Accessibility links

site logo site logo

ექვსი დასკვნა არჩევნებში უნგრეთის მმართველი პარტიის გამარჯვებიდან


უნგრეთის პრემიერ-მინისტრივიქტორ ორბანი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

უნგრეთში 3 აპრილს გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები მეტყველებს, რომ გაიმარჯვა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველმა პარტია „ფიდესმა“.

რთული საარჩევნო სისტემის გამო საბოლოო შედეგები შესაძლოა მომავალი კვირის განმავლობაში გახდეს ცნობილი.

მაგრამ უკვე ახლავე შეიძლება ითქვას, რომ მემარჯვენე „ფიდესი“ პარლამენტში მანდატების ორ მესამედს გააკონტროლებს, რაც მას, ფაქტობრივად, გამოწვევის გარეშე მართვის საშუალებას მისცემს.

მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრაში მწვავე კონკურენციას წინასწარმეტყველებდნენ, მიმომხილველები მაინც მოელოდნენ „ფიდესის“ გამარჯვებას. მაგრამ სრული სიურპრიზი აღმოჩნდა არა მათი გამარჯვება, არამედ ის დიდი უპირატესობა, რომლითაც მან აჯობა ოპოზიციას. სწორედ ეს დიდი სხვაობა და მთელი რიგი სხვა ფაქტორები ანალიტიკოსების შეშფოთებას იწვევს.

რა დასკვნების გამოტანა შეიძლება უნგრეთში გამართული არჩევნებიდან?

1. მოსალოდნელზე ბევრად დიდი გამარჯვება

„ჩვენ იმდენად დიდი გამარჯვება ვიზეიმეთ, რომ მისი დანახვა მთვარიდანაც კი შეიძლება და, ცხადია, ბრიუსელიდანაც,“ თქვა ორბანმა გამარჯვების შემდეგ.

4 აპრილის მონაცემებით, „ფიდესს“ 199-ადგილიან პარლამენტში უკვე აქვს განაღდებული 136 ადგილი. გარდა ამისა, ახალი მემარჯვენე პარტია „ჩემი სამშობლო“, რომელიც „ფიდესის“ პოტენციურ მოკავშირედ განიხილება, შვიდ ადგილს მოიპოვებს. ორბანის პარტიას იმდენად კომფორტული პოზიცია ექმნება პარლამენტში, რომ ის იოლად შეცვლის კონსტიტუციას და თავისთვის სასურველ ნებისმიერ კანონმდებლობას.

„ეს სრული შოკია,“ უთხრა რადიო თავისუფლებას პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა კიმ ლეინ შეპელემ, რომელიც უნგრეთის ცნობილ სპეციალისტად ითვლება. „ჩემი აზრით, ვერავის გააკვირვებდა ‘ფიდესის’ გამარჯვება. მაგრამ სრული შოკია ამ გამარჯვების მასშტაბი.“

წინასწარი მონაცემებით, „ფიდესმა“ 106 საარჩევნო ოლქიდან 88-ში უკვე გაიმარჯვა. პარტიული სიებით კი მას 53% აქვს, გაერთიანებულ ოპოზიციას კი - 35%. შეპელე შენიშნავს, რომ არცერთი გამოკითხვა არ წინასწარმეტყველებდა მმართველი პარტიის ასეთი უპირატესობას.


2. უსწორმასწორო მოედანზე თამაში

უნგრეთის ოპოზიციამ ამ არჩევნებისთვის ბოლოს და ბოლოს მოახერხა გაერთიანება. მაგრამ ის გაერთიანებული სახითაც კი ვერ შეეწინააღმდეგა „არალიბერალურს“ მთავრობას, რომელიც 2010 წლის შემდეგ ზედიზედ სამი ვადით იყო ხელისუფლებაში.

ამ პერიოდის განმავლობაში ორბანმა გადაწერა კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსის საკვანძო ასპექტები და თავისი მოკავშირეების კონტროლს დაუქვემდებარა უნგრეთის თითქმის ყველა მედიასაშუალება.

არჩევნებამდე ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ოპოზიცია ამჯერად ბევრად უფრო უკეთესად იყო ორგანიზებული, ვიდრე წინა არჩევნების დროს.

„გაერთიანება უნგრეთისთვის“ - ამ ლოზუნგით შეკრულმა ოპოზიციურმა პარტიებმა შარშან შიდა არჩევნების ჩატარება მოახერხეს და ლიდერად აირჩიეს პეტერ მარკი-ზაი. არჩევნების შემდეგ მას მხოლოდ ოჯახის წევრები ედგნენ გვერდში. მოკავშირეები არ ჩანდნენ.

როგორც მარკი-ზაიმ თქვა, ოპოზიციამ აღიარა „ფიდესის“ გამარჯვება მიუხედავად „ფიდესის“ ხრიკებისა და ამომრჩეველთათვის ტვინების გამორეცხვისა მთავრობის მომხრე მედიის საშუალებით, რამაც, მისი თქმით, შეუძლებელი გახადა „თანასწორი ბრძოლა“.

მიუხედავად მარცხის აღიარებისა, ოპოზიციის ლიდერმა დასძინა: „ის, რომ ეს არჩევნები დემოკრატიული და თავისუფალი იყო, ცხადია, ამას კვლავაც უარვყოფთ.“

შეპელეს თქმით, უნგრეთის მედიაში „ფიდესის“ დომინირებამ ძალზე შეუშალა ხელი ოპოზიციას ამომრჩევლამდე ხმის მიწვდენაში.

მისი სიტყვებით, ოპოზიციას უსწორმასწორო მოედანზე თამაში მოუწია.

3. ორბანის მოწინააღმდეგეები მრავლდებიან.

ორბანმა არ დააყოვნა და გამოაცხადა: „საუკეთესო გამარჯვება მაშინ მოვიპოვეთ, როცა ყველა ჩვენ წინააღმდეგ გაერთიანდა.“

გარდა ოპოზიციური პარტიებისა, მისი თქმით, მას და მის პარტიას უწევდათ „ძალაუფლების უზარმაზარ ცენტრებთან და ორგანიზაციებთან“ ჭიდილი. მან იგულისხმა ევროკავშირი და ფილანთროპი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის პროდემოკრატიული ძალისხმევა.

როგორც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დემოკრატიის ინსტიტუტის ამერიკელი თანამშრომელი, ჯენიფერ მაკკოი ამბობს, ისეთ ქვეყნებში, როგორიც უნგრეთია, ძალიან ძლიერია „ნეგატიური პარტიულობა“. ხალხი სხვა კანდიდატის წინააღმდეგ უფრო აძლევს ხმას, ვიდრე საკუთარი კანდიდატის სასარგებლოდ,“ თქვა მან ერთ-ერთ დისკუსიაში.

არჩევნების შემდეგ თავის გამოსვლაში ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ახსენა. გასულ თვეში ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერი უარყოფით კონტექსტში მოიხსენია იმის გამო, რომ ორბანი ფეხს ითრევდა, ნატოსა და ევროკავშირის სხვა წევრებივით დახმარებოდა უკრაინას, სადაც 24 თებერვალს რუსეთის ჯარები შეიჭრნენ.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ორბანმა ზელენსკის „ოპონენტი“ უწოდა.

როგორც პოლიტიკური რისკების საკონსულტაციო კომპანიის, Eurasia Group-ის ევროპის განყოფილების მმართველი დირექტორი, მუჯთაბა რაჰმანი, ამბობს, რომ „დაუბრკოლებელი გამარჯვება ორბანს კიდევ უფრო გაათამამებს,“ რომ დაუპირისპირდეს ზოგადად ევროკავშირს და კონკრეტულად „მემარცხენე-ლიბერალურ აზროვნებას“, მით უფრო, თუკი მას ევროპულ კონსერვატიულ პარტიებს შორის ექნება ადგილი დამკვიდრებული.

„კიდევ უფრო საგანგაშო ისაა, რომ კიდევ უფრო ახლო ურთიერთობები იქონიოს ვლადიმირ პუტინთან და სხვა აღმოსავლელ ავტოკრატებთან,“ ფიქრობს რაჰმანი.

„მოკლედ, ბრიუსელი ახალი უსიამოვნებებისთვის უნდა მოემზადოს, ვინაიდან ყველაფერი, რაც მას არ მოსწონდა უნგრეთის ურჩ პრემიერ-მინისტრში, ახლა აუცილებლად გაძლიერდება მინიმუმ უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში. მაგრამ დიდი ალბათობით, შემდეგი ოთხი წლით,“ დასძენს რაჰმანი.

4. შესაძლო დარღვევები
შეპელე მიიჩნევს, რომ არჩევნები სავარაუდოდ გაყალბდა. „ორბანი ასე მოქმედებს,“ ამბობს ის, „ის კანონად აქცევს ყველაფერს, რაც თავად სჭირდება.“

მთელ რიგ უპირატესობებთან ერთად, რითაც „ფიდესი“ სარგებლობდა არჩევნებში, ანალიტიკოსები მიუთითებენ ასევე „ამომრჩეველთა ტურიზმის“ საფრთხეზე.

საქმე ისაა, რომ ახალი კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩეველს შეუძლია, თავად აირჩიოს, რომელ საარჩევნო ოლქში დარეგისტრირდება კენჭის საყრელად. სპეციალისტების აზრით, ეს საშუალებას იძლევა ამომრჩეველთა მობილიზაციის, გამიზნულად მიმართვის ან ისეთ ადგილებში ტრანსპორტირებასაც კი, სადაც მათი ხმები განსაკუთრებით საჭიროა კანდიდატთა შორის მცირე სხვაობის გამო.

ახალი საარჩევნო სისტემის სამიზნეა ასევე ოპოზიციის მთავარი წარმატება - ის, რომ მან ერთობლივი კანდიდატების წამოყენება შეძლო.

მართალია, უნგრეთის კანონმდებლობა მოქალაქეებს უკრძალავს საარჩევნო დამკვირვებლებად მუშაობას, მაგრამ ოპოზიციამ მაინც მოახერხა 20 ათასამდე მოხალისის მობილიზება და მათი საშუალებით მოიპოვა დარღვევების ამსახველი მრავალი ვიდეო. ეს დარღვევები გამოქვეყნებულია პროექტ „სუფთა არჩევნების“ გვერდზე.

ამ დარღვევებმა შესაძლოა უნგრეთის საარჩევნო კომისიის ყურადღება მიიქციოს უახლოეს დღეებში. მაგრამ, შეპელეს თქმით, ფართოდ მიიჩნევა, რომ ეროვნული საარჩევნო სამსახური და მისი ახალი ხელმძღვანელობა ბევრად უფრო ახლოს დგას „ფიდესთან“, ვიდრე წინა არჩევნების დროს.

თუმცა უნგრეთში მუშაობენ საერთაშორისო დამკვირვებლები, პირველ რიგში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR).

5. არჩევნები და ომი

უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და ქვეყნიდან 4 მილიონამდე ლტოლვილის გაქცევაზე საპასუხოდ ორბანმა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ხელყოფა სიტყვაძუნწად დაგმო და შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ ამავე დროს მან მტკიცედ განაცხადა უარი, დახმარებოდა ევროკავშირსა და ნატოს უკრაინისთვის იარაღისა და სხვა ტიპის დახმარების მიწოდებაში.

მრავალი წლის განმავლობაში ორბანი მეთოდურად ახდენდა მოსკოვთან და პუტინთან ახლო დიპლომატიური ურთიერთობებისა და სავაჭრო კავშირების კულტივირებას, მათ შორის რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტს.

ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ორბანის თავშეკავებული პოზიცია აიხსნება რუსეთის ენერგომატარებლებზე უნგრეთის მზარდი დამოკიდებულებით და ბუდაპეშტსა და კიევს შორის მრავალწლიანი დაპირისპირებით უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების პრობლემებთან დაკავშირებით.

„უნგრეთის საზოგადოება სრულიად შეიცვალა ომთან დაკავშირებით,“ უთხრა რადიო თავისუფლებას პოლიტიკურმა მიმომხილველმა ანდრეა საბომ.

შესაძლოა, ომში ორბანის არაკონფრონტაციული პოზიცია, რამაც შესაძლოა უზრუნველყოს გაზის მიწოდება, უფრო მიესადაგება საშუალო უნგრელი ამომრჩევლის მისწრაფებებს.

6. უნგრეთის დემოკრატიის ბოლო გაბრძოლება?

„უკანასკნელ ხანებში ბევრი სისულელე მოვისმინეთ იმის თაობაზე, არის თუ არა უნგრეთში დემოკრატია,“ მოჰყავს AP-ს სახელმწიფო მდივნის, ზოლტან კოვაჩის სიტყვები. „უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში უნგრეთში დემოკრატია კი არ დასუსტდა, არამედ გაძლიერდა.“

კონსერვატიულმა კვლევითმა ცენტრმა „ფუნდამენტური უფლებების ცენტრმა“ 3 აპრილის არჩევნებს უწოდა „უნგრეთის დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კომუნიზმის შემდგომ პერიოდში.“

ორბანი უკვე 16 წელი იმყოფება ხელისუფლებაში. ბევრნი ფიქრობენ, რომ ეს სერიოზული გაფრთხილებაა.

„ეს ერთგვარი ისტორიული არჩევნებია, რომელიც აღნიშნავს არა დემოკრატიის აყვავებას, არამედ მის დასასრულს,“ ამბობს შეპელე. „როცა მთავრობა ხელისუფლება ახდენს მედიის მონოპოლიზებას, როცა მთავრობა ადგენს ყველა წესს, როცა მთავრობა თავისი ძალაუფლების ყველა ასპექტს იყენებს ამომრჩეველთა საყიდლად, როცა ეს მუშაობს, ეს არაა დემოკრატიის ტრიუმფი.“

მაკკოის თქმით, უსაზღვრო მაქინაციები, ოპოზიციისთვის მედიაზე წვდომის უქონლობა, საარჩევნო კამპანიის დაურეგულირებელი დაფინანსება და სახელმწიფო სახსრების გამოყენება ორბანის კანდიდატურის სასარგებლოდ - მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო ამ არჩევნებში.

„‘ფიდესის’ სტრუქტურულ უპირატესობებს თუ გავითვალისწინებთ, რომლებიც მან თავისთვის შეიქმნა, ამ არჩევნების მოგება თითქმის შეუძლებელი იყო ნებისმიერი ოპონენტისთვის,“ დაასკვნის ის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG