Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ავსტრალიის პარლამენტს მიმართა - „გლობალური უსაფრთხოება საფრთხეშია“


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის პარლამენტს მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ავსტრალიას ენერგეტიკის სფეროში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის და ამასთან ყურადღება გაამახვილა რუსეთისგან მომდინარე ბირთვულ საფრთხეზე, რომელიც ყველა ქვეყანას შეიძლება შეეხოს.

ხშირად ამბობენ, რომ დაუსჯელი ბოროტება ბრუნდებაო. დავამატებდი - დაუსჯელი ბოროტება ბრუნდება ყოვლისშემძლეობის გრძნობით ფრთაშესხმული. მსოფლიოს რუსეთი რომ დაესაჯა იმისთვის, რაც მან 2014 წელს გააკეთა, 2022 წელს უკრაინის შეჭრის საშინელება არ მოხდებოდა. ხარვეზი ახლა უნდა გამოსწორდეს. მადლობელი ვარ ავსტრალიის ორპარტიული მხარდაჭერისთვის, იმ დახმარებისთვის, რომელიც თქვენმა სახელმწიფომ უკვე გაუწია უკრაინას. კერძოდ, ჩვენი ენერგეტიკისთვის საჭირო 70 ათასი ტონა ნახშირისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ერთად შეგვიძლია და ამიტომ უნდა გავაკეთოთ მეტი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ რუსეთი არ შეაჩერებს თავის ამბიციებს მისი ქვეყნის წინააღმდეგ, გლობალური უსაფრთხოება საფრთხეშია.

ზელენსკიმ ავსტრალიის საკანონმდებლო ორგანოს ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის შესახებაც განუცხადა.

ვერავინ იტყვის, რომ მსოფლიოს რომელიმე ნაწილი დაცულია რადიოაქტიური დაბინძურებისგან, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მოხდება. ქვეყანამ, რომელიც იყენებს ბირთვულ შანტაჟს, უნდა მიიღოს სანქციები, რომლებიც წარმოაჩენს, რომ ასეთი შანტაჟი დამღუპველია მისთვის", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის გამოსვლას ავსტრალიის პარლამენტში ტაშით შეხვდნენ, მისი სიტყვით გამოვლამდე ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა ზელენსკის გვერდში დგომა აღუთქვა და ომის შემდეგ ქვეყნის რეაბილიტაციაში დახმარებასაც შეჰპირდა.

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა ვიდეოფორმატში სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებისთვის, უკვე გარკვეულ ტრადიციად იქცა, 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. ამ ფორმით მსოფლიო სახელმწიფოები უკრაინისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ, უკრაინის ქალაქებში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, სასწავლო და ადმინისტრაციული დაწესებულებები, საკულტო ნაგებობები, მაღაზიები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG