Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სკოლებში უკრაინიდან ლტოლვილი 58 მოსწავლე ჩაირიცხა. 76 ჩარიცხვის მოლოდინშია


უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში ლტოლვილი უკრაინელი მოსწავლეების ნაწილმა საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა უკვე დაიწყო.

რადიო თავისუფლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, რომ 23 მარტის მონაცემებით თბილისისა და რეგიონების სკოლებში ჩარიცხვის სურვილი გამოთქვა სხვადასხვა ასაკის 136 მოსწავლის მშობელმა, მათგან 58 უკვე ჩარიცხულია.

სამინისტროდან ინფორმაციით, ზოგადად მოსწავლის სკოლაში მისაღებად საჭიროა რამდენიმე სახის დოკუმენტი, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე ეს წესი არ ვრცელდება და ისინი გამარტივებულად ირიცხებიან სკოლებში. საკმარისია სასურველ სკოლაში განაცხადის გაკეთება.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა რა ენაზე სწავლობენ ის მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში უკვე დადიან, ასევე, როგორ აპირებს სამინისტრო ენობრივი ბარიერის პრობლემის მოგვარებას, ხომ არ მოხდება პროცესში უკრაინულენოვანი პედაგოგების ჩართვა?

უწყებიდან მოგვწერეს: უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო სთავაზობს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე, სხვა ენებზე.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა რადიო თავისუფლებას 18 მართს უთხრა, რომ

"სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინულ ენაზე შევთავაზოთ განათლების მიღება უკრაინულენოვან მოსწავლეებს".

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანახმად, სურვილის შემთხვევაში ლტოლვილ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ფსიქო-სოციალური მომსახურებაც. ეს სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით 10 ადგილზეა ხელმისაწვდომი: 2 თბილისში, თითი-თითი კი თელავში; რუსთავში; გორში; ქუთაისში; ბათუმში; ახალციხეში; ფოთში და ზუგდიდში.

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი ამბობს, რომ 23 მარტის ინფორმაციით საქართველოში უკრაინის დაახლოებით 20 ათასი მოქალაქე იმყოფება.

გაეროს მონაცემებით 3.6 მილიონამდე გაიზარდა, თითქმის ერთი თვის განმავლობაში უკრაინიდან ლტოლვითა რაოდენოდა. მათ შორის 1.5 მილიონზე მეტი ბავშვია.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე.

XS
SM
MD
LG