Accessibility links

site logo site logo

ანასტასია გუბანოვამ მეექვსე ადგილი დაიკავა მსოფლიოს ჩემპიონატზე


ანასტასია გუბანოვა

ფიგურულ ციგურაობაში, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე, მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდა. საპრიზო სამეულები ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში შეივსო და საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ ოცდაშვიდი ქვეყნის ოცდათერთმეტ სპორტსმენს შორის მეექვსე შედეგი აჩვენა.

მოკლე პროგრამის შემდეგ, გუბანოვა მეთოთხმეტე ადგილზე იყო, 62.59 ქულით. თავისუფალ პროგრამაში კი გაცილებით უკეთ გამოვიდა - მსაჯებისგან 134.02 ქულა მიიღო და მხოლოდ ოთხ მონაწილეს ჩამორჩა. საერთო ქულებით (196,61) კი ექვსეულში შევიდა. ანასტასია გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად მიიღო მონაწილეობა და ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში.

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველად იღებს მონაწილეობას სრული გუნდით. ქალთა ინდივიდუალური შეჯიბრების დასრულებამდე სპორტულ წყვილებში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

მორის ყვითელაშვილი მამაკაცთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში, მოკლე პროგრამის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა. მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი კი ყინულზე ცეკვებში ჩაება მსოფლიოს კონკურენციაში და კვალიფიკაცია მეჩვიდმეტე ადგილით დაძლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG