Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუკი კანონი ერთი ადამიანის გამო იცვლება


იღებს თუ არა ხელისუფლება კონკრეტულ ადამიანებზე მორგებულ კანონებს? რამდენად სახიფათოა  ასეთი პრეცედენტები საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის? ამ თემაზე მსჯელობა საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების გადაწყვეტილებას მოჰყვა.

ახალი კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორად 6 წლის ვადით არჩეულმა ლონდა თოლორაიამ პოსტი დანიშვნიდან მესამე წელს უნდა დატოვოს.

ახალი წლის წინა დღეებში პარლამენტის მიერ დაჩქარებულად მიღებული კანონი, რომლის კომპრომისული, საბოლოო ვერსიით თანამდებობებს შეინარჩუნებენ ინსპექტორის აპარატის თანამშრომლები, მხოლოდ ერთ ადამიანს - ლონდა თოლორაიას შეეხება. უფლებადამცველები და პოლიტიკოსები, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი, ეჭვობენ, რომ კანონი თოლორაიას დასასჯელად შეიცვალა და დარწმუნებულები არიან, რომ მიღებულ ცვლილებებს მსუსხავი ეფექტი ექნება სხვა სახელმწიფო უწყებებსა და საჯარო მოხელეებზეც.

„ოცნება“ უარყოფს, რომ ცვლილებები კანონში თოლორაიას მოსაშორებლად შევიდა. მმართველი პარტიის წევრები ამტკიცებენ, რომ ცვლილებებით შექმნილი ორი ახალი სტრუქტურა პერსონალური ინფორმაციის დაცვისა და სამოხელეო დანაშაულის გამოძიების სტანდარტს გაამჯობესებს.

„პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ვიკითხე კიდეც, როგორ არ შეიძლებოდა, მათივე მხარდაჭერილი ლონდა თოლორაია, რომელიც სამი წლის განმავლობაში ორ საქმეს აკეთებდა ერთდროულად, მოხელეების დანაშაულებსაც იძიებდა და პერსონალურ მონაცემებსაც იცავდა, დარჩენილიყო ერთ-ერთი ახლად შექმნილი სამსახურის ხელმძღვანელად. რატომ არ შეიძლებოდა, გადანიშნულიყო ლონდა თოლორაია რომელიმე სამსახურის ხელმძღვანელად, როგორც ქალდანი გადაინიშნა თავის დროზე. პასუხად მივიღე, კანონის პერსონალიზება არ გვინდაო. ზუსტად ისაა კანონის პერსონალიზება, როცა 300-გვერდიან დოკუმენტს ქმნი ერთი ადამიანის თავიდან მოსაშორებლად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი.

იგი განმარტავს, რომ ზოგადად სამსახურის პოლიტიკას და მის დამოუკიდებლობას, კანონთან ერთად, „მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ხელმძღვანელი პირი. ახალი უწყებების ახალი ხელმძღვანელები მარტივად შეძლებენ რეპრესიების ჩატარებას და მოხელეები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ კეთილსინდისიერად შეასრულონ მათი საქმე, მაგრამ ხელისუფლებას არ მოეწონება მათი აქტიურობა, ძალიან მარტივად შეუძლიათ ჩამოაშორონ მნიშვნელოვან საქმეებს ან სულაც გაათავისუფლონ სამსახურიდან“.

„ქართულ ოცნებას არ შეუძლია გვითხრას, რომ კანონი ლონდა თოლორაიას გამო შეცვალეს, რომელიც მათთვის პოლიტიკურად მიუღებელი აღმოჩნდა, იმიტომ, რომ შეუძლებელია კანონის ცვლილების ან მიღების მიზეზი ვინმეს პერსონალური მიუღებლობა იყოს. ამიტომ ცდილობენ, ისე შეფუთონ, თითქოს რაღაც საზოგადო სიკეთეებისთვის არსებობდა ამის საჭიროება და ცვლილებები ამ სიკეთის მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. რეალურად, შეუძლებელია, პოლიტიკურად მიუღებელი ადამიანების განეიტრალებას დაერქვას საჯარო სიკეთის სახელი და ეს არც იმალება. ამიტომაც დაწერა ამერიკის საელჩომ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ძირს უთხრის დემოკრატიას ამ ქვეყანაში“, - ამბობს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი. ამერიკის საელჩომ მმართველი პარტიის მიერ წლის ბოლოს გადადგმული ნაბიჯების გამორჩეულად მკვეთრი კრიტიკა 3 იანვარს გამოაქვეყნა.

„ეს არის პირდაპირი ანგარიშსწორება და უზარმაზარ გრაგნილზე დაწერილი მესიჯის გაგზავნა ყველასთვის, მთელი სახელმწიფო სისტემისთვის, რომ ასეთ რამეზეც კია წამსვლელი ხელისუფლება. ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯი იყო მათი მხრიდან. ერთი წუთით თუ მეორე მხარეს დავდგებით და “ქართული ოცნების” პერსპექტივიდან შევხედავთ ამ გადაწყვეტილებას, ასეთი “გაბედული” ნაბიჯი ამ ქვეყანაში არც ერთ ხელისუფლებას არ გადაუდგამს. ასეთი პირდაპირი გზავნილი, რომ საერთოდ ყველაფერზე წამსვლელები ვართ, არავის კრიტიკა არ გვაინტერესებს, არანაირ თამაშის წესებს არ ვცნობთ - აქ არავის არასოდეს არ უქნია. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლებას არანაირი მუხრუჭი არ აქვს და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საშიშია.

შეიძლება სახალხო დამცველის ინსტიტუტიც გააუქმონ, რატომაც არა. ჩვენ უკვე მოვედით იმ მდგომარეობაში, სადაც ყველაზე გიჟური იდეაც კი გიჟური აღარ გეჩვენება. ამგვარი გადაწყვეტილებებით ასეთი რწმენა იქმნება, რომ აღარაფერი აღარ არის შეუძლებელი. ბიძინა ივანიშვილი თავის მხარდამჭერებს ამით ეუბნება, ნუ გეშინიათ, არანაირი დაბრკოლება ჩვენთვის არ არსებობს“, - ამბობს თინა ხიდაშელი, „ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი თავდაცვის მინისტრი. ის იხსენებს წინა ხელისუფლების დროს, როცა მთავრობა ასევე ცდილობდა კანონების ცალკეულ ადამიანებსა თუ ვითარებებზე თვითნებურ მორგებას, თუმცა მაშინ არსებობდა მუხრუჭი. ხელისუფლებას, თინა ხიდაშელის თქმით, მაშინ დასავლეთი და უფრო კონკრეტულად, ამერიკის შეერთებული შტატების ქმედითი ჩარევები ამუხრუჭებდა.

„ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოებრიობის ნიშნული დავწიეთ ძალიან დაბლა. დემოკრატიული სახელმწიფოსი კი არა, ზოგადად სახელმწიფოსი. ეს გაცილებით მძიმე და სახიფათოა, ვიდრე დემოკრატიის წინააღმდეგ გალაშქრება. ახლა ჩვენ ვართ მდგომარეობაში - “სახელმწიფო მე ვარ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თინა ხიდაშელმა.

კანონის მიღება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გასაუქმებლად, ერთადერთი გადაწყვეტილება არ არის, რომელიც ერთი ადამიანის გამო მიღებული გადაწყვეტილების შთაბეჭდილებას უტოვებს ექსპერტებს.

სხვადასხვა დროს კანონები იქმნებოდა „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის პრივილეგიების მისანიჭებლად, „კლანის წევრი“ მოსამართლეების დაწინაურებისა და უფლებამოსილების გასაფართოებლად, საკანონმდებლო ცვლილებებით გაუხანგრძლივდა უფლებამოსილების ვადა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, განიხილებოდა საკანონმდებლო ცვლილებები იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დასასჯელად; 2021 წლის მიწურულს პარლამენტმა ასევე დაამტკიცა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც ამარტივებს „ზომიერების და გაწონასწორებულობის პრინციპის დამრღვევი“ მოსამართლეების დასჯას. ამერიკის საელჩოს 3 იანვრის განცხადებაში ეს გადაწყვეტილებაც მოხვდა.

ყველა, ვისაც რადიო თავისუფლება ერთი ადამიანისთვის შეცვლილ კანონებზე ელაპარაკა, ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმება მაინც გამორჩეული შემთხვევაა. ამავე დროს, მიუთითებენ იმასაც, რომ უახლეს ისტორიაში იძებნება იმგვარი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მოწინააღმდეგეების დასჯის, მომხრეების ერთგულების დაჯილდოების, უმაღლესი ხელისუფლისთვის ექსკლუზიური უფლების მინიჭების ან ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობებად არის შეფასებული.

კანონები დასჯის ან წახალისებისთვის

„თუ საჯაროდ ვილაპარაკებდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსით აპირებდნენ ჩემს დასჯას, საკომიტეტო მოსმენაც კი იყო პარლამენტში, ჩვეულებრივი კანონპროექტი ჰქონდათ მომზადებული, დიმიტრი გვრიტიშვილმა [მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2017-21 წლებში] მერე ისიც კი აღიარა, რომ მათი დაწერილი იყო“, - იხსენებს იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტში 2020 წლის შემოდგომაზე შესულ კანონპროექტს, რომლითაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება უნდა შესულიყო. პარლამენტში მისი განხილვის დაწყების შესახებ ნაზიმ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობა. დღეს ფიქრობს, რომ საბოლოოდ „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ მათი ზეწოლის შედეგად გადადო ეს კანონი გვერდზე.

„თუ ამ კანონს მიიღებდნენ, ჩემი დანაშაული, იცით, რა იქნებოდა? კანდიდატებზე იმ ინფორმაციას თუ გავაჟღერებდი, რაც ისედაც საჯაროა. რამე განსაკუთრებულ, დაცულ ინფორმაციაზე კი არ მიმიწვდებოდა ხელი?!“ - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც 2021 წლის 18 ივნისიდან აღარ არის იუსტიციის საბჭოს წევრი, მაგრამ სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგიდან“ აკვირდება და აფასებს, გვიხსნის, რატომ არის სახიფათო 2021 წლის მიწურულს, წინასაახალწლოდ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები: ახალი წესით, მოსამართლეთა დისციპლინური დევნის დასაწყებად საკმარისი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრის თანხმობა 10-ის ნაცვლად. ასევე, საბჭოს უფლება ექნება, ერთზე მეტი დისციპლინური სასჯელი დააკისროს მოსამართლეს, დისციპლინური დევნის დაწყებისთანავე ჩამოაშოროს საქმეების განხილვას და მისი თანხმობის გარეშე, 1 წლის ნაცვლად, 3 წლით გაუშვას სხვა სასამართლოში მივლინებით. ამავე ცვლილებებით, შესაძლებელი ხდება იუსტიციის საბჭოს წევრების ზედიზედ ორი ვადით არჩევა.

„აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია რიგი კონსულტაციების და ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნების საფუძველზე, რაც, ერთი მხრივ, ეფექტურს გახდის მართლმსაჯულების პროცესს, მეორე მხრივ კი, იქნება გაგრძელება იმ ზოგადი რეფორმებისა, რაც ხორციელდება ქართულ მართლმსაჯულებაში“, - ასე წარადგინა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში.

ჯანეზაშვილი ამ შეფასებას არ ეთანხმება. „დაინახეს, რომ მოსამართლეებმა ხმა ამოიღეს, თან რამე განსაკუთრებული ინფორმაცია კი არ გამოიტანეს სისტემიდან ან ვინმე კი არ ამხილეს, უბრალოდ, თავისი აზრი თქვეს და მაშინვე შემოიტანეს ეს ცვლილებები მხოლოდ იმისთვის, რომ მომავალში აღარავინ გაბედოს თუნდაც ქვეყნის საგარეო კურსზე საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ მათ პოლიტიკურ ძალაუფლებას რაიმე საფრთხე არ დაემუქროს, პრევენციისთვის და ეს, რა თქმა უნდა, არის ცუდი. კანონი უნდა იწერებოდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ და სისტემებმა იფუნქციონიროს გამართულად“, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

მოსამართლეთა ნაწილი 2021 წლის ნოემბერში საჯაროდ გაემიჯნა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას, რომელიც ევროკავშირის ელჩისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კრიტიკული განცხადებების პასუხად გავრცელდა. დასავლელი პარტნიორების კრიტიკა იუსტიციის საბჭოში ორი ახალი წევრის ნაჩქარევად დანიშვნამ გამოიწვია.

ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეთა ამ საჯარო განცხადებებამდე, იუსტიციის უზენაესი საბჭოს დისციპლინური სამართალწარმოება თითქმის არ უწარმოებია - ბოლო 20 თვის განმავლობაში დისციპლინურ გადაცდომებზე მხოლოდ 5 სხდომა არის ჩატარებული.

სასამართლო სისტემას ახსოვს საკანონმდებლო ცვლილებები როგორც კონკრეტული პირების დასასჯელად, ასევე სისტემის ერთგული მსახურების დასაჯილდოებლადაც.

„მიხეილ ჩინჩალაძეს შეუძლია მოსამართლეები გაანაწილოს შემადგენლობებში მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს საქმეების განაწილების ელექტრონული სისტემა. ამისთვის კანონი შეცვალეს ისე, რომ მორგებოდა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს [მიხეილ ჩინჩალაძე ამ პოსტს 2017 წლის მაისიდან იკავებს 5 წლის ვადით]. ამით დავიწროვდა საქმეების შემთხვევითად განაწილების შესაძლებლობა და ერთ ადამიანს მიეცა ის უფლება, რაც სხვებს არ აქვთ. მხოლოდ სააპელაციო სასამართლოებს ეხება კანონის ჩანაწერი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ეს ნორმა არ ამოქმედებულა. გამოდის, რომ მხოლოდ ჩინჩალაძისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი“, - ცვლილებები, რომელზეც ნაზი ჯანეზაშვილი საუბრობს, კანონში 2018 წლის გაზაფხულზე შევიდა.

უფრო ადრე, 2016 წლის 29 დეკემბერს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო სასამართლოს რეფორმის „მესამე ტალღის“ საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო საქმეების ელექტრონულად განაწილების წესი. ამ ცვლილებების ნაწილი იყო პროცედურული ხარვეზებით შეტანილი ჩანაწერი კანონში, რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების 3-წლიან მოსაცდელ ვადას არ ავრცელებდა საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედ, ისე ყოფილ წევრებზე, თუ მათ ჰქონდათ საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. მაშინ არასამთავრობო სექტორმა ეს ჩანაწერიც მიხეილ ჩინჩალაძისთვის მორგებულ ცვლილებად მიიჩნია. ჩინჩალაძეს კანონის მიღებიდან რამდენიმე თვეში ეწურებოდა მოსამართლის ათწლიანი უფლებამოსილების ვადა, ეს ჩანაწერი კი მისთვის უვადო მოსამართლედ გამწესების შესაძლებლობას ქმნიდა.

აქცია პარლამენტთან "არ ჩააბეტონო კლანი“. 2019 წელი, 23 სექტემბერი
აქცია პარლამენტთან "არ ჩააბეტონო კლანი“. 2019 წელი, 23 სექტემბერი

გარდა სასამართლოსი, სისტემისთვის მისაღები კადრებისთვის პრივილეგიების მინიჭების შესახებ კითხვები გაჩნდა 2019 წლის შემოდგომაზე „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების გამო. ცვლილებებმა მოხსნა თავმჯდომარის ერთი ვადით არჩევის შეზღუდვა. ამ შემთხვევაში ვარაუდობდნენ, რომ კანონი კომისიის წევრსა და თავმჯდომარეს, კახა ბექაურს მოარგეს, რომელიც მეორე ვადით კომისიის წევრად 2019 წლის დეკემბერში აირჩიეს, 2020 წლის თებერვალში კი მეორედ და 6 წლის ვადით კომისიის თავმჯდომარეც გახდა. 2017 წლის დეკემბერში, როცა ბექაური პირველად აირჩია კომისიამ თავმჯდომარედ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერდა, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა კომისიის წევრისა და თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

არასამთავრობო სექტორმა უარყოფითად შეაფასა 2021 წლის 28 ივნისს პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებებიც, რომლის ერთი კომპონენტიც, ფიქრობდნენ, რომ პირდაპირ იყო მორგებული „ევროპელ სოციალისტებზე“ - პარტიაზე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსიდან“ წამოსულმა დეპუტატებმა შექმნეს. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ცვლილებების მიღების შემდეგ წერდა, რომ ახალი ჩანაწერი პირდაპირ მოერგო პარლამენტში შესულ რამდენიმე დეპუტატს და ცვლილებების შედეგად, „პატრიოტთა ალიანსმა“ დაკარგა საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლება, რომელიც „ევროპელ სოციალისტებს“ გადაეცათ. „პატრიოტთა ალიანსმა“ საკანონმდებლო ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სისტემის ერთგული ან ურჩი წევრების გარდა, საკანონმდებლო ცვლილებები არაერთხელ მოარგეს უმაღლესი ხელისუფლების ინტერესებს.

ბიძინა ივანიშვილისთვის შეცვლილი კანონები

„რაც პირველი მახსენდება, არის 2014 წელს მიღებული თბილისის ახალი გენერალური გეგმა, რომელიც სინამდვილეში 2009 წელს მიღებულ “თბილისის პერსპექტიული განვითარების გეგმას” იმეორებდა, მხოლოდ იმ ცვლილებით, რომ ლანდშაფტის დაცვის ზონა მთლიანად იყო გამქრალი იმ ტერიტორიიდან, სადაც პანორამა თბილისის მშენებლობა იყო დაგეგმილი. ისედაც არ ედო ამ ტერიტორიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონა, მაგრამ ჰქონდა ქალაქგეგმარებითი, უფრო დაბალი დაცვის ზონა, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო და მიიღეს ახალი გენგეგმა, რომლის ერთადერთი სიახლე ამ ზონის ცვლილება იყო. ამ ცვლილების შემდეგ მშენებლობის ნებართვები ძალიან ადვილად გასცა ეკონომიკის სამინისტრომ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას იურისტმა ანანო ცინცაბაძემ. ის განმარტავს, რომ ახალი გენერალური გეგმა თბილისმა რეალურად 2018 წელს მიიღო. დოკუმენტი მოიცავდა რეკომენდაციას, რომ იმ ტერიტორიას, სადაც პანორამა შენდება, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი მინიჭებოდა. მაშინ ქალაქის მთავრობას რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია, 2014-დან 2018 წლამდე კი პანორამა თბილისის ნაწილების მშენებლობები შეუჩერებლად მიმდინარეობდა.

საპროტესტო აქცია "პანორამა თბილისის" წინააღმდეგ. 2019 წელი, 27 მაისი
საპროტესტო აქცია "პანორამა თბილისის" წინააღმდეგ. 2019 წელი, 27 მაისი

„ახლა მაგ ტერიტორიაზე დაბრუნებულია ისტორიული დაცვის ზონა, ანუ უფრო მაღალი დაცვის ზონა, მაგრამ ამაზე გვეუბნებიან, რომ უკუძალა ზონის მინიჭებას არ აქვს და რაც უკვე აშენებულია, იმას აღარაფერი ეშველება“, - ამბობს ანანო და ამატებს, რომ კვლავ ერთი კაცისთვის, ან ძალიან მცირე ჯგუფისთვის, იგეგმება სივრცით კანონში დაგეგმილი ცვლილებებიც, რომელიც გაუნაშენიანებელი ტერიტორიების განაშენიანების პროცესს ამარტივებს და აჩენს „მსხვილი საინვესტიციო პროექტების“ ცნებას, რომელიც განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებს.

პანორამა თბილისის მშენებლობისთვის გახსნილი გზა ერთადერთი საკანონმდებლო ცვლილება არ არის, რასაც, პირდაპირ თუ ირიბად, ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებენ. მაგალითად, ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი და მხარდაჭერილი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სპეციალური კანონით გამოცხადდა „საჯარო სამართლის იურიდიულ პირად“ და უფლება მიეცა, საქართველოში არსებული ყველა სხვა უნივერსიტეტისგან განსხვავებული ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესი დაეშვა: დამოუკიდებლად განეხორციელებინა საგანმანათლებლო პროგრამები და სამეცნიერო კვლევები, ავტორიზებულად კი ჩაითვლებოდა უნივერსიტეტის წესდებისა და სამეცნიერო საბჭოს დებულების დამტკიცებისთანავე.

პარალელურად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ამ კანონის მე-4 და მე-5 თავების მოქმედება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე არ ვრცელდება, ხოლო „განათლების ხარისხის განვითარების“ შესახებ კანონში ჩაიწერა, რომ აღნიშნული უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციას „სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადის.

ივანიშვილის სახელს უკავშირდება სააკაშვილის ხელისუფლების მიერ 2012 წლის მაისში შეცვლილი კანონი, რომელმაც, იმის მიუხედავად, რომ ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა, მას საშუალება მისცა, არჩევნებში ეყარა კენჭი. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ეს ივანიშვილზე მორგებული ცვლილებები იყო და, ამავე დროს, ივანიშვილის დევნად და პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეფასდა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

ცვლილებები მიხეილ სააკაშვილისთვის

„2010 წელს, კონსტიტუცია როცა შეიცვალა და საქართველო საპრეზიდენტო ქვეყნიდან საპარლამენტო მოდელზე უნდა გადასულიყო, ეს ცვლილებები მიშასთვის გაკეთდა. ხომ არ იტყოდა, პუტინივით, სულ მე ვიქნებიო და მეორე ვადის დასრულებისკენ შექმნა შესაძლებლობა, რომ პრემიერი გამხდარიყო“, - ამბობს თინა ხიდაშელი. ის იხსენებს 2013 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებსაც, რომელმაც შეამცირა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები.

„უბრალოდ, მერე ივანიშვილი პოლიტიკურად ებრძოდა მარგველაშვილს. კანონებში ამისთვის არაფერი არ მომხდარა. კი იყო ის ცვლილებები, რომლითაც პრეზიდენტის არჩევითობა და იუსტიციის საბჭო გაუქმდა, მაგრამ ეს ცვლილებები ძალაში მერე შევიდა, როცა პრეზიდენტი მარგველაშვილი აღარ იყო. ცოტა სასაცილო ვითარებაა, ვერც კი ამბობ, რომ ეს ცვლილებები მარგველაშვილს მოარგესო, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც ჰქონდათ შიში, რომ გიორგი მეორე ვადითაც იყრიდა კენჭს“, - იხსენებს თინა ხიდაშელი. ის ამბობს, რომ მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, კანონები უფრო იშვიათად იცვლებოდა კონკრეტული პირების დასასჯელად. მაშინ საეჭვო ან არასასურველ პირებს პოლიტიკურად დევნიდნენ დაშინებითა და ზეწოლით, რასაც, არცთუ იშვიათად, ეფექტიც ჰქონდა. ის კი, რაც დღეს ხდება, - ღია თავდასხმა „ინსპექტორის აპარატზე“, - თინა ხიდაშელისთვის უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ დემოკრატიის წინააღმდეგ გალაშქრება.

ახლა ძალიან პოპულარულია საქართველოს შედარება რუსეთთან ან ბელარუსთან, მაგრამ ვფიქრობ, ეს არასწორია. პუტინს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა არაფერში ჭირდება, ყველა მათგანი მოთვინიერებული ჰყავს და მის ნებას ასრულებს. ნაზარბაევის შემთხვევაში ფინანსური კარტელები მართავენ ქვეყანას და მე ვფიქრობ, აქეთ მიდის ბატონი ივანიშვილის აზრებიც და გონებაც, რომ ამ ქვეყანაში „ქართუს“ მონოპოლია უნდა იყოს თავისი ბუღალტრებით და პლასტიკური ბარათების მენეჯერებით და არაფერი სხვა. რაიმე ტიპის სხვა ჩანართი, რაც ოდნავ მაინც დაგვამსგავსებს სახელმწიფოს, აღარ უნდა არსებობდეს“, - ამბობს თინა ხიდაშელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG