა რუსეთმა დაარღვია დანაპირები საქართველოს მიმართ. ყველაზე ბოლო 2008 წელს იყო - დღემდე ველოდებით რუსეთისგან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან მისი ჯარების გაყვანის ჩათვლით.

კელი დეგნანი: თუმცა, გეთანხმებით, რომ ეს ადამიანები ემხრობიან ძალადობას, აქვთ მკვეთრად პრორუსული გზავნილი - სურთ რუსეთის ძალები, რუსეთის ბაზები საქართველოში. პოტენციურად ქმნიან ვითარებას რუსეთის შემოჭრის გასამართლებლად. ეს ადამიანები არ ემსახურებიან საქართველოს საუკეთესო ინტერესებს. ისინი არიან რუსეთის დეზინფორმაციის იარაღი, რისი მოწმეც არის საქართველო უკვე წლებია. ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ნებისმიერი სახის მხარდაჭერა, რაც ამან შეიძლება მოიპოვოს და განსაკუთრებით შემაშფოთებელია მათი მხრიდან ძალადობა მშვიდობიანი ადამიანების გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს პრინციპებს და საქართველოს კონსტიტუციას. სხვა ქვეყნებში გათიშეს ასეთი ძალადობრივი მაუწყებლობები, რადგან ისინი ეწევიან ძალადობისა და სიძულვილის პროპაგანდას. ვფიქრობ, ამაზე პასუხი არის დაეხმარო მოსახლეობას გაიგოს, რასაც ისმენს, გაიგოს - რაშია საფრთხე. აშშ ბევრს აკეთებს მედიაწიგნიერების კუთხით, რომ ახალგაზრდებმაც და ზრდასრულებმაც უკეთესად შეძლონ ყალბი ამბების ამოცნობა, უკეთესად დაინახონ ცრუ ნარატივები, რომელთა მიზანიც დაბნეულობის გამოწვევა და საზოგადოების დაყოფაა.

რადიო თავისუფლება: მაგალითად, ნეიტრალიტეტის საკითხის შემოტანა? ერთ-ერთი რუსული ნარატივია - თუკი საქართველო აირჩევს ნეიტრალიტეტს და უარს იტყვის ნატოზე, ის ბედნიერი იქნება და რუსეთის მხრიდან აგრესია აღარ იქნება.

კელი დეგნანი: საქართველოს ხალხმა არაერთხელ განაცხადა - რა სურს მას და ეს არის ევროატლანტიკური მომავალი, მეტი დასავლური ინტეგრაცია ევროპული ქვეყნების ოჯახში. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ რუსეთთან დადებული შეთანხმებები იშვიათად სრულდება. ისტორიაში ყოფილა ბევრი შემთხვევა, როცა რუსეთმა დაარღვია დანაპირები საქართველოს მიმართ. ყველაზე ბოლო 2008 წელს იყო - დღემდე ველოდებით რუსეთისგან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან მისი ჯარების გაყვანის ჩათვლით. ასე რომ, ვფიქრობ, ქართველები ძალიან ფრთხილად იქნებიან ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას.

შშ-ის საელჩოში გვაქვს 30 სააგენტოსა და უწყების ოფისი, რომლებიც მუშაობენ საქართველოსთვის მნიშვნელოვან სფეროებზე: ეკონომიკურ ზრდასა და დივერსიფიკაციაზე, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე, საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

რადიო თავისუფლება: აშშ-საქართველოს პარტნიორობით რომ გავაგრძელოთ - უკრაინის ომი (ასე ვუწოდებთ, თორემ გლობალური კატასტროფაა) შეცვლის აშშ-საქართველოს ორმხრივ დღის წესრიგს, პრიორიტეტებს, მაგალითად უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკურ ურთიერთობებში - აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევით და მსგავსი ნაბიჯებით, რაც ერთმანეთთან მეტ ინტეგრაციას მოიტანდა?

კელი დეგნანი: საქართველოს საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები ძალიან მკაფიოა. საჭიროა, როგორც უკვე ვთქვი, მეტი პოლიტიკური ნება და ბოლომდე მიყოლა იმ პროგრესის გასაგრძელებლად, რომელსაც მივაღწიეთ ამ მხრივ. აშშ საქართველოს გვერდით ედგა ამ გზაზე, 30 წლის განმავლობაში. როგორც აღნიშნეთ, 24 მარტს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს და ძალიან ვამაყობთ პროგრესით, რასაც საქართველომ მიაღწია და რასაც საქართველომ და აშშ-მა ერთად მიაღწიეს ამ წლების განმავლობაში. ეს არის ძალიან ფართო და ღრმა პარტნიორობა. აშშ-ის საელჩოში გვაქვს 30 სააგენტოსა და უწყების ოფისი, რომლებიც მუშაობენ საქართველოსთვის მნიშვნელოვან სფეროებზე: ეკონომიკურ ზრდასა და დივერსიფიკაციაზე, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე, საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ლაპარაკია უამრავ პროექტზე, მათ შორის ბაზრებზე წვდომაზეც. ვლაპარაკობდით საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაზე და ჩვენი არაერთი პროგრამა დაეხმარა საქართველოს ყოფილიყო ნაკლებად დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, ეპოვნა ახალი ბაზრები. 2019-ში, როცა რუსეთმა ფრენები აკრძალა, საქართველო გადაეწყო ტურისტებზე, რომლებიც ჩამოდიოდნენ ევროპიდან, ამერიკიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან და ტურისტები ამ ქვეყნებიდან მეტ ფულს ხარჯავენ, როცა საქართველოში ჩამოდიან. ასე რომ, საქართველოს მრავალგვარი შესაძლებლობა აქვს. გასულ წელს USAID-ის 7 მილიონი დოლარის პროგრამა წამოვიწყეთ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ხელშესაწყობად, რომ საქართველო ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსეთსა და სხვა ქვეყნებზე, რომ განავითაროს საკუთარი განახლებადი ენერგიის რესურსები. ასე რომ, ბევრ სფეროში ვმუშაობთ. გვყავს კარგი პარტნიორები საქართველოში, რომ გავაძლიეროთ ეკონომიკა, ავაშენოთ დემოკრატიული ინსტიტუტები და დავეხმაროთ საქართველოს იყოს მზად დაიცვას საკუთარი სახმელეთო და საზღვაო საზღვრები საკუთარი თავდაცვის ძალების, სასაზღვრო ძალებისა და სამართალდამცავი სისტემის გაძლიერების გზით. ძალიან ვამაყობთ, რასაც აშშ-მა და საქართველომ მიაღწიეს ბოლო 30 წლის განმავლობაში და ენთუზიაზმით ვუყურებთ მომავალს.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG