Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის ოფიცრების ოჯახის წევრები გავიდნენ


რუსეთის სამხედრო ბაზა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს
რუსეთის სამხედრო ბაზა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს

23 მარტის საღამოს დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სოციალურ ქსელებში, მათი აზრით, ყალბი ინფორმაციების გავრცელების შესახებ.

22 მარტის საღამოს სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზის ოფიცრების და მოსამსახურეების ოჯახის წევრები მასობრივად ტოვებენ რეგიონს და რუსეთში მიემგზავრებიან. ამ ინფორმაციამ ადგილობრივი საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია, მათი თქმით, ჯერ რუსულ შენაერთებთან ერთად ოსური ბატალიონი გადაისროლეს უკრაინაში და ცხინვალი დაუცველი დატოვეს, ახლა კი მათი ოჯახების გასვლაც ავისმომასწავლებელიაო. სწორედ ინფორმაციის პანიკურ გავრცელებას და ამით გამოწვეულ შიშებს უპასუხა დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა სპეციალური განცხადებით, რომელშიც ვკითხულობთ: „კაგებე სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასაზღვრო ძალების, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის სტრუქტურების თანამშრომლების ოჯახების წევრები იმყოფებიან რესპუბლიკაში და ახორციელებენ ყოველდღიურ სამსახურებრივ მოვალეობას. რესპუბლიკიდან გავიდნენ მხოლოდ იმ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინაში სპეციალურ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. მათმა ოჯახების წევრებმა კი დატოვეს რესპუბლიკა და რუსეთში გადავიდნენ".

დე ფაქტო „კა-გე-ბე"-მ არ უარყო, რომ მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზის ოფიცრების ოჯახები რუსეთში წავიდნენ, თუმცა განმარტავს, რომ ეს არ ყოფილა ევაკუაცია. მისივე ინფორმაციით, „ეფ-ეს-ბე"-ს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების ოჯახები ადგილზე დარჩნენ. რუსეთის ფედერაციის „ეფ-ეს-ბე"-ს​ სასაზღვრო სამსახური დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ საზღვრის მოწყობასა და დაცვაზეა პასუხისმგებელი.

დე ფაქტო „კა-გე-ბე"-მ მოუწოდა მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ წამოეგონ დესტრუქციული ძალების პროვოკაციებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ცხინვალის რეგიონში შიდა პოლიტიკური სიტუაციის გართულებას.

16 მარტს ცხინვალიდან გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახული იყო მე-4 სამხედრო ბაზიდან სამხედრო ტექნიკის და პირადი შემადგენლობის როკის გვირაბისკენ გადაადგილება. ეს შენაერთი ვლადიკავკაზიდან უკრაინაში გადაისროლეს. ამას ისიც დაემთხვა, რომ ცხინვალში გადაასვენეს უკრაინაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ანდრეი ბაკაევის ცხედარი. ბაკაევი რუსეთის 58-ე არმიის ჯარისკაცი იყო და ერთ-ერთი შეტაკებისას უკრაინაში დაიღუპა. ადილობრივი მცხოვრებლები კი მე-4 ბაზაზე მომსახურე ცხინვალელების გაყვანაში პასუხისმგებლობას დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს აკისრებენ, რადგან ბიბილოვი მათ (2015 წლიდან, მას შემდეგ რაც ადგილობრივი შეიარაღებული ძალები ფაქტობრივად გაუქმდა და ცხინვალელი ჯარისკაცები რუსულ ბაზაზე კონტრაქტით გადავიდნენ) ჰპირდებოდა, რომ ეს ახალგაზრდები მუდმივი დისლოკაციის ადგილს არ შეიცვლიდნენ.

სოციალური ქსელების ცხინვალელი მომხმარებლები ირწმუნებიან, რომ რუსული ტექნიკის გარდა, ცხინვალისთვის განკუთვნილი სამხედრო ტექნიკაც გაიყვანეს როკის გვირაბის გავლით.

საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ის ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების საგაზაფხულო გაწვევა გამოაცხადა, რომელიც აპრილიდან დაიწყება. გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული კონტიგენტის რაოდენობა, თუმცა ოფიციალური წყაროებით ცნობილია, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები წარმოადგენს ერთ ბატალიონს, დანარჩენი სამხედროები კი კონტრაქტით რუსეთის საოკუპაციო - მე-4 ბაზაზე მსახურობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG