Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი ყაველაშვილი განმარტავს, რომ რამდენიმე დღის წინ "დაიგინა" და არ შეუგინია


მმართველი პარტიიდან საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კი არ შეუგინია, "დაიგინა". განათლებისა და სპორტის საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა - ეს განმარტება ყაველაშვილმა სწორედ ამ საკითხზე კამათს მოაყოლა.

"ის ძალა, ვის მიმართაც გამოვიყენე ეს გამონათქვამი, წინასწარ მოვიხადე ბოდიში, სხვათა შორის, ამ ძალამ წაართვა, გააუპატიურა, დახოცა, შეურაცხყო ერიც და მოქალაქეებიც. გაანადგურა ადამიანები. ეს ძალა ჩვენ გვაბრალებს და თქვენც ხართ მათ რიგებში - არაერთხელ მოგიწოდებიათ საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ ვართ რუსული ხელისუფლება, მოღალატეები, ჩვენ უნდა ჩამოგვაგდონ - ასეთი ტერმინებით საუბრობთ თქვენ და როგორ გგონიათ, ჩემი დაგინება, თან დაგინება და არა შეგინება, რომელიც პირადად მიიღეთ, ალბათ, თქვენც და მთელმა იმ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და იმ ოპოზიციამ. რატომ მიიღეთ? მე დავიგინე, ვინც რუსულ საქმეს აკეთებდა და აკეთებს - თქვენთვის ხომ ჩვენ ვაკეთებთ?!.

ძალიან კორექტული ვარ და ძალიან კარგად აღზრდილი. ძალიან დიდი მადლობა ჩემს მშობლებს", - თქვა ყაველაშვილმა.

პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თანასწორობისა და ძალადობის საკითხი განიხილებოდა. ამ სხდომაზე თაკო ჩარკვიანმა იკითხა - რა ტიპის ძალადობაში შედის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატის გინება.

"ძალადობრივი თემა როცა გადის, შეუძლებელია, მოძალადეს მიჰყავდეს სხდომა. საფუძველშივე კატასტროფაა", - თქვა ჩარკვიანმა ყაველაშვილზე.

1 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიცია გააკრიტიკა და შეიგინა.

"თან გვეუბნებით, რომ ერთად დავდგეთ და ევროკავშირში შევიდეთ, თან ასე სამარცხვინოდ იქცევით და ამუნათებთ საკუთარ ხელისუფლებას. ეს არის თქვენი საქციელი? ამაში უნდა გენდოთ? ესა ხართ? ესაა საქციელი სწორი? ეს არის მოქალაქეობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება? საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს - ჩვენ და თქვენ შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევე*ი მე", - მიმართა ოპოზიციას მიხეილ ყაველაშვილმა 1 მარტს.

ამის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა მიხეილ ყაველაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG