სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ინსპექტორის სამსახურის საიტზე არსებული ძველი ინფორმაცია არ წაშლილა და საიტის რეკონსტრუქციიდან გამომდინარე დროებითაა მიუწვდომელი.
"www.sis.gov.ge - გახლდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძირითადი საიტი, რომელიც სამსახურის ორ მიმართულებას აერთიანებდა სხვადასხვა დომენზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საიტის განახლება, რომლის პროცესშიც საიტზე არსებული ყველა ძველი ინფორმაცია შენახულია, მისი წაშლა არ მომხდარა და საიტის რეკონსტრუქციიდან გამომდინარე დროებით მიუწვდომელია.
საიტის განახლების პროცესის დასრულების შემდეგ, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებას, კვლავ აისახება საიტზე და იგი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, 2 აპრილს, ყოფილმა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებსაიტზე გასული წლების მუშაობის ამსახველი დოკუმენტაცია წაშლილია. ლონდა თოლორაიას თქმით, ეს არა მხოლოდ მისდამი, ინსტიტუტისადმი უპატივცემულობის გამოხატულებაც იყო და მომხდარის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდიდა ინფორმაციას.
კანონი, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად ორი ახალი სტრუქტურა შეიქმნა, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. კანონპროექტის ინიცირებისას სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მისთვის მედიიდან გახდა ცნობილი.
ნაჩქარევად მიღებული კანონით, 1 მარტს თანამდებობები დატოვეს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და მისმა მოადგილეებმა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში არსებული კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს.
15 თებერვალს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად შექმნილი ერთ-ერთი ორგანოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტმა კოკა კაციტაძე აირჩია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად - ლელა ჯანაშვილი.