Accessibility links

site logo site logo

რუსთავის „აზოტის“ თანამშრომლები უკრაინისთვის სისხლს აბარებენ


რუსთავის "აზოტის" თანამშრომლები უკრაინელებისთვის სისხლს აბარებენ. 2022 წელი, 26 მარტი.

რუსთავის "აზოტის" ქარხნის თანამშრომლებმა უკრაინელებისთვის სისხლის ჩაბარება 26 მარტს დილიდან დაიწყეს. კამპანიის ორგანიზატორია საქართველოს მეტალურგიული და სამთო-ქიმიური მრეწველობის პროფკავშირები, რომელიც გაერთიანებული პროფკავშირების შემადგენლობაშია.

"მიმდინარეობს დონაციის პროგრამა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. გვეხმარება ეროვნული სისხლის ბანკი. მომავალ კვირაში იგივე აქციები გაიმართება, ზესტაფონში, ტყიბულში და ჭიათურაში. ამის შემდეგ შეგროვებული სისხლი სამთავრობო არხით გაეგზავნება უკრაინელებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ.

"აზოტის" პროფკავშირის კომიტეტის წევრიმა, მუხრან ტაბატაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სისხლის დონაციის მოწოდებას ბევრი "აზოტელი" გამოეხმაურა. "დილიდან რიგებია", - ამბობს ის.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები 29 მარტს, პარლამენტთან, უკრაინის მხარდამჭერ აქციას გეგმავს. მასში მონაწილეობას მიიღებს ყველა დარგობრივი პროფკავშირი, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან.

"აქციაზე ევროპას მივმართავთ, რომ უკრაინასთან ერთად, საქართველოსაც მიენიჭოს [ევროკავშირის] წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს აქცია დაცლილი იქნება პოლიტიკური ინტერესებისგან ისე, რომ ერთმანეთს არავინ ეტყვის, ვინ არის ქოცი და ვინ - ნაცი", - თქვა დოლაბერიძემ.

პროფკავშირებს გამოქვეყნებული აქვს საბანკო ანგარიშის ნომერი, სადაც ხდება თანხის შეგროვება უკრაინის დასახმარებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG