Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარებმა ავიადარტყმა მიაყენეს ლვოვს


აფეთქების შედეგად წარმოქმნილი კვამლი ლვოვში
აფეთქების შედეგად წარმოქმნილი კვამლი ლვოვში

რუსეთის ჯარებმა ავიადარტყმა მიაყენეს დასავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ ლვოვს. ამის შესახებ ქალაქის მერი ანდრი სადოვოი იტყობინება Telegram-ში. ქალაქის ხელისუფლების ცნობით, იერიშის შემდეგ მოხდა სამი აფეთქება. წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთი ჭურვი მოხვდა ნავთობსაცავს, განადგურებულია საწვავ-საპოხი მასალების საწყობი.

სადოვოიმ მოსახლეობას მოუწოდა, საფრებში დარჩნენ.

ლვოვს რაკეტა უკანასკნელად მოხვდა 18 მარტს. აფეთქდა ავიასარემონტო ქარხანა. მაშინ ერთი ადამიანი დაიჭრა. 12 მარტს ღამით რუსეთის ჯარებმა 30 რაკეტა ესროლეს ლვოვის ოლქში მდებარე იავოროვის პოლიგონს. იერიშის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და 34 დაიჭრა.

თავის მხრივ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ საარტილერიო იერიშის დროს ხარკოვში, დრობიცკი იარში დაზიანდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი. მეორე მსოფლიო ომის დროს იქ დახვრიტეს 20 ათასამდე ადამიანი, ძირითადად ებრაელები. „ნაცისტები დაბრუნდნენ. ზუსტად 80 წლის შემდეგ,“ ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრა 24 თებერვალს დაიწყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით. კიევი მოსკოვს ბრალს სდებს სამოქალაქო სტრუქტურის მიზანმიმართულ განადგურებაში. რუსეთის მხარე აცხადებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე მიაქვს იერიში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG