"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა ბათუმში, 14 საარჩევნო უბანზე დღის პირველ ნახევარში ჯამში 4 საჩივარი და 5 შენიშვნა დაწერეს - როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მათი ყურადღების ცენტრში ძირითადად პროცედურული დარღვევები მოხვდა.
ნინო დოლიძე, "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი, აცხადებს, რომ ორგანიზაციის დამკვირვებლები კენჭისყრის პროცესს ბათუმის 14-ვე საარჩევნო უბანზე აკვირდებიან.
"სამართლიან არჩევნებში" ამბობენ, რომ საარჩევნო უბნების გარეთ შეინიშნება კოორდინატორებისა და პოლიტიკური მიზნით მოქმედი დამკვირვებლების ყოფნა და რთულია იმის იდენტიფიცირება, რომელი პარტიის მხარდამჭერები არიან ისინი, იმის გათვალისწინებით, რომ დამკვირვებლების დაინტერესების შემთხვევაში ეს პირები ღიზიანდებიან.
„79-ე უბანთან შევნიშნეთ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები. 89-ე უბანთან მყოფი კოორდინატორების დადგენა კი ვერ მოხერხდა. შესაძლოა მეტი კოორდინატორი ჰყავდეს "ქართულ ოცნებას", თუმცა "ნაციონალური მოძრაობიდანაც" იქნებიან. დაბეჯითებით თქმა, რომელი პარტიიდან არიან, გვიჭირს. გარდა ამისა, უბნებთან შეიმჩნევიან მოძველბიჭო კრიმინალური ავტორიტეტებიც“, - უთხრა ნინო დოლიძემ რადიო თავისუფლებას. მისივე თქმით, რამდენიმე შემთხვევაში დაირღვა ხმის ფარულობის პრინციპი, ასევე ადგილი ჰქონდა აგიტაციას საარჩევნო უბანზე.
დღის 3 საათისთვის ბათუმში დაფიქსირებული დარღვევები:
- 77-ე უბანთან ხდებოდა ამომრჩეველთა არაერთჯერადი მობილიზება ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით.
- 79-ე უბანთან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით მყოფი დამკვირვებელი საეჭვო კომუნიკაციაში შედიოდა ამომრჩეველთან;
- 89-ე საარჩევნო უბანზე 2500 ამომრჩეველია რეგისტრირებული, რომელთაგან დაახლოებით 500 არჩევნების წინ დაემატა ამ მაჟორიტარულ ოლქს. მათგან 300-ზე მეტი არის მისამართის გარეშე და ერთსა და იმავე დღეს რეგისტრირებული მოქალაქე, რომლებიც ე.წ. ოცნების ქალაქში ცხოვრობენ.
"იმის გათვალისწინებით, რომ ამ სამაჟორიტარო ოლქში წინა არჩევნებზე ოპოზიციამ რამდენიმე ასეული ხმით გაიმარჯვა, ყველა ხმა მნიშვნელოვანია. ამიტომ კითხვის ნიშნებს აჩენს ამდენი ადამიანის ასე უცებ დარეგისტრირება წინასაარჩევნო პრეიოდში“, - ამბობენ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები.
ბათუმში დღეს საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატს ირჩევენ - არჩევნების შედეგზეა დამოკიდებული ვის ექნება უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში, მმართველ პარტიას თუ ოპოზიციას.
ბათუმში რიგგარეშე არჩევნები საკრებულოს ერთი წევრის ასარჩევად დაინიშნა მას შემდეგ, რაც საკრებულოს უკვე არჩეული წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ოპოზიციონერი დეპუტატი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. "ნაციონალურ მოძრაობაში" მის სიკვდილს მასზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას უკავშირებენ. ამ პარტიამ მაჟორიტარ კანდიდატად გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის შვილი მათე ფუტკარაძე დააყენა.