Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარბიან, გადიან თუ გადაადგილდებიან?


გაანადგურეს რუსული სამხედრო ტექნიკა ქალაქ ბოროდიანკაში. 2022 წლის 3 მარტი
გაანადგურეს რუსული სამხედრო ტექნიკა ქალაქ ბოროდიანკაში. 2022 წლის 3 მარტი

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული მასშტაბური სამხედრო ინტერვენციის 36-ე დღესაც ძნელია იმის თქმა, თუ რა სტადიაშია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საომარი კამპანია, რა იქნება ერთი კვირის ან ერთი თვის შემდეგ.

31 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ დააფიქსირა ერთ ღამეში მოწინააღმდეგის დაახლოებით 700 ერთეული ტექნიკის გაყვანა კიევის ოლქიდან. როცა საზოგადოებას ამ ოპერატიულ ინფორმაციას აწვდიდა, უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილემ, გენერალმა ალექსანდრ გრუზევიჩმა, ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოწინააღმდეგისგან კვლავ არის მოსალოდნელი „სიურპრიზები“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთი სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, „რუსეთის ქვედანაყოფები უკან კი არ მიდიან, არამედ ადგილებს იცვლიან. რუსეთი ცდილობს გადაჯგუფებას, მარაგების შევსებას და დონბასში იერიშის გაძლიერებას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მაგრამ სამხედრო ძალის გადაჯგუფების გარდა, ფრონტის ხაზზე მყოფი რუსეთის არმიის შემადგენლობაში ადგილი აქვს მასობრივ დეზერტირობას და საბრძოლო ამოცანის შესრულებაზე ჯგუფურად უარის თქმას.

მართალია რუსული პროპაგანდა ასეთ ფაქტებს მალავს, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ფლობს ინფორმაციას რამდენიმე ასეთი შემთხვევის შესახებ. მათ შორის ერთ-ერთი სამხედრო ქვედანაყოფი, რომელმაც თითქმის სრული შემადგენლობით თქვა უარი დონბასში საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობაზე, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ფორმირებული რუსეთის საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი აღმოჩნდა.

ჯარისკაცებს წასვლაზე სარდლის საუბარმაც ვერ ააღებინა ხელი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა 31 მარტს გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ფორმირებულმა რუსეთის საბატალიონო-ტაქტიკურმა ჯგუფმა, რამდენიმე დღის წინ, თითქმის სრული შემადგენლობით თქვა უარი უკრაინაში ომზე, რის გამოც ისინი უკან დააბრუნეს.

ცნობაში აღნიშნულია, რომ საუბარია იმ საბატალიონო-ტაქტიკურ ჯგუფზე (მოტომსროლელთა ასეულსა და ნაღმმტყორცნელთა ქვედანაყოფზე), რომელიც ქალაქ ცხინვალში განლაგებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა და ჩაბმული იყო საბრძოლო მოქმედებებში დონეცკის მიმართულებით.

უცნობია, თუ რა იყო ჯარისკაცთა ამბოხის მიზეზი, მაგრამ საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფის პირადი შემადგენლობა, რომელმაც უარი თქვა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობაზე, „ორგანიზებულად“ გადაუყვანიათ სამხედრო პოლიგონ „კუზმინსკზე“ (როსტოვის ოლქი), სადაც ჯარისკაცებს ესაუბრა 58-ე არმიის სარდლის მოადგილე სამხედრო-პოლიტიკური მუშაობის დარგში. მაგრამ მის მოწოდებას, რომ გაეგრძელებინათ დასახული ამოცანის შესრულება, წარმატება არ მოჰყოლია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურმა ეს ცნობა უკრაინის დაზვერვისგან ოფიციალურად მიიღო. დაზვერვის ცნობაში ფიგურირებს მასობრივი დეზერტირობის კიდევ ერთი შემთხვევა რუსეთის საოკუპაციო ძალების რიგებში.

ასევე 29 მარტს, უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვა მე-18 მოტომსროლელთა დივიზიის ერთ-ერთი ასეულის პირადი შემადგენლობის თითქმის ნახევარმა. რუსეთის ფედერაციის დასავლეთ სამხედრო ოლქში შემავალი ამ ასეულის პოზიციები უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან იმყოფება.

მანამდე, 23 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაზვერვისგან მიიღო შეტყობინება, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ასევე ბელარუსმა სამხედროებმა.

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა კი ასეთი დაუმორჩილებლობის ფაქტებს საგულდაგულოდ მალავს, კანონის დამრღვევთა მიმართ რბილ დისციპლინურ სასჯელს იყენებს და არ მიმართავს სისხლისსამართლებრივ პროცედურებს.

„ამის მიზეზია შიში იმისა, რომ [გამოძიების დროს] შესაძლოა გამოაშკარავდეს ჯარში არსებული რეალური განწყობა და სამხედრო ნაწილებში მომხდარი ამბოხების შემთხვევები“, - აღნიშნულია უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობაში.

რას მალავს ცხინვალი?

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტელეგრამის არხის ცნობით, ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული მე-4 რუსული გვარდიული სამხედრო ბაზის სამხედრო კონტრაქტორთა ნაწილი 30 მარტს დაბრუნდა უკრაინის საბრძოლო მოქმედებათა ზონიდან.

ამასთან, უკრაინიდან დაბრუნებულ სამხედროთა მხრიდან არავითარ დაუმორჩილებლობასა და პოზიციების დატოვებაზე ოფიციალური ცხინვალი არ საუბრობს.

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ კრემლმა მის ასაწევად ჯარი უკან დააბრუნა.

მაგრამ ცხინვალში დაკომპლექტებულ ოსურ-რუსულ ქვედანაყოფს ერთი კვირის წინ უკრაინაში სულ სხვა განწყობით მიაცილებდნენ.

მაშინ სამხედროებს შეხვდა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და განაცხადა, რომ „მათ მშვენივრად ესმით, რომ მიდიან, რათა დაიცვან რუსეთი და დაიცვან ოსეთი“.

უკრაინაში მიმდინარე რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციაში“ მონაწილეობის მისაღებად ცხინვალიდან ორჯერ გაგზავნეს სამხედროები.

  • 16 მარტს უკრაინაში საომრად გაემგზავრნენ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები, რუსეთის მე-4 გვარდიული სამხედრო ბაზის კონტრაქტიანი სამხედროები.
  • 26 მარტს ცნობილი გახდა უკრაინაში დამატებითი კონტინგენტის გადასროლის შესახებ. ტელეგრამის არხების ინფორმაციით, უკრაინაში „სამხრეთ ოსეთიდან კიდევ დაახლოებით 150 მებრძოლი გაგზავნეს“.

ამ ხნის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სულ მცირე ერთი ცხინვალელი ახალგაზრდა, 58-ე არმიის ჯარისკაცი ანდრეი ბაკაევი დაიღუპა.

ადილობრივი მცხოვრებლები კი მე-4 ბაზაზე მომსახურე ცხინვალელების გაყვანაში პასუხისმგებლობას დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს აკისრებენ, რადგან ბიბილოვი მათ (2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი შეიარაღებული ძალები ფაქტობრივად გაუქმდა და ცხინვალელი ჯარისკაცები რუსულ ბაზაზე კონტრაქტით გადავიდნენ) ჰპირდებოდა, რომ ეს ახალგაზრდები მუდმივი დისლოკაციის ადგილს არ შეიცვლიდნენ.

ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების ოპონენტები გენოფონდის განადგურების საფრთხეზეც კი საუბრობდნენ.

„ეს არ არის საზარბაზნე ხორცი, ისედაც ძალიან ცოტანი დავრჩით. ჩვენ (უკვე) პრაქტიკულად დავკარგეთ გენოფონდი“, - განაცხადა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ, რომელმაც უკრაინიდან ჯარისკაცების მოულოდნელი დაბრუნების შემდეგ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ასეულობით ჩვენი მებრძოლი იმყოფება საბრძოლო მოქმედების ზონაში და გმირულად ასრულებს თავის ვალს, არ უნდა დავუშვათ, რომ რაიმე გარემოებამ შეარყიოს მათი მებრძოლი სული“, - აღნიშნავს კოკოითი.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში გადაისროლეს სამი ბატალიონი, რომელთა შემადგენლობაში 1200-მდე რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურეა. აფხაზეთიდან უკრაინაში ჩაიყვანეს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში მყოფი მე-7 ბაზის ორი ბატალიონი - დაახლოებით 800 სამხედრო.

უკრაინაში აცხადებენ, რომ ცხინვალიდან და სოხუმიდან 2000 ჯარისკაცის მობილიზება რუსეთის არმიის სავალალო მდგომარეობას უსვამს ხაზს და კარგს არაფერს უქადის იმ მებრძოლებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ბრძანების შესრულებას დათანხმდნენ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG