Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ეუთოს მისიის მოქმედების ვადის გაგრძელებას რუსეთი წინ აღუდგა


ეუთოს ავტომობილები აღმოსავლეთ უკრაინაში, 2021 წლის ნოემბერი.
ეუთოს ავტომობილები აღმოსავლეთ უკრაინაში, 2021 წლის ნოემბერი.

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) ვერ შეძლო უკრაინაში თავისი საგანგებო სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელება რუსეთის წინააღმდეგობის გამო. ამის შესახებ ეუთოს თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა.

მან თქვა, რომ 2014 წლიდან, როცა მისიამ უკრაინაში მუშაობა დაიწყო, ის "ხელს უწყობდა ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტას ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების შეკეთების მიზნით და ასევე, ის იყო მსოფლიო საზოგადოების თვალი და ყური იმ რეგიონში ".

ეუთოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა, განაცხადა, რომ მოსკოვი აცნობებს ორგანიზაციას თავისი თანამშრომლების გაწვევის შესახებ. მისი თქმით, რუს სპეციალისტებს "უბრალოდ ავიწროებდნენ" ეუთოს საგანგებო სადამკვირვებლო მისიაში უკრაინაში. თავად საგანგებო სადამკვირვებლო მისიის გაფართოებასთან ერთად, მცირდებოდა რუსეთის წარმომადგენლების წილი. "დაახლოებით 40 ადამიანი იყო. მაგრამ შემდეგ ხალხი უნდა შეცვლილიყო, ჩვენ ახალი სპეციალისტების დიდ პარტიას წარმოვადგენდით - პრაქტიკულად არავის იღებდნენ. ამიტომ 2021 წლის ბოლოსთვის ჩვენ მხოლოდ 28 ადგილი მივიღეთ", - განაცხადა ლუკაშევიჩმა ბრიფინგზე.
მან სხვა ქვეყნების მისიების წარმომადგენლები დაადანაშაულა უკრაინული მხარის დახმარებაში კონფლიქტის დროს, მათ შორის "აზოვის" ბატალიონისთვის ჯავშნიანი ავტომობილების გადაცემაში.

ეუთოს საგანგებო სადამკვირვებლო მისია უკრაინის წარმომადგენლობის მოთხოვნით შეიქმნა 2014 წელს. გადაწყვეტილება ორგანიზაციის 57-მა წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა. მისიის მანდატს უკრაინაში, განსაკუთრებით კონფლიქტის ზონაში, დონბასში, ყოველწლიურად აგრძელებდნენ. ბოლო მანდატის მოქმედება 1 აპრილის ღამეს იწურება.

მისია უკრაინაში ეუთოს ყველაზე დიდ მისიად ითვლებოდა. ქვეყანაში მუშაობდა 814 საერთაშორისო და 477 ადგილობრივი თანამშრომელი. რუსეთი წინ აღუდგა საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის ვადის გაგრძელებას 2008 წლის დეკემბერში, როცა მისიას ამოეწურა ვადა.

XS
SM
MD
LG