Accessibility links

site logo site logo

უკრაინამ უარყო პასუხისმგებლობა რუსეთის ტერიტორიაზე არასამხედრო ნავთობსაცავში მომხდარ აფეთქებაზე


რუსმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინა დაადანაშაულეს 1 აპრილის დილას ვერტმფრენით შეტევის განხორციელებაში საწვავის საცავზე, რომელიც რუსეთის ქალაქ ბელგოროდთან ახლოს მდებარეობს, რუსეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს.

"ისინი რატომღაც ამბობენ, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ, მაგრამ სინამდვილეში, ეს არ შეესაბამება რეალობას", განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა, უკრაინული ტელევიზიით, 1 აპრილს.

მოგვიანებით, ამერიკის ტელევიზიასთან ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, არაფერი თქვა იმაზე, უკრაინამ განახორციელა ეს შეტევა თუ არა. უკრაინის თავდაცვის ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს პირდაპირი კომენტარის გაკეთებაზე ამ ცნობების შესახებ.

1 აპრილის დილას სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს აფეთქება და ღამის ცაზე ცეცხლის ალი. აფეთქება მოხდა ბელგოროდთან ახლოს, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრშია.

სხვა ვიდეოებზე ნაჩვენები იყო, კომენტარებს თანახმად, ვერტმფრენები ბელგოროდთან ახლოს, რომლებიც რაკეტებს ან ჭურვებს ისროდნენ.
ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა, Telegram-ით განაცხადა, რომ ვერტმფრენებმა ობიექტს დაბალ სიმაღლეზე საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დაარტყეს. გლადკოვმა თქვა, რომ დაშავდა ორი მუშა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა უარი განაცხადა პირდაპირ კომენტარზე იმის შესახებ, იყო თუ არა აფეთქება მისი ძალების მოქმედების შედეგი, მაგრამ თქვა, რომ მისი შეიარაღებული ძალები რუსეთის წინააღმდეგ უფრო ფართოდ აწარმოებდნენ "თავდაცვით ოპერაციებს".

"უკრაინა ამჟამად ახორციელებს თავდაცვით ოპერაციებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიაზე, და ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა პასუხისმგებელია ყველა კატასტროფისთვის რუსეთის ტერიტორიაზე"განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლექსანდრ მოტუზიანიკმა. "მე არ დავადასტურებ და არც უარვყოფ ამ ბრალდებებს".
რუსეთის სახელმწიფო კომპანიამ "როსნეფტმა", რომელიც საწვავის საცავის მფლობელია, ცალკე განცხადებაში თქვა, რომ ცეცხლის შედეგად არავინ დაშავებულა. მას მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია.

ამასობაში, კრემლის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ ამ ინციდენტმა შეიძლება ძირი გამოუთხაროს მოლაპარაკებებს რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის.
"რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი რამ, რაც მოლაპარაკებების გასაგრძელებლად კომფორტული პირობების შექმნად შეიძლება იქნას აღქმული", განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს მოსკოვში.

ბრალდებებმა რუსეთის მხრიდან მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, რადგან ეს იქნებოდა უკრაინის მიერ განხორციელებული პირველი შეტევა რუსეთის მიწაზე მას შემდეგ, რაც მოსკოვმა კიევის წინააღმდეგ ომი დაიწყო ერთ თვეზე მეტი ხნის წინ. ეს ასევე იქნებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უცხოეთის ძალების მიერ განხორციელებული პირველი სამხედრო თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG