Accessibility links

site logo site logo

ფინანსთა მინისტრი საწვავის ფასების გადახედვას ამ ეტაპზე არარეალურად მიიჩნევს


საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საწვავის ფასთან დაკავშირებით თბილისსა და რეგიონებში 27 მარტს გამართულ აქციებს.

აქციების მონაწილეები მოითხოვდნენ საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებას და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადასვლას, რაც, მათი თქმით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საწვავის ფასი დამოკიდებულია საერთაშორისო ბირჟებზე განხორციელებული ვაჭრობით დადგენილ საფასურზე. მისი თქმით, საწვავის ფასი ბოლო 2 კვირის განმავლობაში თითქმის 15-20%-ითაა გაზრდილი, საქართველო კი არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა და სრულად დამოკიდებულია იმპორტზე, რამაც ასახვა პოვა საწვავის ღირებულებაზე.

ფინანსთა მინისტრის თქმით, არსებული მდგომარეობა არ იძლევა გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, რომ გადაიხედოს საგადასახადო თუ სხვა პოლიტიკა.

„მინდა მოსახლეობას განვუმარტო, თუ რა შინაარსი აქვს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეს არის დაყენებული საწვავის ფასთან დაკავშირებით. კონკრეტულად აქციზის და დღგ-ს გაუქმებასთან მიმართებაში. ეს ჯამურად ქვეყნის შემოსავლების ნაწილში შეადგენს 1.3 მილიარდ ლარს, ეს არის ჩვენი საგადასახადო შემოსავლების 8-დან 9 %-მდე. ბუნებრივია, ამხელა ტიპის შემოსავალზე, საგადასახადო შემოსავლების დაკლებაზე, როდესაც მიმდინარე წელი დაგეგმილია და დაგეგმილია იმ სოციალური ვალდებულებებით, რა ვალდებულებებიც ქვეყანას აქვს აღებული ჩვენი მოსახლეობის წინაშე, შეუძლებელია, ამაზე ამ ეტაპზე იქნას საუბარი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის წინაშე არის ძალიან ბევრი გამოწვევა, რაც, პირველ რიგში, მომდინარეობს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებიდან, რომლებსაც რუსეთი აწარმოებს. ლაშა ხუციშვილის თქმით, რეგიონის ყველა ქვეყანას, რომლებიც სავაჭრო ურთიერთობებს აწარმოებენ რუსეთთან, უკრაინასთან და ბელარუსთან, მოუწევს "საკმაოდ მაღალი ფასის გადახდა ომთან მიმართებაში".

27 მარტს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თბილისში მსვლელობა დაიწყეს რესპუბლიკის მოედნიდან, რის შემდეგაც პარლამენტთან შეჩერდნენ, შემდეგ კი, გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ესტაკადები ჩაკეტეს, რასაც ადგილზე საავტომობილო მოძრაობის პარალიზება, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

შსს-ს ცნობით, აქციის 20 მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

აქციის მოთხოვნები იყო საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა, რაც მონაწილეების განცხადებით, გააიაფებს საწვავის ფასს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG