Accessibility links

site logo site logo

უკრაინის პარლამენტს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი წარედგინა


პოჩაევის მონასტერი დასავლეთ უკრაინაში.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, ვერხოვნა რადას წარედგინა კანონპროექტი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოსა და მისი წევრი ეკლესიების აკრძალვის შესახებ. ეს ნიშნავს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვანი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვას. შესაბამისი დოკუმენტის ანკეტა პარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.

კანონპროექტი, რომელიც ჯერ არ არის შეტანილი კენჭისყრის გრაფიკში, მისი მიღებიდან 48 საათის განმავლობაში ითვალისწინებს მოსკოვის დაქვემდებარებაში არსებული საეკლესიო ხელისუფლების მთელი ქონებისა და ასევე რუსეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების მართვის ნაციონალიზებას. მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ეკლესია ასევე დაკარგავს არქიტექტურული ძეგლების, მაგალითად, კიევ-პეჩორის ლავრის, პოჩაევის მონასტრისა და სვიატოგორსკის ლავრის მართვის უფლებას. სამრევლოებს, მონასტრებსა და სემინარიებს „სინდისის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე“ ახალი ეკლესიის ასარჩევად 14 დღე მიეცემათ.

უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ყველაზე მრავალრიცხოვან უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც ფართო ავტონომია აქვს მინიჭებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ფარგლებში, ხშირად აკრიტიკებენ მოსკოვთან კავშირის გამო. მისი თავკაცი, მიტროპოლიტი ონოფრე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მუდმივი წევრია. ამასთან, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოწყობა არ ითვალისწინებს ხელისუფლების ვერტიკალს და პირდაპირ დაქვემდებარებას, ხოლო რუსეთის პატრიარქი კირილე არ უნდა იწოდებოდეს „ეკლესიის თავკაცად“.

თებერვლის ბოლოს, რაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ინტერვენცია წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინის ტერიტორიასა და დასავლეთის ქვეყნებში მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიების ეპარქიები და მრევლი მკვეთრად აკრიტიკებენ პატრიარქ კირილეს უკრაინაში მიმდინარე ომის უგულებელყოფის გამო. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 53 ეპარქიიდან სულ მცირე 15-მა უარი თქვა ლოცვებში კირილეს მოხსენიებაზე. ხოლო მიტროპოლიტ ონოფრესგან სულ უფრო ხშირად მოითხოვენ ავტოკეფალიას ანუ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან სრულ გამოყოფას.

მაისში რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაგეგმილია ეპისკოპოსთა საბჭოს შეკრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეკლესიის მთავარეპისკოპოსები და მიტროპოლიტები. რიგი საეკლესიო ექსპერტები მოუწოდებენ საბჭოს, რომ მოითხოვოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა ან დააყენოს კირილეს გადაყენების საკითხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG