Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიის რიგებში მყოფი ჩეჩენი სამხედროები მარიუპოლის მოსახლეობას ნაძარცვ პროდუქციას ურიგებდნენ


ქალაქ მარიუპოლის ერთ-ერთი ქუჩა.
ქალაქ მარიუპოლის ერთ-ერთი ქუჩა.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ტელეგრამის არხში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და მალევე აიღეს ვიდეო, რომელზეც კადიროველები (ასე უწოდებენ რამზან კადიროვის ერთგულ ჩეჩნურ სამხედრო ფორმირებებს) მოსახლეობას ახმატ კადიროვის ფონდის სახელით ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებენ. ეს ვიდეორგოლი არხიდან მას შემდეგ გაქრა, რაც ექსპერტებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ვიდეოჩანაწერზე კადიროველები უკრაინულ პროდუქციას არიგებენ.

უფრო ზუსტად, ვიდეოზე აღბეჭდილი ჩეჩენი სამხედროები ერთ-ერთი მრავალბინიანი სახლის მახლობლად ცლიან დაჯავშნილ ავტომობილს, ამასთან ფქვილის პაკეტსა და ძეხვზე აშკარად ჩანს უკრაინული წარწერა - “Борошно” и “Лiкарська”.

როგორც სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა გამოცემა Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ხრისტო გროზევმა, ეს ვიდეო მეტყველებს იმაზე, რომ კადიროველები მარიუპოლის მოსახლეობას ნაძარცვ პროდუქტს ურიგებდნენ.

მომხდარის შესახებ ოფიციალურ გროზნოს არანაირი განმარტება არ გაუკეთებია.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა, გამოაქვეყნა რუსეთის არმიის იმ ქვედანაყოფთა ნომრები, რომლებიც ქალაქებში ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში იმყოფებოდნენ და შესაძლოა, მონაწილენი იყვნენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულში.

არესტოვიჩის მიერ გამოქვეყნებულ სიაში ნახსენებია ახმატ-ჰაჯი კადიროვის სახელობის 141-ე სპეციალიზებული მოტორიზებული პოლკიც. გარდა ამისა, მთლიანად დასახელდა 13 რუსული ქვედანაყოფი.

XS
SM
MD
LG