Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის პარლამენტების თავმჯდომარეები კიევში ჩავიდნენ


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ​შეხვდა ბალტიის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს. კიევში უკრაინის მხარდასაჭერად ჩავიდნენ ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარ მურნიეცე, ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი და ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუს) თავმჯდომარე იური პატასი.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ვებსაიტი იუწყება, ზელენკიმ ხაზგასმით აღნიშნა ვიზიტის მნიშვნელობა, მიუხედავად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რთული ვითარებისა, რომელიც გამოწვეულია რუსეთის სამხედრო აგრესიით.

„პირველივე საათებიდან თქვენ ჩვენთან ხართ ლიდერების და ხალხის დონეზე. ამიტომ ჩვენ თქვენი მადლიერი ვართ. უკრაინაში ეს ყველაფერი ესმით, ამ ყველაფერს აფასებენ", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა 24 მარტს კიევში უკრაინის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების თავმჯდომარეების მიერ ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებას.

24 მარტს რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში დაბომბა საავადმყოფოები, სამშობიარო, საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო დაწესებულებები.

ევროკავშირის ქვეყნები, აშშ და სხვა ქვეყნები რუსეთს შესაჩერებლად სანქციებს უწესებენ, საქართველოს ხელისუფლება კი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესების" გამო არ დაუწესებს სანქციებს. ამავდროულად, არ იცვლება რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლის წესი. ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში დარჩა რუსეთის 12 ათასი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG