„წითელი ჯვრის“ კოლონა კვლავ გაემართა უკრაინის სამხრეთის სანავსადგურო ქალაქ მარიუპოლისკენ, რათა კიდევ ერთხელ შეეცადოს ალყაშემორტყმული ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანას.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოელის მძაფრ იერიშს აღმოსავლეთიდან და გაფრთხილება გამოთქვა, რომ რუსეთის ჯარი დედაქალაქის გარშემო ამზადებს სრულ „კატასტროფას“, რადგან „მთელ ტერიტორიაზე განათავსებს“ ნაღმებს.
აზოვისზღვისპირა სანავსადგურო ქალაქი განადგურებულია ომის განმავლობაში ყველაზე მძაფრი ბრძოლების შედეგად. ათასობით ადამიანი, სავარაუდოდ, დაიღუპა, რამდენიმე ათასმა მოახერხა ქალაქის დატოვება, თუმცა ათეულათასობით კვლავ რჩება და ვერ გადის იქიდან. ქალაქში ძალიან არის შეზღუდული სურსათის და წყლის მარაგი.
წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ 1 აპრილს გააგზავნა თავისი ჯგუფი, რათა 54 ავტობუსის და კერძო ავტომანქანების საშუალებით გამოეყვანათ ხალხი, მაგრამ იძულებული გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ, რადგან, მათი განცხადებით, არსებულ პირობებში გადაადგილება შეუძლებელი იყო.
ორგანიზაციის თანახმად, 2 აპრილს ის კვლავ ცდილობს ხელი შეუწყოს მოსახლეობის მშვიდობიან გაყვანას ქალაქიდან.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარი, რომელიც უკან იხევს, კიევის გარშემო ტოვებს ნაღმებს შენობებისა და გვამების გარშემო. „ისინი ნაღმავენ მთელ ტერიტორიას, ნაღმავენ სახლებს, ტექნიკას, მოკლული ადამიანების გვამებს“, განაცხადა ზელენსკიმ ერისადმი ვიდეომიმართვაში გვიან ღამით. მან გაფრთხილება გამოთქვა მომავალი მძაფრი ბრძოლების შესახებ რუსეთის ჯარების გადაადგილების შემდეგ. „ვემზადებით უფრო აქტიური თავდაცვისთვის“, განაცხადა ზელენსკიმ, რომელსაც არაფერი უთქვამს წინადღის სამშვიდობო მოლაპარაკების თაობაზე.
რუსეთის ოფიციალურმა პირებმა უკრაინას ბრალი დასდეს რუსეთის ქალაქ ბელგოროდში საწვავის საწყობზე თავდასხმაში 1 აპრილის ღამით.
უკრაინის თავდაცვის უწყებებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
თუ დადასტურდა, რომ ეს იყო უკრაინის მიერ შვეულმფრენებით განხორციელებული იერიში, ეს იქნება თამამი თავდასხმითი ნაბიჯი უკრაინისაგან, რომელიც იგერიებს აგრესიას არაერთი მხრიდან 24 თებერვლის შემდეგ, და ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე უცხოეთის ძალების მიერ განხორციელებული პირველი თავდასხმა.
დაწერეთ კომენტარი