Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდა დედა მარიუპოლიდან სავარაუდოდ რუსების ტყვეობაშია და მას პროპაგანდისთვის იყენებენ


უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს მარიანა ვიშემირსკაია, ახალგაზრდა დედა, რომლის ფოტოც 9 მარტს მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვის შემდეგ გავრცელდა. ინფორმაციას გამოცემა Обозреватель-ი მოხალისეებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოხალისეების თქმით, ისინი ცდილობდნენ, ქალი ახალშობილთან ერთად უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაეყვანათ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს.

"ჩვენ მოგვმართეს მისმა ახლობლებმა თხოვნით, დავხმარებოდით უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლაში, რადგან რუსები გეგმავდნენ მის გამოყენებას პროპაგანდისტული მიზნებით. არ გამოვიდა, გაითვალისწინეთ, რომ ის ბავშვთან ერთად ტყვედ არის". - ციტირებს გამოცემა მოხალისეებს.

2 აპრილის კრემლისტურმა მედიებმა გამოაქვეყნეს ინტერვიუ მარიანა ვიშემირსკაიასთან. გამოცემა Mediazona აღნიშნავს, რომ ვიდეო უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერმა არხებმა გაავრცელეს. ვიდეოს პირველად გავრცელებული, თითქმის 7 წუთიანი ვერსია არაერთ ჭრას შეიცავს. პირველი ვიდეოს გამოქვეყნებიდან 16 საათში გამოქვეყნდა ინტერვიუს გრძელი, 24 წუთიანი ვერსიაც, რომელიც სრულ ვერსიად არის მიწოდებული ინტერნეტმომხარებლებისთვის. ამ ვერსიაში ისმის კითხვებიც, რომელსაც ახალგაზრდა ქალი პასუხობს. მარიანა ამ ვიდეოში ამბობს, რომ ის ევაკუირებულია მარიუპოლიდან, თუმცა ადგილსამყოფელს არ აკონკრეტებს. თითქმის ნახევარსაათიანი ვიდეოს ბოლოს ახალგაზრდა ქალი მიმართავს უკრაინის პრეზიდენტს და სთხოვს იფიქროს ომის დასრულების გზებზე, თუნდაც კომპრომისის სანაცვლოდ.

2 აპრილსვე მარიანამ ინსტაგრამის სთორებში გამოქვეყნა მოკლე ვიდეოები, სადაც კიდევ ერთხელ ყვება სამშობიაროში გადახდენილ თავგადასავალს და ინსტაგრამზე მის გამომწერებს მოუწოდებს ნახონ მისი ვიდეოინტერვიუ.

გამოცემები ვიშემირსკაიას ინტერვიუს რუსეთის ხელისუფლების იმ ვერსიის გასამყარებლად იყენებენ, რომ მარიუპოლის სამშობიაროზე "შეტევა განახორციელეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა" და "უკრაინელმა ბოევიკებმა". მარიანას ინტერვიუ გამოქვეყნებიდან მალევე გამოიყენეს რუსეთის ოფიციალურმა უწყებებმა იმის დასამტკიცებლად, რომ სამშობიაროს მარიუპოლში უკრაინელი სამხედროები აკონტროლობდნენ.

თავად ვიშემირსკაია არ ამბობს გამოქვეყნებულ ვიდეოში რომ სამშობიარო, სადაც იწვა, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის სამიზნე გახდა, თუმცა საუბრობს იმაზე, რომ ფოტოებს მისი ნების საწინააღმდეგოდ უღებდნენ ჟურნალისტები, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გააფრთხილა ფოტოგრაფი, არ გადაეღო მისთვის. ასევე საუბრობს სამხედროებზე, რომლებიც სამშობიაროში მივიდნენ იქ მყოფი ქალებისთვის საკვების გამოსართმევად.

მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვა Associated Press-ის ჟურნალისტებმა გადაიღეს. რუსული პროკრემლისტური გამოცემები Associated Press-ის ფოტოგრაფს, ევგენი მალოლეტკას რომელიც შემთხვევის ადგილას აღმოჩნდა, უკრაინის პროპაგანდისტად მოიხსენიებდნენ და ეჭვქვეშ აყენებდნენ ფოტოების ნამდვილობას. რუსეთის საელჩომ დიდ ბრიტანეთში თვითერის ანგარიშზე 10 მარტს ისიც კი დაწერა, რომ სამშობიარო რეალურად არ ფუნქციონირებდა და რეალურად აზოვის ბატალიონის თავშესაფრად იყო ქცეული. ქალები კი, რომლებიც დაბომილი სამშობიაროს ფონზე ჩანდნენ ფოტოებზე, მოდელები იყვნენ “რეალისტური მაკიაჟით.”

სად, როდის და ვის მიერ არის ჩაწერილი ინტერვიუ

ჟურნალისტი, რომელიც ტელეგრამზე ავრცელებს მარიანას მოკლე ვიდეოს ბავშვთან ერთად და ამბობს, რომ მან ჩაწერა ინტერვიუ კოლეგასთან ერთად, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ასახელებს და რომლის ხმაც ისმის ვიდეოში, ქრისტინე მელნიკოვაა.

მელნიკოვა პროკრემლისტურ სააგენტო EADaily-სთვის მუშაობს. ომის ჟურნალისტად ის დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ მუშაობს. მელნიკოვას პროფილში EADaily-ზე ნათქვამია, რომ ის არის ავტორი ჟურნალისტური მასალებისა ფრონტის ხაზიდან და ასევე სირიიდან.

"მშვიდობისმყოფელების" ვებსაიტზე მელნიკოვა შეყვანილია როგორც კრემლის პროპაგანდისტი, რომელიც თანამშრომლობს ტეროტისტულ ორგანიზაციებთან, არ აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და დაკავებულია ყირიმის ოკუპაციის ლეგიტიმაციის მცდელობებით.

ვიდეოდან შეუძლებელია იმის თქმა, როდის არის ჩაწერილი ინტერვიუ, ან რა სივრცეში იმყოფება ახალგაზრდა ქალი. უკრაინული მედიასაშუალებები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ინტერვიუ შესაძლოა ჩაწერილი იყოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან რუსეთში. ცნობილია, რომ რუსული შეიარაღებული ძალები მარიუპოლიდან იძულებით ახდენენ მოსახლეობის გადაყვანას რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და შესაძლოა, ვიშემირსკაიაც მათ შორის აღმოჩნდა. ყველა გავრცელებულ ვიდეოში მარია ერთსა და იმავე ოთახში, ერთსა და იმავე დივანზე ზის. ერთ-ერთ კადრში ჩანს მისი შვილიც.

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დაიღუპა ორსული ქალი, რომელიც 9 მარტს, მარიუპოლის სამშობიაროს დაბობმვისას მარიანასთან ერთად მოხვდა Associated Press-ის ფოტოგრაფის ობიექტივში. ექიმებმა ვერც მისი შვილის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 9 მარტს მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს და სამშობიარო სახლის დაბომბის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი და 17 დაიჭრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG