Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტრაბანდული ტვირთების საკითხზე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან შეხვედრა გაიმართა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია შეხვდა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ანდრიი კასიანოვს.

ოფიციალური ცნობით, „უკრაინის წარმომადგენელთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს საქართველოს სპეციალურ სამსახურებსა და რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებს შორის ფარული კავშირები არსებობს და სანქცირებული კონტრაბანდული ტვირთები საქართველოს გავლით გადაიზიდება. ცალსახად აღინიშნა, რომ ხსენებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ისევე როგორც საფრთხის შემცველია საქართველოს უსაფრთხოებისთვის. შეხვედრაზე უკრაინელ დიპლომატს გადასცეს საქართველოს შესაბამისი უწყებების - უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით. მათ შორის დიპლომატს გადაეცა ქართული მხარის მოთხოვნა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულებები გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით".

როგორც სამინისტრო აღნიშნავს, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება საქართველოს მიერ უკრაინისადმი გამოხატული მხარდაჭერისა და სოლიდარობისათვის, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების, უკრაინელ ლტოლვილთა მიღების საქმეში გაწეული წვლილისა და საქართველოს მტკიცე პოზიციისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციებისა და განცხადებების თვალსაზრისით.

ქართულმა მხარემ კი, როგორც საგარეო უწყება აღნიშნავს, კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე.

უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე დღეს, 5 აპრილს, უპასუხა უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

უკრაინის ვიცე-პრემიერისა და რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მას არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის გატარებაზე საქართველოს ტერიტორიაზე.

„საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე“, - განაცხადა ვერეშჩუკმა ტვ „ფორმულის“ ეთერში და დაამატა: „ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ?“

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უკრაინის ხელისუფლების განცხადებებს 4 აპრილს უწოდა „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება".

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

რუსეთისა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.

XS
SM
MD
LG